ბრძანება N 25973

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 25973
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25973

11 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --------ის (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------------------)

2026 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ --------ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 13 ოქტომბრის №28285/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 სექტემბრის №125-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

შემოწმების მიერ სიგარეტზე გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 ივლისის N15801 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 სექტემბრის №20603 ბრძანება და ამავე თარიღის №125-23 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 151 044 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი 87 191

დღგ 36 838

საშემოსავლო 50 353

ჯარიმა 37 828

საურავი 26 025

 

სადავო საკითხი

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

ი/მ ------ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 29 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2015 წლის 29 ივლისს. მის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმისა და სხვა სასურსათო პროდუქციის რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ფართები ქ. ----- და ქ. ---, სადაც ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას.

შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამა არ წარმოუდგენია; მან წარადგინა ახსნა-განმარტება და დააფიქსირა სარეალიზაციო პროდუქციის საბოლოო ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით (სსკ) დადგენილი წესით არ უწარმოებია, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ, სსკის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ: გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სმფ) დაყოფილ იქნა კატეგორიებად სახეობების მიხედვით. საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შეძენილი სმფ-ის ღირებულებების შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასების მიხედვით დადგენილი ფასნამატი (საშუალოდ 12%). აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

შედეგად, სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლების ერთობლივი შემოსავალი. ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლებში ი/მ -----ის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება. დადგენილი მონაცემები შედარდა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, გამოქვითულ სმფ-ის თანხებს. დადგინდა, რომ 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გამოქვითულია პირველადი დოკუმენტაციით შეძენილზე მეტი თანხები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო დეკლარაციები, რის შედეგადაც 2024 და 2025 წლებში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი ჯამში 335 145 ლარით შემცირდა. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მისი ეკონომიკური საქმიანობის არსებითი ნაწილია თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის სიგარეტის, საბითუმო რეალიზაცია. ამიტომ მისი საქონლის რეალიზაციის ეკონომიკური მოდელი განსხვავდება საბოლოო მომხმარებელზე საცალო რეალიზაციის მოდელისგან.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა მის მიმართ ჩაატარა საკონტროლო შესყიდვები სიგარეტის სხვადასხვა პოზიციაზე 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ივლისამდე პერიოდში. ფასთა სხვაობა საკონტროლო შესყიდვებზე მერყეობს დაახლოებით 3.52%-დან 7.33%-მდე, ზედა და ქვედა მაჩვენებელი ერთმანეთისგან ორჯერ განსხვავდება. ამდენად სხვაობა წარმოადგენს საცალო ერთეულზე დაფიქსირებულ სხვაობას და არა ავტომატურად საბითუმო რეალიზაციის ფასნამატს. საკონტროლო შესყიდვით ჩანს ერთადერთ ბლოკზე შესყიდვა (--- 11.09.2025), რაც აჩვენებს ყველაზე დაბალ სხვაობას, 3.52%-ს, მაშინ როცა იმავე ბრენდის ერთ კოლოფზე 21.01.2026 ჩატარებულ შესყიდვაზე სხვაობა 6.72%-ია. ეს აჩვენებს, რომ რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასნამატი მცირდება, საბითუმო რეალიზაცია კი, როგორც წესი, უფრო დიდი პარტიებით ხორციელდება. საკონტროლო შესყიდვის ერთეულ საცალო ფასსა და შესყიდვის ფასს შორის სხვაობა ხშირ შემთხვევაში აღემატება 2.5%-ს. თუმცა სწორედ ეს გარემოება ვერ ამტკიცებს, რომ საბითუმო რეალიზაციის ფასნამატიც იგივე უნდა ყოფილიყო.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სიგარეტზე გავრცელებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა კონკრეტული სიგარეტების რეალური საბითუმო ფასებისა და გარიგებების დამადასტურებელი მონაცემები. დარიცხვის სადავო ნაწილი ეფუძნება ფასნამატის ერთ კოეფიციენტს (დაახლოებით 5.70%). ამ მეთოდის ძირითადი ხარვეზებია: შეუდარებელი ოპერაციები; არარეპრეზენტატული შერჩევა; სხვადასხვა ბრენდი, სეგმენტი და დრო; რაოდენობის გავლენის უგულებელყოფა, კოეფიციენტის დამთხვევა საცალო დიაპაზონთან; რეალური დოკუმენტური მონაცემების უგულებელყოფა; გაშიფვრის არარსებობა; შედეგის მგრძნობელობა.

ამასთან გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვის ობიექტი იყო საცალო ერთეული ან ბლოკი, ხოლო მისი საქმიანობის სადავო ნაწილია საბითუმო რეალიზაცია. საცალო ფასი საბოლოო მომხმარებლის ფასია და მოიცავს სავაჭრო ფასნამატს; საბითუმო გარიგების ფასი ეკონომიკურად სხვა კატეგორიაა. საკონტროლო შესყიდვები ცალკეული, ერთჯერადი ოპერაციებია. მათი სხვაობა 3.52%-დან 7.33%-მდე მერყეობს. ასეთი გაფანტული მონაცემიდან ერთი კოეფიციენტის გამოყვანა და მისი გავრცელება მთელ საანგარიშო პერიოდზე ითხოვს დასაბუთებას, თუ რატომ არის ეს კოეფიციენტი ტიპიური მისი რეალური გარიგებებისთვის. შესყიდვები სხვადასხვა ბრენდზე (---, ----, ----, ---) და სხვადასხვა თარიღზეა ჩატარებული, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ივლისამდე. ერთნაირი ფასნამატის დაშვება ყველა პროდუქტზე და ყველა პერიოდზე არ ემყარება მონაცემს. ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საბითუმო ფასნამატი განისაზღვრა საცალო მონაცემით, რასაც გასაჩივრებული ბრძანება ვერ აქარწყლებს. გადამხდელი მიუთითებს, რომ საბითუმო ფასნამატის დასადგენად უპირატესად უწდა შემოწმდეს კონკრეტული ბრენდისა და პარტიის შესყიდვის ფასი, საბითუმო გაყიდვის დოკუმენტი, რაოდენობა, მყიდველის სტატუსი/დანიშნულება და რეალიზაციის თარიღი. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის მის მიერ მიწოდებული იქნა მონაცემები კონკრეტული სიგარეტების რეალური ფასების შესახებ, თუმცა აღნიშნული მონაცემების განხილვა არ მომხდარა.

საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს ან შემცირდეს დამატებით დარიცხული გადასახადი და შესაბამისი 37 828 ლარის ჯარიმა და მასზე დარიცხული საურავი.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად: ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდზე გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამა არ წარმოუდგენია; მან წარადგინა ახსნა-განმარტება და დააფიქსირა სარეალიზაციო პროდუქციის საბოლოო ნაშთი. გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სმფ) დაყოფილ იქნა კატეგორიებად სახეობების მიხედვით. საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შეძენილი სმფ-ის ღირებულებების შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასების მიხედვით დადგენილი ფასნამატი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლების ერთობლივი შემოსავალი. ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლებში ი/მ ----ის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. დადგენილი მონაცემები შედარდა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, გამოქვითულ სმფ-ის თანხებს. დადგინდა, რომ 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გამოქვითულია პირველადი დოკუმენტაციით შეძენილზე მეტი თანხები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო დეკლარაციები, რის შედეგადაც 2024 და 2025 წლებში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი შემცირდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ --------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმების მიერ სიგარეტზე გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N15801 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №20603 ბრძანება და №125-23 საგადასახადო მოთხოვნა.

შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამა არ წარმოუდგენია; მან წარადგინა ახსნა-განმარტება და დააფიქსირა სარეალიზაციო პროდუქციის საბოლოო ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით (სსკ) დადგენილი წესით არ უწარმოებია, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ, სსკის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შედეგად, სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლების ერთობლივი შემოსავალი. ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა 2023, 2024 და 2025 წლებში მომჩივანის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება. დადგენილი მონაცემები შედარდა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, გამოქვითულ სმფ-ის თანხებს. დადგინდა, რომ 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში გამოქვითულია პირველადი დოკუმენტაციით შეძენილზე მეტი თანხები.შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო დეკლარაციები, რის შედეგადაც 2024 და 2025 წლებში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი ჯამში 335 145 ლარით შემცირდა. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);