გადაწყვეტილება №21442/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21442/2/2023
21 თებერვალი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" -ის 28.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21442/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის (ოქრო) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №EL229658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №69401094213 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის №28428 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 8 700 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2.11.2023 წელს რეისით "------" ჩამოფრინდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. მოხდა მისი შეჩერება და გამოკითხვა, რა დროსაც დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ოქროს ნაკეთობები, "-------" -მა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ნივთები რაც სხეულზე ეკეთა.
"-------" -ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 92,1 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ოქროს: საყურე 2 ცალი, ბეჭედი 3 ცალი, გულსაბნევი 3 ცალი, სამაჯური 2 ცალი, პერანგის სამაგრი 2 ცალი, საათის ფრაგმენტები 2 ცალი, გულსაკიდი 1 ცალი).
საბაჟო გამშვები პუნქტი „------"-ის აეროპორტები და "------"-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 2.11.2023 წლის №----- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8 700 ლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც 2.11.2023 წლის №EL229658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 8 700 ლარის ოდენობით.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401094213 ოქმი. არადეკლარირებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ ადმინისტრაციულ შენობაში.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.11.2023 წლის №28428 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გამოკითხვა მიმდინარეობდა მომჩივნისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. დასმულ კითხვებს მომჩივანი ადეკვატურად და გააზრებულად პასუხობდა, რა დროსაც უარყო მის მიერ ოქროს ნივთების გადაადგილების ფაქტი.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს მოეხსნას სრულად 8 700 ლარის ოდენობის ჯარიმა, რომელიც დააკისრეს. იყო მისი და მისი შვილის კუთვნილი ოქრო.
გაიარა რეგისტრაცია გასასვლელ კარში გააჩერეს, ჰკითხეს მისთვის გაუგებარი სიტყვით (დეკლარირებული) თუ ჰქონდა რაიმე ახალი ნივთი (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი) რაზეც უარი უთხრა. თურმე ოქროც შედიოდა და ამ სიტყვაში და არ იცოდა. ეგონა მხოლოდ ახალ ნაყიდ ნივთებს შეეხებოდა. საუბრის დროს ძალიან ხმადაბლა ელაპარაკებოდა, ყურიც კი მიუტანა პირთან. ჰკითხეს ოქროზეც და უთხრა ის და რაც ზედ ეკეთა.
იყო ნახევრად მძინარ მდგომარეობაში, ფაქტიურად გათიშული დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული. დაეღუპა ძმიშვილი. შემდეგ შეამოწმეს ჩანთა და ჩამოართვეს ოქრო. უთხრეს, რომ ჯარიმა უნდა დაეწერათ, რასაც ვერ მიხვდა მის ოქროში ფული რატომ უნდა გადაეხადა. ჰკითხეს თუ რატომ დადიოდა ასე ხშირად. მომჩივანს თავისი ტკივილი აქვს და აუცილებლობის გამო მოუწია წასვლაწამოსვლა.
ავარიაში დაეღუპა 25 წლის ძმიშვილი, შემდეგ მამამისს მოუვიდა ინსულტი. ჩამოართვეს ოქრო და დააკისრეს 8 700 ლარის ოდენობით ოდენობის ჯარიმა. უთხრეს რომ შეეძლო გაესაჩივრებინა. ეს ოქრო არის მისი და მისი შვილების კუთვნილი. 20 წელია არის საბერძნეთში, დაქორწილებული არის ბერძენზე ასევე მისმა შვილმა იქორწინა საბერძნეთში. ეს ოქრო არის მისი და მისი შვილების ქორწილის საჩუქარი. არ ეთანხმება, რომ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გამოჰქონდა ოქრო. ამ შემთხვევაში ჩანთაში რატომ ჩაიდებდა არანაირი განზრახვა არ ჰქონია ოქრო შემოეპარებინა. ადასტურებს რომ ქართულ ენაზე ესაუბრებოდა. სიტყვა არ ჩაუწერია სწორად, უნდა დაეწერა მისთვის გაუგებარი სიტყვა უთხრა და არა ენაზე უთხრა. (დეკლარირებული) არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. იფიქრა რადგან უთხრეს ახალი ნაყიდი ნივთები თუ ჰქონდა ამაზე უთხრა უარი. არ იცოდე ოქროც თუ შედიოდა ამ სიტყვაში.
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი გულისტკივილი მისი ძმიშვილი დაღუპვასთან დაკავშირებით და მოეხსნას 8 700 ლარის ოდენობით ჯარიმა.
მიღებული ჰქონდა დამამშვიდებელი იმის გამო, რომ დაეღუპა ძმიშვილი და აქვს ძალიან დიდი ტკივილი, ასევე მამამისს მოუვიდა ინსულტი.
მიუთითებს, რომ ასაჩივრებს 2.11.2023 წლის №EL229658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, №69401094213 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის №28428 ბრძანებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მომჩივანი არ ეთანხმება, რომ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გამოჰქონდა ოქრო. ამ შემთხვევაში ჩანთაში რატომ ჩაიდებდა არანაირი განზრახვა არ ჰქონია ოქრო შემოეპარებინა. ადასტურებს, საუბარი შედგა ქართულ ენაზე, თუმცა მისთვის შინაარსი იყო გაუგებარი. სიტყვა ჩაუწერა არასწორად (სიტყვა-დეკლარირებული, არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა). საჩივარში უნდა აღენიშნა, რომ მისთვის გაუგებარი შინაარსით უთხრეს და არა მისთვის გაუგებარ ენაზე. იფიქრა რადგან უთხრეს ახალი ნაყიდი ნივთები თუ ჰქონდა ამაზე უთხრა უარი. არ იცოდე ოქროც თუ შედიოდა ამ სიტყვაში.
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი გულისტკივილი მისი ძმისშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და მოეხსნას 8 700 ლარის ოდენობით ჯარიმა.
საქმეზე წარმდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოხდა მომჩივნის შეჩერება და გამოკითხვა, რა დროსაც დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ოქროს ნაკეთობები, "-------" -მა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ნივთები რაც სხეულზე ეკეთა.
მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 92,1 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ოქროს: საყურე 2 ცალი, ბეჭედი 3 ცალი, გულსაბნევი 3 ცალი, სამაჯური 2 ცალი, პერანგის სამაგრი 2 ცალი, საათის ფრაგმენტები 2 ცალი, გულსაკიდი 1 ცალი).
საბაჟო გამშვები პუნქტი „-----"-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 2.11.2023 წლის №------ ექსპერტის დასკვნის თანახმად, ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8 700 ლარი.
საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერით ირკვევა, რომ მომჩივანი დასმულ კითხვებს პასუხობდას ადეკვატურად და გააზრებულად, რა დროსაც უარყო მის მიერ ოქროს ნივთების გადაადგილების ფაქტი.
ვინაიდან მომჩივანმა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ნივთები, რაც სხეულზე ეკეთა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ მის ხელბარგში აღმოჩენილი იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება 2.11.2023 წლის №69401094213 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმს, საბაჟო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არადეკლარირებულ საქონელი ჩამორთმეულია სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სრულად მოეხსნას ჯარიმა.მიუთითებს,რომ ასაჩივრებს 2.11.2023 წლის №EL229658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, №69401094213 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის №28428 ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. მოხდა მისი შეჩერება და გამოკითხვა, რა დროსაც დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ოქროს ნაკეთობები,მომჩივანმა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ნივთები რაც სხეულზე ეკეთა.დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 92,1 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8 700 ლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
არადეკლარირებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73,163(11),168.