ბრძანება N 21914

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 21914
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21914

16 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 5 აგვისტოს №97351/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №039-18 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადასახადი 556 449,63 ლარი და გადახდილი თანხა 147 045 ლარი. შესაბამისად, სახეზეა ორმაგი დარიცხვა. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული ფასნამატი. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე. აღნიშნავს, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს ბრუნვები და მისთვის დღემდე უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადამხდელის იდენტური. ასევე გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მიუთითებს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8686 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 24 აპრილიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15486 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 216 959 ლარი, მათ შორის, გადასახადი 134 321 ლარი, ჯარიმა 71 462 ლარი და საურავი 11 175 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით დგინდება, რომ საქმიანობას ახორციელებდა „----ში“. ამჟამად, პირი აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესამოწმებელ პერიოდში შპს „---“-ს (ს/ნ ----) თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი აქვს ჯამურად 816 415 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი. შპს „----'' შემოსავლების სამსახურის გვერდზე გაეგზავნა წერილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც გაეცნო 2025 წლის 20 მაისს.

შემოწმების პროცესში ასევე, მოხერხდა გადამხდელის წარმომადგენელთან დაკავშირება, თუმცა პირს არ წარმოუდგენია შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის ვადებში. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188517. გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13225 ბრძანების საფუძველზე, სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები, მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდნენ კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ მისამართზე: ქ. ----, შპს „---“-ის (ს/ნ ---) სავაჭრო ობიექტში საკონტროლო შესყიდვის ჩატარებისა და სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის მიზნით. აღნიშნულ მისამართზე ვერ მოიძებნა შპს „---“-ის (ს/ნ ----) ობიექტი. შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 816 883 ლარს. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 123%-ს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2023 წლის 5 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ: 2024 წლის თებერვალში გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამობეჭდილი აქვს ჩეკები სალარო აპარატში დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა 2024 წლის თებერვლის თვეში მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. 2025 წლის 25 აპრილის №7760 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---'' სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროს არ გააჩნია ადგილმდებარეობა და ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.

შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით (მეთოდური მითითება) განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შემოსული ფული დაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, რამაც შეადგინა 2 369 396 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები 147 045 ლარი, გაცემული დივიდენდები 975 000 ლარი, შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება ჯამურად 813 112 ლარი, სადაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 25 სექტემბერს 15:20 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2023 წლის 5 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). 2024 წლის თებერვალის თვეში გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამობეჭდილი აქვს ჩეკები საკონტროლო-სალარო აპარატში დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი. შემოწმებით აღნიშნული დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით ასევე განისაზღვრა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შემოსული ფული გაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული დივიდენდები, შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება, სადაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი შემოწმებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება წარმოშობილია თავად გადამხდელის მიერ დადეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით და არა შემოწმების შედეგებით.

ამასთან, შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ დადეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (გაიზარდა) მხოლოდ 2024 წლის თებერვლის თვეში. კერძოდ: 2024 წლის თებერვალში გადამხდელს ამობეჭდილი ჰქონდა საკონტოროლო-სალარო აპარატის ჩეკები დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2023 წლის 5 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). 2024 წლის თებერვალის თვეში გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამობეჭდილი აქვს ჩეკები საკონტროლო-სალარო აპარატში დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი. შემოწმებით აღნიშნული დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით ასევე განისაზღვრა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შემოსული ფული გაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული დივიდენდები, შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163 (1,2); 164 (1); 73 (4,9); 101 (1); 154 (1).