ბრძანება N 5077
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5077
20 მარტი 2025
ბრძანება
ი/მ"--------"-ის (ს/ნ "---------")
(მის.: "---------")
2025 წლის 3 და 27 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 და 27 თებერვლის სხდომებზე (ოქმი: №15 და №17) განიხილა ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------") №14730/21 და №94376/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №053-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე გაანგარიშდა შემოსავლები, მათ შორის მოსავლიანობა, გამოყენებული მიწის ფართობი, საქონლის სარეალიზაციო ფასი. ამასთან, შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ნაწარმოები აქვს აღრიცხვა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წარდგენილი აქვს შემოწმების დროს, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შემოწმების პროცესში ასევე არ გაითვალისწინეს ის ფაქტები, რომ კახეთის რეგიონში გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე, რომლის თანახმად, სიმინდის მოსავლიანობა კახეთის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.7 ტონას, 2021 წელს 3.9 ტონას, 2022 წელს 3.2 ტონას, ხოლო 2022 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.1 ტონას, 2021 წელს 3.0 ტონას, 2022 წელს 2.1 ტონას. გადამხდელი მიუთითებს, საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ ფორმებზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას "--------'- ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N58174/09/23 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ერთი კილოგრამი სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2023 წელს 2 მარტს, შესაბამისად, დანაკლისის თანხა ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, შედეგად, შემოწმებით განსაზღვრული 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას. მომჩივანი მიუთითებს, რომ ინვენტარიზაცია დაიწყო 2022 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდა 2023 წლის 2 მარტს, ინვენტარიზაციით გამოყვანილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთმა შეადგინა 348 737.19 ლარი, საიდანაც ინვენტარიზაციამ დათვალა ფაქტობრივი ნაშთი 173 218,9 ლარი, ხოლო დანაკლისი გამოიყვანა თვითღირებულებით 175 518,29 ლარი. რადგან ინვენტარიზაციის დაწყების 2022 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ არ იყო დათესვის სეზონი და დანაკლისის ოქმი შედგა 2023 წლის 2 მარტს. აღნიშნული თანხა სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების თვითღირებულებაში. ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ გაურკვეველია აღნიშნულ ნაწილში დასკვნის მიხედვით დარიცხული დღგ-ს თანხა, რომლის მიხედვითაც ხდება დარიცხული გადასახადის დამძიმება.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას, პირველი და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8694 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "--------"ის (ს/ნ "---------") 2024 წლის 26 იანვრის, 28 თებერვლისა და 25 მარტის საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ"--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდიული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ი/მ"--------"-ის (ს/ნ "--------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8694 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 95 752 ლარით, მათ შორის გადასახადი 64 869 ლარით, ხოლო ჯარიმა 30 883 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 დეკემბრის №053-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებიდან, კერძოდ, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: "--------"-ის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის (1 ჰექტარ მიწაზე მოყვანილი ტონა სიმინდი) შესახებ 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციებით დგინდება, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში ("--------"-ის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი დეპარტამენტი (ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო)/საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი) არ ინახება. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისათვის. შედეგად, შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ს ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ს შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო (გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები არ ჩამოსცდა 100 000 ლარიან ზღვარს ) ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ კახეთის რეგიონში გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით. გადამხდელის განმარტებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა კახეთის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.7 ტონას, 2021 წელს 3.9 ტონას, 2022 წელს 3.2 ტონას, ხოლო 2022 წლის წინასწარი მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.1 ტონას, 2021 წელს 3.0 ტონას, 2022 წელს 2.1 ტონას.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტებში, კერძოდ, "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ ფორმებში, მოცემულია ინფორმაცია ი/მ "--------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ, ხოლო, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N58174/09/23 დასკვნის მიხედვით ერთი კილოგრამი სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხი წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8694 ბრძანების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე, სმფ-ს ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ს შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ჯამურად ზემოაღნიშნული საკითხის მიხედვით შემცირებულია 44 462 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 709 ლარი, ხოლო ჯარიმა 16 753 ლარი.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება მე-2 სადავო საკითხის ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი მიიჩნევს, რომ გაურკვეველია დასკვნის მიხედვით დარიცხული დღგ-ს თანხა, რომლის მიხედვითაც ხდება დარიცხული გადასახადის დამძიმება.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას, პირველი და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის მიერ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისათვის. შედეგად, შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ს ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ს შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხი წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება მე-2 სადავო საკითხის ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივანის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის კორექტირება .
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),79,100,102,105,201,202,304(21).