გადაწყვეტილება №20051/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 20051/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20051/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 23.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20051/2/2023). .

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 115 496,45 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 68 478

დღგ - 55 905

მოგების გადასახადი - 11 952

საშემოსავლო გადასახადი - 621

ჯარიმა - 31 449

საურავი - 15 569,45

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის საგანია მეორადი საბურავებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26464 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. არ ხდება რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების შესაბამისად, ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით - საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო

კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის

28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს ფასნამატით, განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის ერთობლივი შემოსავლის გაზრდას სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატით და აღნიშნავს, რომ მისი ძირითად პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი სკანერით რეალიზაცია ვერ ხორციელდება. ამიტომ საცალო რეალიზაციის აღრიცხვისთვის კომპანია აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს, რომელიც მოიცავს სრული 1 დღის საცალო რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან კომპანიას ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომლის ასლიც წარდგენილია შემოწმებისთვის. ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 27%. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შემოწმება უნდა დაეყრდნოს წარდგენილ მასალებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 01.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი სკანერით რეალიზაცია ვერ ხორციელდება. ამიტომ საცალო რეალიზაციის აღრიცხვისთვის კომპანია აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს, რომელიც მოიცავს სრული 1 დღის საცალო რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან კომპანიას ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომლის ასლიც წარდგენილია შემოწმებისთვის. ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 27%. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შემოწმება უნდა დაეყრდნოს წარდგენილ მასალებს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები. შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები. შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 73 (5); 159; 982.

2021 წლამდე მოქმედი 161.