გადაწყვეტილება №17208/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2022
№ დოკუმენტი 17208/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17208/2/2022

11.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 19.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17208/2/2022).

 

დავის საგანი:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად და შემოწმებისას დადგენილ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად ჩათვლა;

2. ფულადი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №081-443 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15116 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 177 522 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 791

დღგ - 67 259

საშემოსავლო გადასახადი - 34 532

ჯარიმა - 50 390

საურავი - 25 341

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა სამშენებლო მასალებით (ცემენტი, ქვიშა და სხვა). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2021 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42088 ბრძანება და №081-443 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15116 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად და შემოწმებისას დადგენილ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს, მის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 307 055 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის №35754 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 20 154 ლარს (დღგ-ის გარეშე). გამოვლენილი სხვაობა შემოწმებით აღიარდა მიწოდებად შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გათვალისწინებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ (2021 წლის 1 მაისიდან) პერიოდში ინვენტარიზაციის თარიღამდე განხორციელებული შეძენა-რეალიზაციები (რპთ რეალიზაციიდან). გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, საშუალო ფასნამატი განისაზღვრა 11.7%. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით და 161-ე მუხლით და განმარტა, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის პოზიცია, რომ დანაკლისი, რომელიც არსებობდა ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში, იარსებებდა შემოწმების პერიოდშივე, რაც, ბუნებრივია, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია და სხვაობის მთელ პერიოდზე გავრცელება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების მიხედვით, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება. შესაბამისად, ინვენტარიზაცია სხვაობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ადგენს დროის კონკრეტულ მონაკვეთში და მისი განვრცობა სხვა პერიოდებზე არასწორია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში არ ჩატარებული სხვა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (დათვალიერება, ინვენტარიზაცია, ქრონომეტრაჟი, საკონტროლო შესყიდვა), რაც გამოიწვევდა საწარმოს დაჯარიმებას ან/და სხვაგვარად იმის ირიბ მტკიცებას, რომ ის ჩადიოდა სამართალდარღვევას.

გამომდინარე აქედან, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება გაეთვალისწინებინა ინვენტარიზაციის შედეგი შემოწმების აქტის მომზადებისას, რადგანაც შემოწმების პერიოდსა და ინვენტარიზაციის თარიღს შორის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო გასული და სხვაობა სავსებით შესაძლებელია წარმოშობილიყო შემოწმების პერიოდის (1.05.2021) შემდეგ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 307 055 ლარის ოდენობით, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენდა 20 154 ლარს (დღგ-ის გარეშე). გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მიწოდებად შესამოწმებელ პერიოდში, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და შემოწმების შედეგად დადგენილ ნაშთებს შორის გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართებულია აღნიშნულ ნაშთებს შორის სხვაობის მიწოდებად ჩათვლა, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფულადი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელი არ ახდენდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, მიღებული ფულადი შემოსავლი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად და დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსახილველ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისეა მიღებული, რომ საქმის სრულყოფილი გამოკვლევა არ მომხდარა, მაგალითად: შემოწმების დაწყებისთანავე ჰქონდა კომუნიკაცია შემმოწმებლებთან. მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდა ახსნა-განმარტებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 5.07.2021 წლის თარიღში მიწოდებულ ახსნა-განმარტებაში ნახსენებია სალაროს ნაშთი 94 500 ლარი. 2021 წლის 16 ნოემბერის №35754 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რა დროსაც მისი მოთხოვნა რომ შემოწმებულიყო სალაროს ნაშთი, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ინვენტარიზაციის ბრძანება არ ითვალისწინებდა სალაროში ფულის ნაშთის აღრიცხვას და არ განხორციელდა ფულის დათვლა.

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, საჭიროება შეიქმნა 2 სპეცტექნიკის შეძენის. გამომდინარე აქედან, კომპანიამ მოახდინა უცხოური ვალუტის შეძენა 26.06.2021-ში 29500 აშშ დოლარი, რაშიც გადაიხადა 92925 ლარი. ასევე, კომპანიას სალაროში უფიქსირდება 4 615 ლარი. აღნიშნული სალაროს ნაშთი შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული საგადასახადო აქტის შედგენისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად და დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანს შემოწმების მიმდინარეობისას ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება არ წარუდგენია, ხოლო 29 500 აშშ დოლარად სპეცტექნიკის შეძენა არ განხორციელებულა, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მომჩივანმა ვერ შეძლო აღნიშნულის გამაბათილებელი არგუმენტის დასახელება ან მტკიცებულების წარმოდგენა.

მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისას დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საბჭოს მიაჩნია, რომ აღიშნული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.