გადაწყვეტილება №24352/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24352/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24352/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს დეიზიმაქსის 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24352/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის №048-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23890 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 811 109,86 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 518 419

დღგ - 205 965

საშემოსავლო გადასახადი - 312 454

ჯარიმა - 259 210

საურავი - 33 480,86

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ტექსტილის მასალით და სხვა პროდუქციით საბითუმო ვაჭრობა ----- ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქონლის იმპორტს ახორციელებს ------დან.

აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 14.08.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის №048-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23890 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის წარმომადგენელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, წარმოდგენილ იქნა ახსნაგანმარტება მისი საქმიანობის შესახებ და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი (------ ბანკი). საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 606 637 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 3%-ის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის 0 ლარის ტოლია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით) და შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის (საქმიანობის ტერიტორიის გათვალისწინებით) ფასნამატი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 24 ოქტომბერს -- საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე და წარმოადგინა განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით, რაც გათვალისწინებულ იქნა საბჭოს მიერ. საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მ/წლის 31 ოქტომბერს -- საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი კვლავ არ გამოცხადდა დავაზე და არც განცხადება არ წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება მისი საქმიანობის შესახებ და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, ასევე, ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის 0 ლარის ტოლია. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობდა 3%-ის ფარგლებში. ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 606 637 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები და შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი არ გამოცხადდა დავაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ აუდირებული ფასნამატის ოდენობას, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განიხილავს თითოეული პუნქტს ცალ-ცალკე:

1 - თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა-საწარმოს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კომუნიკაცია შემმოწმებელსა და გადასახადის გადამხდელს შორის მოხდა დაგვიანებით. როდესაც ჩვენი მხრიდან გამოითქვა საგადასახადო დოკუმენტაციის მიწოდების მზაობა შემმოწმებლებისათვის, მათ გვითხრეს, რომ აქტი უკვე დაწერილი იყო და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია დაგვერთო საჩივრისთვის, ხოლო მათ ჩვენ გადავუგზავნეთ მათ მიერ მოთხოვნილი მონაცემები „ექსელის“ ფორმაში აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რადგან სრულად იკვეთება ოპერაციის დაწყების, (მიღებული პროდუქციის ბალანსზე აყვანა), მისი მიმდინარეობის (გაყიდული საქონლის შემოსავლად აღიარება) და დასრულების (ჩამოწერის) პროცედურები საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2 - ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას-არც აღნიშნული შემთხვევა არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით;

3 - პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს-არც ეს ფაქტი არ ფიქსირდება არანაირი წყაროდან;

4 - მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.- შესამოწმებელ პერიოდში, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა

5 - გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის-ამ პუნქტში მოყვანილი ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის კერძოდ 2024 წლის 25 ივნისისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია მოდასთან და თუ ერთი სახის ხალათი, კაბა თუ ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულება, ხვალე შეიძლება აღნიშნული საქონელი გამოვიდეს მოდიდან და მისი ნიშა უფრო სხვა, მოდურმა ნაკეთობამ დაიკავოს, შესაბამისად ამ საქონლის ფასი რამოდენიმეჯერ დაეცემა. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის უარყოფითი ფასნამატი რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 606 637 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 3%-ის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესახებ, სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის 0 ლარის ტოლია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით) და შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის (საქმიანობის ტერიტორიის გათვალისწინებით) ფასნამატი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მომჩივნის არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამგვარად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის (ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის) გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის წარმომადგენელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, წარმოდგენილ იქნა ახსნაგანმარტება მისი საქმიანობის შესახებ და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი (---ი ბანკი). საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 606 637 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 3%-ის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის 0 ლარის ტოლია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით) და შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის (საქმიანობის ტერიტორიის გათვალისწინებით) ფასნამატი. აღნიშნულის მიხედვით დადგენილი იქნა მიღებული შემოსავლები. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) მიხედვით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც მიენიჭა დირექტორზე გაცემული ხელფასის კვალიფიკაცია. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მიზნით შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა მიღებული შემოსავალი და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არ მიუღია აქტში აღნიშნული სარგებელი ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ამასთან გაცნობებთ, რომ შემოწმების პერიოდის თვის გადასახადის გადამხდელს ნამდვილად არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი თუმცა ბუღალტრულ დოკუმენტაციაში ფიქსირდება სმფ-ს ნაშთი 163 056,55 ლარის ოდენობით აღნიშნული შეგიძლიათ განიხილოთ დანაკლისად და გაავრცელოთ აღნიშნულ თანხაზე კანონმდებლობით გამომდინარე ნორმები. ამასთან გაცნობებთ, რომ აღნიშნული დანაკლისი გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომელის ძალიან მგრძნობიარეა მოდურ ტენდენციებთან, კერძოდ შეიძლება სარეალიზაციო პროდუქცია უცებ გამოვიდეს მოდიდან და გადამხდელი იძულებული გახდეს მოდიდან გასული პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებად ან საერთოდ მოიშოროს იგი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მომჩივანი ითხოვს 13.09.2024 წლის №048-11 საგადასახადო მოთხოვნა და დაერიცხოს მხოლოდ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მიზნით შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა მიღებული შემოსავალი და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ვერ მიუთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 14.08.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №048-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №23890 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ 2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);