გადაწყვეტილება № 25909/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2025
№ დოკუმენტი 25909/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25909/2/2025

06 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 28.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25909/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №005-91 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19660 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 396 546,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 253 553,77

დღგ - 89 493,57

საშემოსავლო გადასახადი - 164 060,20

ჯარიმა - 130 980,20

საურავი - 12 012,11

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა) ადგილობრივ ბაზარზე (------ ბაზრობის მიმდებარედ) რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.11.2023 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 13.11.2023 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო მიმდინარე კონტროლის პროცედურების მიზნებისთვის 2025 წლის 11 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 19.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია ერთი სალარო აპარატი. საბაჟო პროცედურები განხორციელებულია 2024-2025 წლებში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №6350 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის

აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 4 აპრილის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემმოწმებელთათვის მიწოდებული მასალების ანალიზით დადგინდა, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2024-2025 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას აუდირებული ფასნამატი საშუალო 57%. ფასნამატები ჯგუფების (სულ 8 ჯგუფი) მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმების პროცესში, გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 656 241 ლარი (820 301 აგროსილი), რისი არსებობაც გადამხდელის მხრიდან ვერ დადასტურდა. შემოწმების პროცესში უცნობი იყო დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ თანხები სრულად იყო როგორც მიღებული, ასევე, გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. ფულის ნაშთი რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე 27.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13777 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-91 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.09.2025 წლის №19660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და არ წარუდგენია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ცნობა. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 4 აპრილის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

2024-2025 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი საშუალო 57% (სულ 8 ჯგუფი). აუდირებული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 656 241 ლარი (820 301 აგროსილი), რისი არსებობაც გადამხდელის მხრიდან ვერ დადასტურდა. შემოწმების პროცესში უცნობი იყო დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ თანხები სრულად იყო როგორც მიღებული, ასევე, გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით (სულ 4 ცალი და ისიც მხოლოდ 2025 წელს) ვერ ხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება (დოკუმენტი გამოწერილია ფეხსაცმელსა და ჩანთაზე). ასევე, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს 0,06%-ს (დეკლარირებული ბრუნვა 335 590 ლარი).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ.

ამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 2. თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საზოგადოების დოკუმენტალური ფასნამატი.

ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,------„ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12% ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2025 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს "-----"-ის (ს/ნ -----) საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე (----- ბაზრობის მიმდებარედ) იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები) ვაჭრობა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 03 აპრილის N6350 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 4 აპრილის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი კომპანიას არ გააჩნია, რაზეც ხელს აწერს მინდობილი პირი ნაზიმი მამედოვი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 30 მაისის N11110 ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა - საკონტროლო შესყიდვა. 2025 წლის 11 ივლისის ოქმის მიხედვით ობიექტი ვერ მოიძებნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N10141 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სალარო არ გააჩნია და ხელს აწერს მინდობილი პირი ნაზიმი მამედოვი, თუმცა ამავდროულად საწარმო სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატი.

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, შპს "-----"-ს (ს/ნ -----) დაევალა 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2025 წლის 01 აპრილამდე პერიოდზე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის /დოკუმენტაციის წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში. ზემოაღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 14.05.2025 წელს თუმცა არ წარუდგენია წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2025 წლის 28 მაისს მოხდა პირის დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული ბაზები და საბაჟო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა, რომ 2025 წლის 4 აპრილის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს ნულ ლარს, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად უდოკუმენტოდ. 2024-2025 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი საშუალო 57 % (სულ 8 ჯგუფი). აუდირებული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში.

შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშებულია საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის თხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოწერილი ზედნადებების მიხედვით (სულ 4 ცალი და ისიც მხოლოდ 2025 წელს) ვერ ხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება (დოკუმენტი გამოწერილია ფეხსაცმელსა და ჩანთაზე). ასევე დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს 0,06%-ს (დეკლარირებული ბრუნვა 335 590 ლარი).

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „-----“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან, ორივე საწარმოზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

2024-2025 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი საშუალო 57% (სულ 8 ჯგუფი). აუდირებული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმების პროცესში უცნობი იყო დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ თანხები სრულად იყო როგორც მიღებული, ასევე, გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);158(1);159(1):163(1,2);164(1);101(1);154(1);