გადაწყვეტილება №22830/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22830/2/2024
31 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 10.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22830/2/2024).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 24.01.2024 წლის №EL239427 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5167 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 265.44 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
18.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით საქართველოში შემოვიდა №---------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა შპს „----------“ კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა - 13 283 კგ). აღნიშნული საქონლის ნაწილი - 11 437.24 კგ სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, წინასწარ იყო დეკლარირებული თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით.
სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“.
23.01.2024 წელს მომჩივნის №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ №---------- სატვირთო ავტომობილი, სადაც განთავსებული იყო №---------- აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში (----------), სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა მომჩივნის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 24.01.2024 წლის №EL239427 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 265.44 ლარის ოდენობით.
ამასთან, გამოიცა 24.01.2024 წლის №EL11116/2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების სახით დაერიცხა 3 265.44 ლარი (იმპორტის გადასახადი 1 218 ლარი; დღგ 2 047.44 ლარი) და საურავი 3.26 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2024 წლის №5167 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №---------- წერილით, საბჭოში კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 მარტის №49475/21-10-22 საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე და სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
---------- გამშვებ პუნქტზე შემოსული, წინასწარ დეკლარირებული საქონელი, მოხვდა მწვანე დერეფანში, რის შემდეგაც ავტომობილი გამოცხადდა კომპანიის საწყობში. ავტომანქანის დაცლის პროცესში აღმოჩნდა, რომ საქონლის გამომგზავნ კომპანიას წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, მანქანა დაუტვირთავს სხვა პროდუქციითაც, რომელზეც ცალკე ინვოისი იყო გამოწერილი. კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ 4 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, არ ჰქონია მსგავსი სამართალდარღვევა და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოში შემოტანილ, წინასწარ დეკლარირებული საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო სხვა, დაუდეკლარირებელი საქონელიც, რაზეც მომჩივანმა აცნობა საბაჟო ორგანოს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №---------- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ისა, გამოცხადდა ---------- (----------) მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „----------“ საწყობში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა შპს „----------“ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ამავე წერილიდან დგინდება, რომ მომჩივანმა 5.04.2024 წელს №---------- განცხადებით წარმოადგინა ექსპორტიორი კომპანია – „----------“-ის წერილი (№----------.), რომლის მიხედვით №---------- ინვოისით შეძენილი საქონელი მომჩივანს გაეგზავნა დაგეგმილზე ადრე ისე, რომ არ მომხდარა მითითებული კომპანიის გაფრთხილება და აღნიშნულის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ საქონლის მიღების შემდეგ.
მომჩივანი განმარტავს, რომ ---------- საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოვიდა მათ მიერ წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც მოხვდა მწვანე დერეფანში, რის შემდეგაც ავტომობილი გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში და იმავე ღამეს მოხდა მისი დაცლა. დაცლის პროცესში აღმოჩნდა, რომ საქონლის გამომგზავნ კომპანიას წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, მანქანა დამატებით დაუტვირთავს სხვა პროდუქციით, რომელზეც ცალკე ინვოისი იყო გამოწერილი, კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, შესაბამისად საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით ჯარიმის დაკისრება მართებულია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 24.01.2024 წლის №EL239427 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ საქართველოში შემოტანილ, წინასწარ დეკლარირებული საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო სხვა, დაუდეკლარირებელი საქონელიც, რაზეც მომჩივანმა აცნობა საბაჟო ორგანოს. სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 10.04.2024 წლის წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი: სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა, გამოცხადდა მომჩივანის საწყობში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა მომჩივანის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამავე წერილიდან დგინდება, რომ მომჩივანმა 5.04.2024 წელს განცხადებით წარმოადგინა ექსპორტიორი კომპანიის წერილი, რომლის მიხედვით ინვოისით შეძენილი საქონელი მომჩივანს გაეგზავნა დაგეგმილზე ადრე ისე, რომ არ მომხდარა მითითებული კომპანიის გაფრთხილება და აღნიშნულის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ საქონლის მიღების შემდეგ. მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოვიდა მათ მიერ წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც მოხვდა მწვანე დერეფანში, რის შემდეგაც ავტომობილი გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში და იმავე ღამეს მოხდა მისი დაცლა. დაცლის პროცესში აღმოჩნდა, რომ საქონლის გამომგზავნ კომპანიას წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, მანქანა დამატებით დაუტვირთავს სხვა პროდუქციით, რომელზეც ცალკე ინვოისი იყო გამოწერილი, კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 172.