გადაწყვეტილება №19857/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19857/2/2023
21 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19857/2/2023).
დავის საგანი:
კომპანიის მიერ რეალიზებული „აკუმულატორის ჯართის“ განხილვა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვად და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2021 წლის №045-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10732 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 599 136 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 307 084
დღგ - 14 906
საშემოსავლო გადასახადი - 292 178
ჯარიმა - 150 330
საურავი - 141 722
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 17.04.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმო ძირითადად საქმიანობდა 2018 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც უფიქსირდებოდა როგორც შავი, ასევე, ფერადი ლითონების ნარჩენების რეალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული ჰქონდა აკუმულატორების ჯართი, რომელსაც განიხილავდა, როგორც ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანების საფუძველზე ჩაითვალა, რომ დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხებოდა მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნებოდა არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ რეალიზებული აკუმულატორის ჯართი, ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმო ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად 17.09.2018 წელს და აღნიშნული თარიღის შემდგომ განხორციელებული ოპერაციები დაებეგრა დღგ-ით. შედეგად გაიზარდა 2018 წლის შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2021 წლის №17927 ბრძანება და 8.06.2021 წლის №045-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10732 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10732 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. გარდა აღნიშნულისა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს აკუმულატორების ჯართი და არა მეორადი აკუმულატორები, როგორც ეს შემოწმების აქტშია მითითებული. აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებით, სადაც ყველა შემთხვევაში საქონლის დასახელებაში მითითებულია „აკუმულატორის ჯართი“ და არა მეორადი აკუმულატორი. ასევე, იმავე სასაქონლო ზედნადებებში რაოდენობის განზომილებაში მითითებულია „ტონა“ და არა „ცალი“, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მითითებული მეორადი აკუმულატორების რეალიზაციის შემთხვევაში. ავტომობილების აკუმულატორების შემადგენლობაში შედის ტყვია, რომლის ჯართის სახით საცალო შესყიდვას და შემდგომ საბითუმო რეალიზაციას ახდენდა კომპანია. ტყვიის ჯართი კი თავისი შინაარსით და სასაქონლო კოდით შედის შავი და ფერადი ლითონების კატეგორიაში.
გამომდინარე აქედან, აკუმულატორების ჯართის (რეალურად კი ტყვიის ჯართის) რეალიზაციის მიჩნევა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არასამართლიანი და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, არასწორია შემოწმებით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავები. ასევე, უკანონოდ მოხდა აკუმულატორების ჯართის რეალიზაციებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის საგადასახადო კოდექსის მიხედვით ჯარიმების გავრცელება.
მომჩივანი წარმოადგენს ცნობას, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) შპს „----------“-სგან საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ შეუსყიდია მეორადი აკუმულატორები.
მიაჩნია რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ითხოვს ზემოთ დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების საფუძველზე ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ XV კარში (მათ შორის 72-ე ჯგუფი - შავი ლითონები) წარმოდგენილია - არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი. ხოლო მეორადი აკუმულატორი წარმოდგენილია XVI კარის (მანქანები, მოწყობილობები და მექანიზმები; ელექტროტექნიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა; სატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის ჩამწერი და აღმწარმოებელი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები) 85-ე ჯგუფში - ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა, სატელევიზიო გამოსახულებისა და ბგერის ჩამწერი და აღმწარმოებელი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საჩივარში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს აკუმულატორების ჯართი და არა მეორადი აკუმულატორები, როგორც ეს შემოწმების აქტშია მითითებული. აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებით. ავტომობილების აკუმულატორების შემადგენლობაში შედის ტყვია, რომლის ჯართის სახით საცალო შესყიდვას და შემდგომ საბითუმო რეალიზაციას ახდენდა კომპანია. ტყვიის ჯართი კი თავისი შინაარსით და სასაქონლო კოდით შედის შავი და ფერადი ლითონების კატეგორიაში.
საჩივარს ახლავს შპს „----------“ მიერ გაცემული ცნობა, რომ 2018 წლის მაისიოქტომბრის თვეებში შპს „----------“ შესყიდული აქვს 4,80 ტონა ტყვიის ჯართი და 69,79 ტონა აკუმულატორის ჯართი, რომელიც რეალურად ასევე წარმოადგენს ტყვიის ჯართს (გასასუფთავებელი მასალა). ასვე ადასტურებს რომ შპს „----------“ არცერთ ეტაპზე არ შეუსყიდია მეორადი აკუმულატორები.
საგადასახადო ორგანოს პოზიციით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანების შესაბამისად ჩაითვალა, რომ დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხებოდა მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნებოდა არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს.
საბჭო იზიარებს მოპასუხე ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული „აკუმულატორის ჯართის“ (მეორადი აკუმულატორების) განხილვა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვად და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა მართებულია. ამგვარად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის მიერ რეალიზებული „აკუმულატორის ჯართის“ განხილვა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვად და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითადად საქმიანობდა 2018 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც უფიქსირდებოდა როგორც შავი, ასევე, ფერადი ლითონების ნარჩენების რეალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული ჰქონდა აკუმულატორების ჯართი, რომელსაც განიხილავდა, როგორც ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვას.
მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს აკუმულატორების ჯართი და არა მეორადი აკუმულატორები, როგორც ეს შემოწმების აქტშია მითითებული. აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებით. ავტომობილების აკუმულატორების შემადგენლობაში შედის ტყვია, რომლის ჯართის სახით საცალო შესყიდვას და შემდგომ საბითუმო რეალიზაციას ახდენდა კომპანია. ტყვიის ჯართი კი თავისი შინაარსით და სასაქონლო კოდით შედის შავი და ფერადი ლითონების კატეგორიაში. საჩივარს ახლავს კომპანიის მიერ გაცემული ცნობა, რომ 2018 წლის მაისი ოქტომბრის თვეებში მომჩივანისგან შესყიდული აქვს 4,80 ტონა ტყვიის ჯართი და 69,79 ტონა აკუმულატორის ჯართი, რომელიც რეალურად ასევე წარმოადგენს ტყვიის ჯართს (გასასუფთავებელი მასალა). ასვე ადასტურებს რომ მომჩივანისგან არცერთ ეტაპზე არ შეუსყიდია მეორადი აკუმულატორები.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს მოპასუხე ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული „აკუმულატორის ჯართის“ (მეორადი აკუმულატორების) განხილვა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვად და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა მართებულია. ამგვარად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 282(1);
(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“); 168(4„წ“)