გადაწყვეტილება №21468/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 21468/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21468/2/2023

19 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------ძე (პ/ნ -------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 2.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21468/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28070 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით WM-----; სარეგისტრაციო ნომრით GE----) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 26.08.2020 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 25.10.2020 წელი.

აღნიშნულ ვადაში ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.11.2023 წლის №28070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 165-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივანის განცხადებაში მოყვანილ არგუმენტს, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერ ახერხებს ავტომობილის დეკლარირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შსს ---ის პოლიციის დეპარტამენტის ---ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის -- განყოფილების 2023 წლის 27 ოქტომბრის №--- (შემოსული დოკუმენტი №---- 27.10.2023) წერილიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 2020 წლის 24 ნოემბრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №-----, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია.

ამასთან, ამავე წერილით დასტურდება, რომ -----ემ სატრანსპორტო საშუალება გასაფორმებლად სსიპ მომსახურების სააგენტოში წარადგინა დაგვიანებით – 24.11.2020 წელს, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 25.10.2020 წელს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ა/მ -- ვინ-კოდი WM---- ტრანზიტული ნომრით GE--- ვადაში გამოცხადდა შსს მომსახურების სააგენტოში. ვინაიდან ა/მ იყო საზღვაო გადაზიდვით ჩამოყვანილი, 2020 წლის 25 ოქტომბრიდან ისარგებლა დამატებით საშეღავათო 30 დღიანი ვადით, რომელიც დღიურად ითვალისწინებდა 5 ლარიან გადასახადს ჯამში 150 ლარს. არ მიეცა ა/მ --- ვინ-კოდი WM----- ტრანზიტული ნომრით GE--- გაფორმების და გადასახადების გადახდის საშუალება, მანქანა და დოკუმენტაცია დათვალიერებისთანავე გადაეცა საგამოძიებო სამსახურს.

როგორც იქ განუმარტეს ვიდრე გამოძიება არ დასრულდებოდა ა/მ ვერ გააფორმებდა მაგრამ არც დაჯარიმდებოდა. მომსახურების სააგენტოში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მიიღო პასუხი, რომ არანაირი ჯარიმა არ დაეკისრებოდა. №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი რომლითაც დაეკისრა ჯარიმა გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება არ დაუკმაყოფილდა. ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით WM-----; სარეგისტრაციო ნომრით GE----) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 26.08.2020 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 25.10.2020 წელი.

რაც შეეხება მომჩივანის განცხადებაში მოყვანილ არგუმენტს, რომ მიმდინარე საგამოძიებო პროცესის გამო ვერ ახერხებს ავტომობილის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, საბაჟო დეპარტამენტი 8.12.2023 წლის №---- წერილით განმარტავს, რომ შსს ----ის პოლიციის დეპარტამენტის -----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის --- განყოფილების მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის №----- (შემ.; №---- 27.10.2023) წერილიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 2020 წლის 24 ნოემბრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №-----, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია, ამასთან -----ემ სატრანსპორტო საშუალება გასაფორმებლად სსიპ მომსახურების სააგენტოში წარადგინა დაგვიანებით – 24.11.2020 წელს, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 25.10.2020 წელი.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც ასევე დაადასტურა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28070 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 26.08.2020 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 25.10.2020 წელი.

აღნიშნულ ვადაში ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის №ELC24400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის წლის №28070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც ასევე დაადასტურა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(15); 165: