გადაწყვეტილება №27590/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2026
№ დოკუმენტი 27590/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27590/2/2026

06 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -----------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 16.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27590/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №046-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2026 წლის №11299 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 457,5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 36 048,33

დღგ - 34 018,15

საშემოსავლო გადასახადი - 2 030,18

ჯარიმა - 11 167,51

საურავი - 9 241,66

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №046-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით ი/მ -----ის (ს/ნ ------) საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით. პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 15.05.2017 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.05.2025 წლიდან. 1.07.2021 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შემოწმებისათვის არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და საქონლის მოძრაობის შესახებ. დავების გადაწყვეტილების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ნაწილში დამატებითი დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი განისაზღვრა 15.09.2022 წლით. გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტი, კერძოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, დღგ-ის თანხით 2 926,53 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა გადაანგარიშების დასკვნა, სადაც ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოხდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება და ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №046-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2026 წლის №11299 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხებთან დაკავშირებით, შემოწმებას ვერ წარუდგინა საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებითი დარიცხული თანხების კორექტირება ვერ განხორციელდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ, გადასახადის გადამხდელს მიღებული და დადასტურებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, დღგ-ის თანხით 2 927 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუთვალისწინებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება ვერ განხორციელდა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის განხილვის მიმდინარეობისას წარმოადგინა გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მოცემული ცხრილი შეიცავს მხოლოდ ჯამურ მონაცემებს და რაოდენობრივად არ იშიფრება საქონელი, შესაბამისად, ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით. კატეგორიულად მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გადაანგარიშება, რადგან არ შეესაბამება საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, კერძოდ:

- უპირველეს ყოვლისა არ იზიარებს დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციას გასაჩივრებულ საკითხად დაფიქსირებულ მოთხოვნასთან მიმართებით, სადაც აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად გათვალისწინებას“;

- ჩათვლის მიღება გადასახადის გადამხდელის უფლებაა, რომელიც მინიჭებულია საგადასახადო კოდექსით და რა თქმა უნდა, გადასახადის გადამხდელს ექნება სურვილიც გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ეს უფლებამოსილება;

- შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანების გამოცემის შემდგომ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია აუდიტორთან, სადაც განუმარტა, რომ მომჩივნის მხრიდან შემოწმების პროცესშივე გაგზავნილი იყო ახსნა-განმარტება და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშების ცხრილი. დანართის სახით საჩივარს თან ერთვის ზემოთ ხსენებული გაანგარიშება;

- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება, ასევე ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინება, რაც არ იქნა აღსრულებული!

- აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ გადამხდელის მოწოდებული საბანკო ანგარიშებისა და ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად გამოვლინდა დღგ-თ დასაბეგრი შემოსავლები, რომლის მიხედვითაც უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 15.09.2022 წელს და შემოწმებით აღნიშნული თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი. ამ პერიოდის შემდგომ განხორციელებული ბრუნვა დაექვემდებარა დღგ-ით სავალდებულო დაბეგვრას;

- მიუხედავად ზემოაღნიშნული სავალდებულო რეგისტრაციის მომენტისა, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს არ მისცა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღში იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე ჩათვლის მიღების უფლება და რეალიზებულ საქონელზე მხოლოდ დასაბეგრი ბრუნვა გამოავლინა და მხოლოდ გაზარდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასარიცხი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;

- საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია 2025 წლის 27 ნოემბერს, ხოლო დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოიცა 2026 წლის 20 მარტს. საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრებისას აღნიშნა, რომ 2025 წლის 7 ნოემბერსა და 2025 წლის 10 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები 2022 წლის მარტში, 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის სექტემბერში განხორციელებულ საქონლის შეძენაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო მიბმული დეკლარაციაზე და შესაბამისად არ განხორციელებულა დღგ-ის ჩათვლა. ასევე 2022 წლის აპრილის თვეში გადამხდელს უფიქსირდება 2 საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც იმპორტირებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა 94 637,64 ლარით, რომლის ჩათვლაც არ განხორციელებულა გადასახადის გადამხდელის მიერ;

- ამავე დროს აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების აქტში აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტები, კერძოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ჩათვლილი;

შემოწმებით ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა - სულ 173,03 ლარი, ხოლო 2026 წლის 20 მარტის დასკვნით ჩათვლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, დღგ-ის თანხით 2 926,53 ლარი.

- გაუგებარია ზემოაღნიშნული გაანგარიშების წარმომავლობა, რადგან 2022-2023 წლის ანგარიშფაქტურითა და საბაჟო დეკლარაციით მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 29 798 ლარს. ამასთანავე გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის მაისის თვეში არასრულად არის ჩათვლილი 2025 წლის აპრილსა და მაისში მიღებული საბაჟო დეკლარაციებით არსებული დღგ-ის თანხა;

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა მოხდეს დღგ-ის გადაანგარიშება და მიღებული ანგარიშფაქტურებითა და საბაჟო დეკლარაციით კუთვნილი დღგ-ის თანხის ასახვა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ გამოიწვია დღგ-ის დაუსაბუთებელი დარიცხვა და მასზე დარიცხული სანქციის ზრდა. მომჩივნის უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება შემცირების გზით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით ი/მ ------ის (ს/ნ ----------) საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით. პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 15.05.2017 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.05.2025 წლიდან. 1.07.2021 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შემოწმებისათვის არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და საქონლის მოძრაობის შესახებ. დავების გადაწყვეტილების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ნაწილში დამატებითი დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი განისაზღვრა 15.09.2022 წლით. გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტი, კერძოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, დღგ-ის თანხით 2 926,53 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომ არსებობს 2023 წლის მარტის და აპრილის საბაჟო დეკლარაციები ავტონაწილების იმპორტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ნაშთი და ნაშთის რეალიზაციაზე დარიცხულია დღგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3099 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.05.2026 წლის №11299 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №3099 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №046-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №3099 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №3099 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შემოწმებისათვის არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და საქონლის მოძრაობის შესახებ. დავების გადაწყვეტილების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ნაწილში დამატებითი დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი განისაზღვრა 15.09.2022 წლით. გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტი, კერძოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა , დღგ-ის თანხით 2 926,53 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა გადაანგარიშების დასკვნა, სადაც ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოხდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება და ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №046-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №11299 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომ არსებობს 2023 წლის მარტის და აპრილის საბაჟო დეკლარაციები ავტონაწილების იმპორტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ნაშთი და ნაშთის რეალიზაციაზე დარიცხულია დღგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ამასთან,მომჩივანის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების საკითზე საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის №3099 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და „გ“); 176(1 „ა“ და „ბ“ ); 269(7);