ბრძანება N 17034

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2026
№ დოკუმენტი 17034
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17034

29 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---- “-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: -----------------;

იურ. მის.: -------------------)

2026 წლის პირველი ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „---- “-ის (ს/ნ ----------) 2026 წლის პირველი ივლისის №103208/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივნისის №006-183 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბინების რეალიზაციის შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ შპს „-----“-ს არ ჰქონდა მსგავსი რეჟიმით დაბეგვრის გამოცდილება, მისთვის მიცემული საშეღავათო სტატუსი იყო პირველადი და კომპანია საწყის ეტაპზე მყიდველებთან ახორციელებდა ზეპირსიტყვიერ მოლაპარაკებებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების შემდგომში გაქირავებისა და მათი მოვლა პატრონობის შესახებ. მიუთითებს, რომ ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდგომ, შემოსავლების სამსახურთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაციების და კერძო აუდიტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, მიეცათ რეკომენდაცია, აპარტამენტების შემდგომში გაქირავებასთან დაკავშირებული პირობები დაეფიქსირებინათ ხელშეკრულებებშივე და არა ზეპირსიტყვიერად. მოცემული პირობები ჩაიდო ხელშეკრულებებში შემდგომი ბინების რეალიზაციისას, შედეგად მხოლოდ თავდაპირველი 4 ბინის (-------/ -----/ -----/ -------) რეალიზაცია განხორციელდა მყიდველთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. კომპანიის პოლიტიკაა ბინების რეალიზაცია შემდგომი გაქირავების მიზნით და აღნიშნული პოლიტიკა ყველა მყიდველთან ერთნაირია, მაგრამ პირველ 4 მყიდველთან კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, შესაბამისად, კომპანიამ საჭიროდ ჩათვალა გაქირავების შესახებ პირობების ჩამატება ხელშეკრულებებში. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, მოცემულ ცვლილებასთან დაკავშირებით არც ერთ მყიდველს არ განუცხადებია უარი. კომპანიის მხრიდან ამ ეტაპზე განხორციელდა 3 მყიდველის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებასთან და სასტუმროს ტიპის აპარტამენტის შემდგომი გაქირავების პირობების ჩამატებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში განცხადებების ჩაშვება, აღნიშნული მყიდველების მხრიდან თანხმობის ხელმოწერით დადასტურება. რაც შეეხება დარჩენილ 1 მყიდველს (------), მოცემული პიროვნება არ იმყოფება საქართველოში, თანხმობას აცხადებს და ხელმოწერით ადასტურებს, რომ ჩამოსვლისთანავე ხელს მოაწერს საჯარო რეესტრში გაქირავებასთან დაკავშირებით ცვლილებებს. გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №1978 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----- “-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 28 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივნისის №11961 ბრძანება და ამავე თარიღის №006-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 144 843 ლარი, მათ შორის, გადასახადი 80 793 ლარი, ჯარიმა 40 396 ლარი, საურავი 23 654 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 9 დეკემბერს, დღგის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 10 აგვისტოს. ხოლო 2024 წლის 18 ივლისს გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდებზე -----, -----, -----. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის მიმართ დარიცხული ვალდებულება აქვს 84 896 ლარი, შემცირებული აქვს 180 453 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 62 521 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული აქვს 156 212 ლარი. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, კერძოდ, ---ში აშენებს სასტუმროს და ახორციელებს აპარტამენტების რეალიზაციას შემდგომი გაქირავების პირობით და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამშენებლო პროექტი მოიცავს 23 აპარტამენტს ჯამური ფართით 1061 კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 10 ბინა, ჯამური ფართით 464 კვ.მ., ხოლო ჯამური ღირებულება - 1 419 581 ლარი. გასაყიდად დარჩენილი აქვს 13 ბინა ჯამში 596,51 კვ.მ. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბინების რეალიზაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ხოლო 2024 წელს გადასახადის გადამხდელმა მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს შემოწმების შედეგად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ამავე კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 -ე მუხლის თანახმად:

1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.

2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:

ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად;

ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.

3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 18 პროცენტს.

4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“პუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, 2024 წლის 18 ივლისს მინიჭებული აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდებზე ----, ----, ----. სამშენებლო პროექტი ითვალისწინებს 23 აპარტამენტს, მათგან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 10 ბინა, ხოლო გასაყიდად დარჩენილია 13 ბინა. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბინების რეალიზაციას ამ ქონების უკან მიღების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუმცა 2024 წელს საწარმომ მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, კომპანიის მხრიდან მყიდველების ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული წარმოადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველს. ხოლო, მოცემულ შემთხვევაში კორექტირებისა და შეღავათის მიღების პერიოდი უნდა განისაზღვროს შესაბამის ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილების თარიღის მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---- “-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბინების რეალიზაციის შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1978 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11961 ბრძანება და №006-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 144 843 ლარი, მათ შორის, გადასახადი 80 793 ლარი, ჯარიმა 40 396 ლარი, საურავი 23 654 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანს 2024 წლის 18 ივლისს მინიჭებული აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსი .გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.კერძოდ, ახორციელებს ბინების რეალიზაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ხოლო 2024 წელს გადასახადის გადამხდელმა მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს შემოწმების შედეგად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ამავე კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 261 (1.2.3.4); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 160(1.3 „ზ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1.2 „გ“); 172(4„ქ“); 179(2) ;