ბრძანება N 32678

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32678
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32678

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 3 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №85734/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №001-225 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მას ვერ დაუკავშირდნენ და ამის გამო შემოწმებას არ ჰქონია სრული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და დოკუმენტაციაზე. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ არის გათვალისწინებული თევზის დანაკარგის ოდენობა, რაც დაახლოებით 25%- ია. მიუთითებს, რომ გაყინული თევზი რეალიზაციამდე მნიშვნელოვნად იკლებდა წონაში, რადგან ლღვებოდა, მუშავდებოდა, იბოლებოდა და შემდეგ გადიოდა გასაყიდად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მიმართა ექსპერტიზას დანაკარგების შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს დაზუსტებულ პოზიციას. ფასნამატთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აუდიტს უნდა გამოეყენებინა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მისი ჩართულობით საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №18559 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის №25067 ბრძანება და ამავე თარიღის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 318 816 ლარი, მათ შორის გადასახადი 197 104 ლარი, ჯარიმა 98 477 ლარი და საურავი 23 235 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შემოწმებას ვერ წარედგინა კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაანგარიშდა სხვადასხვა სახეობის გასაყიდი თევზის ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების და შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის რპთ-ის მიხედვით გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 752 111 ლარი. კომპანიას 2022 წლის მარტის თვიდან ეკონომიკური საქმიანობის აქტივობა აღარ უფიქსირდებოდა, ამასთან 2023 წლის 15 აგვისტოს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტობრივი ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული საქონლის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხის მოცულობა სულ 332 570 ლარი, რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. შემოწმებისთვის უცნობი იყო დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მოცულობა. შესაბამისად, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ხარჯები გადახდილად. შემოწმებით მიღებული ფულის დანაკლისი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება შესაბამისი სახეობების მიხედვით და დამატებით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შემოწმებას ვერ წარედგინა კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხის მოცულობა, რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. შემოწმებისთვის უცნობი იყო დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მოცულობა. შესაბამისად, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ხარჯები გადახდილად. შემოწმებით მიღებული ფულის დანაკლისი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154; 275