ბრძანება N 10

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 10
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10

08 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ --------------)

(მის.: -----------------------------)

2025 წლის 10 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) 2025 წლის 10 დეკემბრის №---/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №037-9 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს. განმარტავს, რომ არ ჩანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. აცხადებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს სრულყოფილად, სმფ-ების ნაშთების აღრიცხვა ხდება სრულად, ზუსტად და სისტემატიურად, პერიოდული ინვენტარიზაციების გამოყენებით, არ ფიქსირდება სამართალდარღვევები. გადამხდელისთვის გაუგებარია რამდენად სწორად არის გათვალისწინებული ფასნამატის მეთოდის ეტაპები: მაგ.: დაჯგუფება. განმარტავს, რომ აქვს სხვადასხვა ნომენკლატურა და არ არის გამოყენებული შეწონილი ფასნამატი ნაშთის მიმართ. ასევე, გაუგებარია რამდენად სწორად ხდება იდენტიფიცირებადი რეალიზაციის გამიჯვნა. შემოწმებით არ ჩატარებულა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომელიც დაადგენდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფების დანაკლისს. კომპანია ფაქტობრივად ფლობდა სმფ-ების იმ ნაშთს, რომლის რეალიზაციაც მოხდა აუდიტის შემდგომ პერიოდში და დადეკლარირდა შესაბამისად. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის დროებითი შეჩერება გამოწვეული იყო შიდა აუდიტის პროცედურების მიმდინარეობით. კომპანიამ თავად გამოავლინა დანაკლისი და დაბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგები. განმარტავს, რომ „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების შესაბამისად, მაგ.: ბენზინზე ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმა საავტომობილო გადაზიდვისას შეადგენს 0,12 %-ს, ხოლო მიწისზედა რეზერვუარში შენახვის ნორმა - 0,35 %-ს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული ხარჯები. ასევე აღნიშნავს, რომ მაისის და ივნისის თვეებში სმფ-ების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრებით ხდება მიმდინარე ვალდებულებების მ.შ. კრედიტორული და სხვა დავალიანების დაფარვა. გადამხდელი ითხოვს გადაანგარიშებას და გამოთქვამს მზაობას დამატებით წარმოადგინოს მტკიცებულებები/არგუმენტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11701 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №23429 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №037-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 679 199 ლარი, მათ შორის, გადასახადი 402 039 ლარი, ჯარიმა 198 678 ლარი და საურავი 78 482 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალაქ ---ი საწვავის შეძენა და საცალო/საბითუმო (როგორც დოკუმენტური 34%, ისე არადოკუმენტური) რეალიზაცია. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა უფიქსირდება 9 519 818 ლარი. ფასნამატი შეადგენს 8%-ს. გადამხდელი 2025 წლის იანვრის შემდგომ აღარ ახორციელებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ უფიქსირდება არც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები და არც სალარო ან ბანკით პროდუქციის რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა გადამხდელის დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. შპს „---“-ის საქმიანობის შეჩერების მომენტისთვის (იანვრის შემდგომ პერიოდში) უფიქსირდებოდა ნაშთები, რომელიც შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდეგ დაადეკლარირა/დაბეგრა შემდგომ პერიოდში (მაისი, ივნისი). შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ნაშთების რეალიზაცია შესაბამის პერიოდებში, საცალო რეალიზაციების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 22-ე, 49-ე, 61-ე მუხლების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით) არსებული ნაშთების რეალიზაციისას მიმდინარე პერიოდებში არსებული საცალო ფასები საწვავის სახეობების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებზე. აღნიშნული ნაშთების და საცალო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა პერიოდის ბოლოსთვის არსებული საწვავის ნაშთებიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შემოსავალში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 443 104 ლარი (553 880 აგროსილი). შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ორივე მხარის მიერ დამოწმებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია (არ არის წარმოდგენილი ცნობები), მიჩნეულ იქნა, რომ თანხები სრულად არის გადახდილი მომწოდებლებთან (როგორც ნავთოპროდუქტების მომწოდებელ კომპანიებთან, ასევე გამსესხებელ კომპანიასთან შპს „---თან“ (ს/ნ -----)). ფულის მოძრაობისას ასევე გათვალისწინებულია დამფუძნებელის შემონატანების ფარგლებში დარჩენილი დავალიანების გადახდა. 2025 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საწვავის შეძენა და საცალო/საბითუმო (როგორც დოკუმენტური 34%, ისე არადოკუმენტური) რეალიზაცია. გადამხდელი 2025 წლის იანვრის შემდგომ აღარ ახორციელებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას, არ უფიქსირდება არც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები და არც სალაროთი ან ბანკით პროდუქციის რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით შეწყდა საიჯარო ხელშეკრულებაც. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა გადამხდელის დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები, დადგინდა, რომ საქმიანობის შეჩერების მომენტისთვის უფიქსირდებოდა ნაშთი, რომლიც გადამხდელმა შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდეგ დაადეკლარირა/დაბეგრა შემდგომ პერიოდში (მაისი, ივნისი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, კერძოდ, არ იშიფრება საცალო რეალიზაციები, რადგან პერიოდის ბოლოს ხდება ჯამური ჩამოწერა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საწვავის ნაშთის რეალიზაცია და მასზე საცალო ფასების გავრცელება საწვავის სახეობების მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული საწვავის ბუნებრივი დანაკარგები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს.

2.შემოწმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ დანაკარგებს.

3.ფულის ნაშთის გაანგარიშებას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11701 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23429 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №037-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 679 199 ლარი, მათ შორის, გადასახადი 402 039 ლარი, ჯარიმა 198 678 ლარი და საურავი 78 482 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ უფიქსირდება არც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები და არც სალარო ან ბანკით პროდუქციის რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა გადამხდელის დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები.მომჩივანს საქმიანობის შეჩერების მომენტისთვის უფიქსირდებოდა ნაშთები, რომელიც შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდეგ დაადეკლარირა/დაბეგრა შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ნაშთების რეალიზაცია შესაბამის პერიოდებში, საცალო რეალიზაციების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 22-ე, 49-ე, 61-ე მუხლების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 443 104 ლარი (553 880 აგროსილი). შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ორივე მხარის მიერ დამოწმებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია,მიჩნეულ იქნა, რომ თანხები სრულად არის გადახდილი მომწოდებლებთან . ფულის მოძრაობისას ასევე გათვალისწინებულია დამფუძნებელის შემონატანების ფარგლებში დარჩენილი დავალიანების გადახდა. 2025 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“ ); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);