გადაწყვეტილება №20421/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.10.2023
№ დოკუმენტი 20421/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20421/2/2023

27 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:სს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს --------------28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20421/2/2023).

 

დავის საგანი:

2022 წლის აპრილის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №006-213 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №11899 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და

საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 21 711,36 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 13 981

ჯარიმა - 7043

საურავი - 687,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აპრილი და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიას 2022 წლის აპრილისა და ნოემბრის თვეებში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (------------, -------------), რომლებზეც მიბმულია სასაქონლო ზედნადებები (№-----------------, №------------) ჯამური ღირებულებით 83 848 ლარი (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახდო კოდექსის 174-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით დადგინდა ჩასათვლელი დღგის თანხა (1 111 ლარი) და შემცირდა გადასახდელი დღგ.

გადასახადის გადამხდელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არ აქვს ასახული დღგის დეკლარაციებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევისთვის, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, 100 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №006-213 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომჩივანი აცხადებს, რომ ძირითადი საშუალებები გამოყენებული იყო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში, გადამხდელს მათზე ჩათვლა არ მიუღია. გამომდინარე აქედან, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ძირითადი საშუალებების მიწოდებისას უფლება აქვს დასარიცხი დღგ-ის თანხა შეიმციროს მიუღებელი ჩათვლის თანხის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია არ დაეთანხმა სადავო აქტებს და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანების თანახმად საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების (შემცირება).

არ ეთანხმება სადავო აქტებით განხორციელებულ დარიცხვას და მიჩნია, რომ დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას 2022 წლის აპრილის და ნოემბრის თვეებში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (ჯამში 83 843 ლარზე), თუმცა ეს სმფ-ები არ ჰქონდა ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შესაბამისად შემოწმების აქტით კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების პროცესში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოპერაციების შინაარსი და დასაბუთებული იყო, რომ დღგ არ ექვემდებარებოდა დარიცხვას.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის შეძენა (ძირითადად ქვეყნის გარეთ), იმპორტი და რეალიზაცია, რაც საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტების (2021 წლამდე მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი) თანახმად წარმოადგენს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქმიანობას.

2022 წლის აპრილისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული და დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენებული ძირითადი საშუალებების მიწოდება სს გრინვეი საქართველოსთვის და სს ------------ კერძოდ:

2022 წლის აპრილის თვეში სს ----------- მიაწოდა №----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებული ძირითადი საშუალებები (რამდენიმე ნოუთბუქი, კარადა, ტუმბო და სხვა საოფისე ინვენტარი/მოწყობილობა).

2022 წლის ნოემბრის თვეში სს ----------- მიაწოდა №----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებული ძირითადი საშუალებები (რამდენიმე ნოუთბუქი, კომპიუტერი, მონიტორი და სხვა საოფისე ინვენტარი/მოწყობილობა).

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული ძირითადი საშუალებების რეალიზაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, 2022 წლის აპრილის და ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით კომპანიას არ წარმოეშობა გადასახდელი დღგ შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

1. 2021 წლამდე შეძენილი ძირითადი საშუალებების მიწოდება:

2022 წლის აპრილში და ნოემბერში მიწოდებული ძირითადი საშუალებების დიდი ნაწილი შეძენილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. ამ ძირითადი საშუალებების მიხედვით კომპანიას არ აქვს დღგის ჩათვლა მიღებული, რადგან გამოიყენებოდა კომპანიის ძირითად საქმიანობაში (მსუბუქი ავტომობილების შეძენა-რეალიზაცია), რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 123-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძენილი ძირითადი საშუალების 2021 წლის შემდგომ პერიოდში მიწოდების შემთხვევაში ვრცელდება 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახდო კოდექსის 174-ე მუხლის 91 ნაწილით გათვალიწინებული დებულებები.

საგადასახდო კოდექსის 174-ე მუხლის 91 ნაწილის 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედ რედაქციით, კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებები გამოიყენებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში და საგადასახდო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (საგადასახდო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტი), თანახმად არ ჰქონდა უფლება და შესაბამისად არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლები.

ამდენად იმის გათვალიწინებით, რომ კომპანიას განსახილველი ძირითადი საშუალებების მიხედვით არ აქვს დღგ-ის ჩათვლები მიღებული, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 123-ე და საგადასახდო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 174-ე მუხლის 91 მუხლების საფუძველზე:

1. კომპანია უფლებამოსილია ძირითადი საშუალებების რეალიზაციისას გადასახდელი დღგ-ის თანხა შეიმციროს ამავე ძირითადი საშუალების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლის თანხით.

2. კომპანიას არ წარმოეშობა დღგ-ის თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან განსახილველი ძირითადი საშუალებების მიხედვით მიუღებელი დღგ-ის ჩათვლის თანხა (12 607,64 ლარი) აღემატება ამავე ძირითადი საშუალებების რეალიზაციისას გადასახდელი დღგ-ის თანხას (4 377,20 ლარი).

რაც შეეხება ამ ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის ასახვას დეკლარაციაში, გასათვალისწინებელია, რომ დღგ-ის დეკლარაციის არსებული ფორმა არ იძლევა საშუალებას მივუთითოთ ძირითადი საშუალების რეალიზაციის ოპერაციაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის შესამცირებელი თანხა. კერძოდ, დღგ-ის შესამცირებელი თანხის მითითება ტექნიკურად ვერ ხდება ვერც დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშების მე-11 სტრიქონში (დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა) და ვერც სხვა სტრიქონებში (მაგ. მე-7 ან მე-13).

შესაბამისად რადგან ძირითადი საშუალებების რეალიზაციის მიხედვით გადასახდელი თანხა სრულად შემცირდა ამავე ძირითადი საშუალებების რეალიზაციის მიხედვით გადასახდელი თანხა სრულად შემცირდა ამავე ძირითადი საშუალებების შეძენისას მიღებული დღგ-ის ჩათვლის თანხით, დეკლარაციაში მისათითებელი თანხა სრულად განულდა.

2. 2021 წლიდან შეძენილი ძირითადი საშუალებების მიწოდება კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების შეძენა-რეალიზაცია, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

შესაბამისად ძირითადი საშუალებების მიხედვით კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება საგადასახდო კოდექსის 177-ე მუხლით დადგენილი წესით (პროპორციული ჩათვლები):

უძრავ ნივთზე - ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;

სხვა ძირითად საშუალებებზე - ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით ასევე დადგენილია სპეციალური წესი, რომელიც არეგულირებს პროპორციულ ჩათვლას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის ჩათვლას მათი რეალიზაციის შემთხვევაში, კერძოდ:

აღნიშნული ინსტრუქციის 732 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალიწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახდო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეორე და შემდგომ წლებში შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის მე-3 ნაწილის „ბ“ დანართის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ხოლო 731 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ თუ დასაბეგრი პირის მიერ ძირითადი საშუალების მიწოდება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ითვლება, რომ მიწოდებული აქტივები სრულად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რა დროსაც:

ა) თუ მიწოდების ოპერაცია იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ითვლება, რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს აქვს ჩათვლის უფლება.

ბ) თუ მიწოდების ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, ითვლება, რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება.

ანალოგიური მიდგომა გაწერილია შემოსავლების სამსახურის №19593 ბრძანებით დამტკიცებულ მაგალითებში (ბრძანების დანართი №5, მე-7 მაგალითი).

ამდენად კომპანია უფლებამოსილია 2022 წელს განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა განსახილველი ძირითადი საშუალების მიხედვით დარჩენილ პერიოდზე სრულად, კერძოდ:

2021 წელს შეძენილი იყო და 2022 წელს რეალიზებული ძირითადი საშუალებების მიხედვით კომპანიას უფლება აქვს ჩაითვალოს შეძენისას გადახდილი დღგ-ის 4/5 (2022 – 2025 წწ.).

2022 წელს შეძენილი აქვს და ამავე წელს რეალიზებული ძირითადი საშუალებების მიხედვით კომპანიას უფლება აქვს ჩაითვალოს შეძენისას გადახდილი დღგ სრულად (2022 – 2025 წწ.).

იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგის ჩასათვლელი თანხა აღემატებოდა ამავე ძირითადი საშუალებების რეალიზაციაზე გადასახდელი დღგის თანხას, კომპანიის მიერ დეკლარაციაში არ მოხდა ოპერაციის ასახვა.

ცხადია ფორმალურად განსახილველი ოპერაცია ექვემდებარებოდა დეკლარაციაში მითითებას, თუმცა ასახვას ასევე ექვემდებარებოდა დღგ-ის ჩათვლა, რის შედეგადაც გადასახდელი დღგ-ის ეფექტი კვლავ ნული იქნებოდა.

საყურადღებოა, რომ აუდიტის პროცესში მოხდა ძირითადი საშუალებების შეძენის ოპერაციებზე გამოწერილი სმფ-ების მიწოდება აუდიტის დეპარტამენტისთვის და თხოვნა, რომ თუ განახორციელებდნენ დღგ-ის დარიცხვას, აესახათ დღგ-ის ჩასათვლელი თანხაც, რაც გაანულებდა დეკლარაციების მიხედვით გადასახდელი გადასახადის ოდენობას.

ასევე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის ბრძანებით მიღებული გადაწყვტილება გაუმართლებელია, რადგან საჩივარში აღწერილი გარემოებებით და წარდგენილი დოკუმენტებით ნათლად დასტურდება, რომ განხორცილებული დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას და შესაბამისად კომპანიის მოთხოვნა ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ განხორცილებული დარიცხვა დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას. შესაბამისად ითხოვს გაუქმდეს (ბათილად იქნას ცნობილი) აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წელის №11899 ბრძანება და №006-213 საგადასახდო მოთხოვნა და შემოსავლების სამსხურის 12.07.2023 წლის ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 123-ე ნაწილის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეძენილი ძირითადი საშუალების 2021 წლის შემდგომ პერიოდში მიწოდების შემთხვევაზე ვრცელდება 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 174-ე მუხლის 91 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები.

2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის 91 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, იმ ძირითადი საშუალების მიწოდებისას, რომლის მიხედვითაც ამ მუხლის მე-7−მე-9 ნაწილების გათვალისწინებით არ მიუღია ან/და გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა, დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეამციროს ამ ძირითადი საშუალების მიხედვით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის თანხის ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტის ან/და საფუძვლის არსებობისას.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2022 წლის აპრილისა და ნოემბრის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (-------------, ------------), რომლებზეც მიბმულია სასაქონლო ზედნადებები (№-----------, №------------) ჯამური ღირებულებით 83 848 ლარი (დღგ-ის გარეშე), არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოპერაციების შინაარსი და დასაბუთებული იყო, რომ დღგ არ ექვემდებარებოდა დარიცხვას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის შეძენა (ძირითადად ქვეყნის გარეთ), იმპორტი და რეალიზაცია, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად, წარმოადგენს დღგისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქმიანობას. 2022 წლის აპრილისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული და დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენებული ძირითადი საშუალებების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული ძირითადი საშუალებების რეალიზაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, 2022 წლის აპრილის და ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით კომპანიას არ წარმოეშობა გადასახდელი დღგ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 123-ე ნაწილიდან გამომდინარე. რაც შეეხება ამ ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის ასახვას დეკლარაციაში, გასათვალისწინებელია, რომ დღგ-ის დეკლარაციის არსებული ფორმა არ იძლევა საშუალებას მიეთითოს ძირითადი საშუალების რეალიზაციის ოპერაციაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის შესამცირებელი თანხა.

საბჭო აღნიშნავს, რომ 13.06.2023 წლის №100690/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16896 ბრძანების შინაარსის გათვალიწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

2022 წლის აპრილის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიას 2022 წლის აპრილისა და ნოემბრის თვეებში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები რომლებზეც მიბმულია სასაქონლო ზედნადებები . აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159(1);163(1);164(1);174(1,2,91);175(1,2);176(1,2);309(123);