გადაწყვეტილება №22371/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22371/2/2024
20 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22371/2/2024).
დავის საგანი:
იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის ჩათვლა ანაზღაურებულად და დანარჩენი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №056-77 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3055 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 478 975,19 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 250 230
დღგ - 178
საშემოსავლო გადასახადი - 250 052
ჯარიმა - 125 047
საურავი - 103 698,19
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ---------- წარმოშობის მარცვლეულით, თესლებით, ცხოველების საკვებით, რომლის იმპორტსაც ახორციელებს ---------- და რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დაფუძნებულია 19.03.2020 წელს, ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორი და ამავე დროს დამფუძნებელია ---------- (პ/ნ ----------), ხოლო მეორე დამფუძნებელია ---------- (პ/ნ ----------).
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 19.03.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული მარცვლეულზე უცხოელ მომწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, კერძოდ თანხები გაიწერებოდა ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ, რომლებიც ახორციელებდნენ შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისათვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 4 001 007 ლარს.
შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარმოდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მეთოდური მითითების მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის 4 001 007 ლარის 75% ჩაითვლება ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა 1 000 252 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით გაცემულად. კერძოდ: ---------- (პ/ნ ----------) – 201 705,3 ლარი, ---------- (პ/ნ ----------) – 44 832,99 ლარი, ---------- (პ/ნ ----------) – 3 524,69 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით 1 250 315 ლარით (1 000 252/0,8) განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 250 052 ლარი და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №056-77 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3055 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, უცხოელ მომწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, კერძოდ მოცემული თანხები გაიწერებოდა ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ, რომლებიც ახორციელებდნენ შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისათვის ანაზღაურებული თანხა შეადგენდა 4 001 007 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით არ ფიქსირდებოდა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებამ არ მიიჩნია სარწმუნოდ, რადგან წარმოდგენილი შედარების აქტი არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო იმპორტირებული საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენა, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი N8) მეთოდური მითითების შესაბამისად და გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე და 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველი და მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესწავლის პროცესში არ არის გამოვლენილი დარღვევა საქონლის რეალიზაციის მომენტსა და დასაბეგრი ბრუნვის მოცულობასთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე.
უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ბრუნვების მოცულობა დაახლოებით 15 000 000 ლარია.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას სალაროში დადგენილ ნაშთთან დაკავშირებით, რომელიც დირექტორზე გაცემულ ხელფასად არის დაკვალიფიცირებული და მიაჩნია, რომ ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს დირექტორზე განკარგვადი თანხების მოცულობა, რადგან აუდიტის დეპარტამენტს მითითებული აქვს, რომ გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესახებ არ აკმაყოფილებს „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა მომწოდებელთან კანონის დაცვით გაფორმებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც მომწოდებელი და მეწარმე ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ დავალიანება არ გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ არასათანადოდ არის განსაზღვრული სალაროში არსებული ნაშთი, სადაც არ არის გათვალისწინებული სრულად არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხები, რომელზეც აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
თუ საქართველოში არსებული მეწარმეებისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად საკმარისია ორ მეწარმეს შორის გაფორმებული შედარების აქტი, რომელიც დამოწმებულია ორივე მხარის მიერ ხელმოწერით (ამასთანავე მეწარმეს თუ გააჩნია ბეჭედი, ხელმოწერა დამოწმებულია კომპანიის ოფიციალური ბეჭდით), რატომ ვაყენებთ ქართველ მეწარმეს არათანაბარ და დამძიმებულ გარემოებაში უცხოელი მომწოდებლის არსებობის შემთხვევაში, რადგან მას დამატებით ვუმძიმებთ მოსაწოდებელი ინფორმაციის კრიტერიუმს. ეს არათანაბარ პირობებში აყენებს მეწარმეს, ამასთანავე უზრდის ხარჯს და ხშირ შემთხვევაში მის მიერ უცხოელ მომწოდებელთან წარდგენილი მოთხოვნა არის უთანხმოების და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი.
ერთი რამ კი ცხადია, რომ არარეზიდენტი მომწოდებელი 4 000 000 ლარის საქონელს არ გაატანს არავის ანგარიშსწორების გარეშე და ამას არც ერთ შემთხვევაში არ ექნება სისტემატიური სახე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული დაშვებით კი გამოდის, რომ ადგილი აქვს საქონლის ფაქტიურად უსასყიდლოდ გადაცემას შპს ევრომიქსისთვის, რაც ყველანაირ კანონზომიერებას ცდება.
შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ გამოიწვია შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშებისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობის დადგენა, რომლის საფუძველზეც არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილად ჩაითვალა რეალურად ანაზღაურებული თანხის მხოლოდ 75%, რამაც გამოიწვია გადამხდელისთვის არარეალურად მძიმე საგადასახადო ტვირთვის დაკისრება.
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემთხვევაში მზადყოფნას გამოვთქვამს წარმოდგენილ იქნეს რეკომენდაციის გათვალისწინებით გაცემული გონივრული მტკიცებულები, რომელიც დაადასტურებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97–ე მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებებს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთან, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის, ხოლო საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ. გარდა ამისა, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გაგვათავისუფლოთ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს მარცვლეული. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისათვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 4 001 007 ლარს. შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემებით არ ფიქსირდებოდა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარმოდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ).
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, ხოლო საქონლის საინვოისო ღირებულება შემოწმების შედეგად არ დაკორექტირებულა. ამასთან, ღირებულება გადახდილად მიჩნეულია, თუმცა გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. ამასთან, არსებობს საქონლის შეძენის/იმპორტის დოკუმენტები.
სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესწავლას საჭიროებს მსგავსი საქონელის იმპორტის გზით შეძენის შემთხვევებში დაფიქსირებული საქონლის ფასი და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასის არაგონივრული/არსებითი ოდენობით სხვაობები, გამოყენებული უნდა იქნას მსგავსი საქონლის შეძენის ფასები და არ უნდა დაკორექტირდეს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გადახდილი თანხები. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება საქონლის ფასის/გადახდილი თანხის მომჩივნის მიერ ხელოვნურად/არსებითად გაზრდის ფაქტი, უცვლელად დარჩეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდით განსაზღვრული ანაზღაურებულად ჩათვლილი თანხების მოცულობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3055 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის ჩათვლა ანაზღაურებულად და დანარჩენი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს მარცვლეული. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისათვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 4 001 007 ლარს. შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემებით არ ფიქსირდებოდა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარმოდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, ხოლო საქონლის საინვოისო ღირებულება შემოწმების შედეგად არ დაკორექტირებულა. ამასთან, ღირებულება გადახდილად მიჩნეულია, თუმცა გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. ამასთან, არსებობს საქონლის შეძენის/იმპორტის დოკუმენტები. სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესწავლას საჭიროებს მსგავსი საქონელის იმპორტის გზით შეძენის შემთხვევებში დაფიქსირებული საქონლის ფასი და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასის არაგონივრული/არსებითი ოდენობით სხვაობები, გამოყენებული უნდა იქნას მსგავსი საქონლის შეძენის ფასები და არ უნდა დაკორექტირდეს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გადახდილი თანხები. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება საქონლის ფასის/გადახდილი თანხის მომჩივნის მიერ ხელოვნურად/არსებითად გაზრდის ფაქტი, უცვლელად დარჩეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდით განსაზღვრული ანაზღაურებულად ჩათვლილი თანხების მოცულობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.