გადაწყვეტილება №21559/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 21559/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21559/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 11.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21559/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის N 20294 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.07.2021 წლის განჩინებით, ძალაში შევიდა ----------- სასამართლოს 17.06.2021 წლის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და იმ „----------“ (ს/ნ ----------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნა ---------- (პ/ნ ----------) მიღებული გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2010 წლის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანებით, იმ ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ---------- (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ N ---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებას.

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 26.07.2023 წელს შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2023/022-813/1 აქტი. 27.07.2023 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა ---------- საჩივარი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20294 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ---------- სააპელაციო სასამართლოს 30.07.2021 წლის განჩინებით ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) და ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი ---------- რაიონული სასამართლოს 17.06.2021 წლის ბრძანებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ---------- რაიონული სასამართლოს 17.07.2021 წლის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) მიღებული გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში. ამასთან, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 4.08.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის № 022-813 ბრძანების შესაბამისად: 1. ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედოს მისი ცრუმაგიერი პირის, ---------- (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ----------. აღნიშნული ბრძანებს გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანება. ---------- საგადასახადო დავალიანება კი წარმოშობილია 2015 წელს.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად: გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. შესაბამისად ვინაიდან ყადაღის ბრძანება გამოცემულია 2023 წელს, ხოლო მისი გამოცემის უფლება შემოსავლების სამსახურს აქვს მოპოვებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.06.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არის ხანდაზმული და ექვემდებარება გაუქმებას. რაც შეეხება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადების გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 5.04.2023 წლიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალ ურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

---------- რაიონული სასამართლოს 17.06.2021 წლის ბრძანებით, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნა ---------- (პ/ნ ----------) მიღებული გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში.

---------- სააპელაციო სასამართლოს 30.07.2021 წლის განჩინებით ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.07.2021 წლის ბრძანებასთან დაკავშირებით, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანებით, იმ „----------“-ს (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ „----------“-ს (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას.

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 26.07.2023 წელს შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2023/022-813/1 აქტი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ---------- ცრუმაგიერ პირად ---------- ცნობის თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო 17.16.2021 წელს, აღნიშნულის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 24.07.2023 წლის №022-813 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული იყო ხანდაზმულობის წესების დარღვევით, რასაც შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება იმ მოტივით, რომ საგადასახადო კოდექსის მე4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდებოდა. მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია ძალაში შევიდა 5.04.2023 წლიდან და მისი მოქმედებას არ უნდა მინიჭებოდა უკუქცევითი ძალა და როგორც პირის მდგომარეობის დამამძიმებელი ნორმა არ უნდა გავრცელებულიყო 17.06.2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საბჭო არ იზიარებს მომჩივნის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.04.2023 წლიდან (და არა 5.04.2023 წლიდან) ამოქმედების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურს, 24.07.2023 წლის მდგომარეობით, უფლება ჰქონდა გამოეცა ბრძანება მომჩივნის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

 

ფაქტობრივი გარემოებები

სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №022-813 ბრძანებით, ი/მ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, მომჩივანის საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ ქონებას.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20294 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;138(1);241(1);246(1,5);4(11)