ბრძანება N 30622

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 30622
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30622

06 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ „-------“) №84644/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-258 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ არარეალურია აუდიტორის შეფასება, რომლის თანახმადაც, კომპანიას არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ჰყავს დებიტორ/კრედიტორები და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია სალაროს ნაშთის სრულად განსაზღვრა. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთების შემოწმებით დადგენილ ოდენობას. აცხადებს, რომ სალაროს მოძრაობასთან დაკავშირებით საჩივრის დანართად წარმოდგენილია სალაროს ბუღალტრული ბარათი, რომელშიც სრულად არის აღწერილი სალაროს მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ მოხდა ბუღალტრული ბაზის მოწესრიგება და უკვე შესაძლებელია სალაროს ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრა. შემოწმების პროცესში შემმოწმებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად გაცნობოდა კომპანიის საბუღალტრო/საფინანსო დოკუმენტაციას, მათ შორის, ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ გადახდებს. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას აქვს ნაღდი ფულით განხორციელებული შესყიდვები, რომელიც არც ჩანს არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, არც საბანკო ამონაწერებში, შესაბამისად, მონაწილეობა არ აქვს მიღებული შემმოწმებლის მიერ სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

06 დეკემბერი 2023 N 30622 საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7120 და 29 სექტემბრის №23967 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ოქტომბრის №24442 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 171 347 ლარი, მათ შორის გადასახადი 112 993 ლარი, ჯარიმა 56 357 ლარი და საურავი 1 997 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------“ რეგისტრირებულია 2019 წლის 8 იანვრიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგის გადამხდელადაც. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით (უმეტესად კარაქით), გაყინული ხორცითა და თევზით საბითუმო ვაჭრობა. კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 3 აპრილს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. შპს „------“-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 3 აპრილს ჩატარებული სალაროს ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის საფუძველზე ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. შპს „-------“-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ გაანგარიშება, სადაც შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დასაწყიში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 119 919 ლარს. აღნიშნული ნაშთი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული მონაცემისგან (118 964 ლარი). კომპანია რეგისტრირებულია 2019 წელს. საგადასახადო შემოწმების პროცესში გაკეთდა 2019 წლის ანალიზიც. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით (საწყისი ნაშთი არ ჰქონდა) სალაროს ნაშთი უნდა ყოფილიყო 149 744 ლარი, თუმცა შემოწმებამ არ შეცვალა საწყისი ნაშთი და დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სალაროს მოძრაობას და ფინანსურ ანგარიშგებას. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ ახალი აღრიცხვით სალაროს საწყისი ნაშთია 62 325 ლარი, რაც გამოწვეული უნდა იყოს ისეთი ხარჯებით, რომელიც არ ჩანს არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და არც საბანკო ამონაწერებში. თუმცა, ასეთი ტიპის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არც შემოწმების პროცესში და არც გასაჩივრების ეტაპზე. ასეთი ტიპის ხარჯები გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდშიც, რასაც ადასტურებს საჩივრის დანართად წარმოდგენილი სალაროს მოძრაობის ბარათიც.

დებიტორ/კრედიტორების არსებობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე გაეგზავნა წერილი, სადაც შემოწმება ითხოვდა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების გამო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების და დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას. გადამხდელმა წერილობითი განმარტება აღნიშნულის თაობაზე არ წარმოადგინა, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციისას დაადასტურა, რომ არც სმფ-ის ნაშთი და არც დებიტორ/კრედიტორები არ გააჩნდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი,რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.შესაბამისად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან,გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154.