გადაწყვეტილება №25337/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25337/2/2025
17 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 18.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25337/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283330 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283333 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283334 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283335 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283336 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283337 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
7. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
8. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283342 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
9. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283343 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
10.შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11692 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 18 000 ლარი (თითოეული ოქმით 2 000 ლარი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2025 წლის 21 და 22 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი გარდაბანის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, საქონლით დატვირთულ რკინიგზის ვაგონებზე (№91106278; №91123356; №95237921; №91120840; №91103945; №91118372; №91123430; №95234621; №95065918) საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიწერა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობები (№69009/V6666, №69009/V6685, №69009/V6653) და საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა თბილისის დანიშნულებით.
ზემოაღნიშნული ვაგონების მომჩივნის კონტროლის ზონაში (WH---) გამოცხადების შემდეგ, 27.04.2025 წელს, საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება. რის შემდეგაც, შპს---მა (ს/ნ ---) მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა თბილისს აღნიშნულ ვაგონებში განთავსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით, რა დროსაც გაირკვა, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება – რკინიგზის ვაგონების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მოწმობების დამოწმების დღის (26.04.2025წ.) 24 საათამდე. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283330, №EL283333, №EL283334, №EL283335, №EL283336, №EL283337, №EL283340, №EL283342 და №EL283343 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა ჯამში 18 000 ლარის ოდენობით (2000 ლარი თითოეული ოქმით). აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.06.2025 წლის №11692 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე13 მუხლის მე-7 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე და მე-17 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება – რკინიგზის ვაგონების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მოწმობების დამოწმების დღის (26.04.2025წ.) 24 საათამდე. შესაბამისად, მისი მხრიდან არ არის შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა.
აღნიშნული ქმედება არის საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
26.04.2025 წელს მომჩივნის საწყობში იმყოფებოდა შპს ---ს (ს/ნ ---) კუთვნილი საქონლით დატვირთული რამდენიმე ვაგონი, რომელმაც საზღვარი უფრო ადრე გადმოკვეთა და შესაბამისად, პირველ რიგში, საწყობი მათი ვაგონები შემოვიდა. იმის გამო, რომ მომჩივნის ტერიტორიაზე ფიზიკურად ორივე კომპანიის ტვირთის (ვაგონების) განთავსების საშუალება არ იყო და ისინი სრულად ვერ დაეტეოდა, შპს ---ს ვაგონების გარდა, მომჩივნის ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა შპს---ს მხოლოდ 2 ვაგონი (სულ 11 ვაგონი). შპს ---ს ვაგონები დაიცალა და გაყვანილ იქნა 26.04.2025 წელს საღამოს საათებში, რომლის შემდეგაც მომჩივნის ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა შპს ----ის კუთვნილი დარჩენილი 9 ვაგონი. როგორც გაირკვა, შპს ---ს ვაგონების გატანის ბოლო დღე იყო 26 აპრილი და გატანის გაჭიანურება გამოიწვია სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაწესებულმა უქმე დღეებმა.
საქართველოს კანონმდებლობით, სააღდგომო დღესასწაულების გამო, დღე გამოცხადდა უქმედ და თუკი ტვირთის მფლობელის მხრიდან მოთხოვნა არ იქნებოდა, რკინიგზა ვერ გაწევდა ვაგონების გატანის მომსახურებას. ჩიხში სარკინიგზო ვაგონების შემოყვანა-გაყვანა ხორციელდება თბომავლის მეშვეობით, რასაც ხშირ შემთხვევაში, მთელი სამუშაო დღე მიაქვს, თითოეული ვაგონის დაცლას კი საშუალოდ 1 საათი სჭირდება. როგორც შემდგომ გაირკვა, გაყვანილი ვაგონების შემდეგ ტერიტორიაზე შემოსული შპს ---ის ტვირთისთვის გამოცხადების ბოლო დღე იყო, რაც მომჩივნისთვის უცნობი იყო. არც რკინიგზის მხრიდან და არც უშუალოდ ტვირთის მეპატრონის მხრიდან ვადებთან დაკავშირებით არავითარი შეტყობინება ან სხვა სახის ინფორმაცია არ მიუღია. აღნიშნული ასევე არ უცნობებია შემოსავლების სამსახურის პროგრამას. ტვირთის საბოლოოდ შემოსვლის შემდგომ მომჩივნის უფლებამოსილმა თანამშრომელმა გახსნა კომპიუტერი და მას შემდეგ, რაც დააზუსტა ვაგონების ნომრები, ტვირთის (9 ვაგონი) გამოცხადებების დროდ დაფიქსირდა 23 საათი, ისე, რომ შემოსავლების სამსახურის პროგრამის მხრიდან არავითარი შეფერხება ან სხვა სახის პროგრამული წინააღმდეგობა არ შექმნია. კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც განახორციელა საწყობში ტვირთის გამოცხადების უზრუნველყოფა, არავითარი ეჭვი არ შეიტანა იმაში, რომ დაირღვა საბაჟო რეჟიმი, რადგან მსგავსი შემთხვევების დროს ტვირთი ხვდება წითელ დერეფანში, რაც დარღვევაზე მიუთითებს და გამოაქვს შესაბამისი ფანჯარა, სადაც მითითებულია დარღვევის მიზეზები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლების მე-2 ნაწილის მიხედვით, უნდა გაუქმდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმები, ვინაიდან ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედებების განხორცილების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ დაკონკრეტებული არ არის, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეისა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არცერთი ნორმატიული აქტი იმპერატიულად არ განსაზღვრავს, რომ დადასტურება/გამოცხადება უნდა განხორციელდეს 10 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სააღდგომო პერიოდში გამოცხადებული უქმე დღეები (4 დღე) და ის ვადაგადაცილება, რაც მომჩივნის შემთხვევაში დაფიქსირდა, უნდა ჩაითვალოს საპატიოდ. საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ მოქმედების განახორციელებს ვადის ბოლო დღე არასამუშაო დღეს ემთხვევა, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღეს დამთავრებამდე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით ხორციელდება, იგი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გამოცხადების ბოლო ვადა 4 დღით უნდა გადაწეულიყო, 30 აპრილის ჩათვლით, უკიდურეს შემთხვევაში, მინიმუმ მომდევნო ორშაბათი დღის - 28 აპრილის 24 საათამდე. სწორედ ვადების ამ პრინციპით იხელმძღვანელა კომპანიის წარმომადგენელმა. როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დარჩენილი 9 ვაგონი საბოლოოდ განთავსდა საწყობის ტერიტორიაზე, სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ არ ჰქონია ადგილი ვადის დარღვევას. შევიდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში და ტვირთის გამოცხადება პროგრამულად უპრობლემოდ განახორციელა. ამა თუ იმ ტვირთის საზღვრის კვეთის თარიღთან მომჩივანს არანაირი წვდომა არ აქვს და დამოუკიდებლად ვერ ეცოდინებოდა ტვირთთან დაკავშირებული გამოცხადების ბოლო ვადის თაობაზე. შეიძლება კომპანია შეცდა ან მცირედი გადაცდომა მოუვიდა, თუმცა საჩივარში ითხოვდა, რომ ეს გადაცდომა დავის განმხილველ ორგანოს უნებლიე შეცდომად ჩაეთვალა, მაგრამ დავის განმხილველმა ორგანომ მშრალად მიუთითა, რომ ამ პუნქტის გამოყენება მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივანი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც კანონის ნორმა დისკრეციულია, ანუ, განიჭებს უფლებას გამოიყენო რაღაც უფლებამოსილება ან არ გამოიყენო, ამას შესწავლა და დადასტურება სჭირდება, თუ ამ დისკრეციულ უფლებათაგან რომელს და რატომ იყენებს ადმინისტრაციულ ორგანო. მომჩივანი რომ ყოფილიყო არაერთგზის კანონდამრღვევი, მაშინ გასაგები იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა. არასდროს არავითარი გადაცდომა არ ჰქონია და საუბარია მხოლოდ 30 წუთიან გადაცდომაზე, რაზეც ასეთი მკაცრი დამოკიდებულება უსამართლოა. უკვე წლებია ოპერირებს საბაჟო საწყობის რანგში, არანაირი გადაცდომა და დარღვევა არ ჰქონია და ეს ერთი, უმნიშვნელო დარღვევა არ უნდა გამხდარიყო მკაცრი სანქციის საფუძველი. მომჩივნისთვის გაურკვეველია, რატომ არ ისარგებლა ადმინისტრაციულმა ორგანომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლების მე11 ნაწილით, რადგან კომპანია გარდა იმისა, რომ წარმოადგენს საბაჟო ოპერატორს, საქართველოში ფქვილოვანი პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. არასოდეს არ ჰქონია რაიმე სახის გადაუხდელი, საკამათო ან სხვა სახის პრობლემატური საკითხი ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, სარგებლობს დადებითი რეპუტაციით და შესაბამისად, ითხოვს საჩივრის განმხილველმა ორგანომ გაითვალისწინოს კომპანიის დადებითი რეპუტაცია და გამოიყენოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლების მე-11 ნაწილი, ვინაიდან 18 000 ლარი არ არის ის თანხა, რომელიც გაამდიდრებს სახელმწიფოს, მათთვის კი ეს თანხა მნიშვნელოვანია. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე 5 წარდგენის დადასტურება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის - 26.04.2025 წლის 24 საათამდე (გამოცხადება დადასტურდა 27.04.2025 წლის 00:35 საათზე).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ადრინდელ პერიოდზე შესაბამისი ინსტრუქციის რეგულაცია ითვალისწინებდა ვაგონების გამოცხადების დადასტურების ვალდებულებას დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო აღნიშნულ ინსტრუქციაში შეტანილი ცვლილებით, ეს დრო შეიზღუდა გამოცხადების დღის 24 საათამდე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტვირთის (9 ვაგონი) გამოცხადებების დროდ დაფიქსირდა 26.04.2025 წლის 23:00 საათი, ხოლო გამოცხადება დადასტურდა 27.04.2025 წლის 00:35 საათზე (35 წთ-ის დაგვიანებით).
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი სამართლებრივი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 28.04.2025 წლის №EL283330, №EL283333, №EL283334, №EL283335, №EL283336, №EL283337, №EL283340, №EL283342 და №EL283343 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა ჯამში 18 000 ლარის ოდენობით (2000 ლარი თითოეული ოქმით). აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.06.2025 წლის №11692 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163 (11).