ბრძანება N 13957

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13957
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13957

20.06.2023

შპს „------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: -----------------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №11695/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №047-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ:

1. დაუსაბუთებლად თვლის საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 6,6%-იანი ფასნამატის გავრცელებას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის ოდენობას და ხელფასის დაანგარიშების მიზნებისთვის სალაროს ნაშთის აგროსვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის N20379 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის - 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32180 ბრძანება და ამავე თარიღის №047-47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 486 955 ლარი, მათ შორის, გადასახადი 302 168 ლარი, ჯარიმა 150 430 ლარი, საურავი 34 357 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტით საბითუმო და საცალო რეალიზაცია ქ. ---------, იჯარით აღებულ ფართში. რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. 2021 წელს დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 2%-ს, ხოლო 2022 წელს - 5%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 26 სექტემბრის N24544 და 2022 წლის 27 სექტემბრის N24670 ბრძანებებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. 2022 წლის 30 სექტემბერის N98826-21- 12 წერილის მიხედვით გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული გადამხდელის სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ნოლის ტოლია, რაზეც 2022 წლის 27 სექტემბერს შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. კომპანიის შემოსავლების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2 %-ს. 2022 წლის 10 მარტს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული იქნა არადოკუმენტური ფასნამატი - 6.6%, რომელიც შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე (საწყისს დამატებული შეძენილი საქონელი და გამოკლებული დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და საბოლოო მარაგი, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ნაშთი შეადგენს 0 ლარს). შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები. ხარჯის ნაწილში გათვალიწინებული იქნა კრედიტორებზე გადახდილი თანხები და სახელფასო განაცემები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად გამოვლინდა განკარგვადი თანხა 558 512 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელს უფიქსირდება 2022 წლის თებერვლის თვიდან. აღნიშნული თანხა ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 39-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 291-ე მუხლის შესაბამისად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის გადამხდელი დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2 %-ს. 2022 წლის 10 მარტს იგივე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა აუდირებული ფასნამატი (არადოკუმენტური) - 6.6%, რომელიც შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის ოდენობას და ხელფასის დაანგარიშების მიზნებისთვის სალაროს ნაშთის აგროსვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტით საბითუმო და საცალო რეალიზაცია.რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2 %-ს. 2022 წლის 10 მარტს იგივე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა აუდირებული ფასნამატი (არადოკუმენტური) - 6.6%, რომელიც შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(3);61(3);73(5,9);159(1ა,ბ);163(1,2);164(1);101(1);154(ა);