გადაწყვეტილება №28069/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28069/2/2026
11 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 3.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28069/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6555 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №028-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №18470 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 142 542.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 69 851.57
დღგ - 9 836.37
საშემოსავლო გადასახადი - 60 015.20
ჯარიმა - 59 205.40
საურავი - 13 485.41
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო, მისაბმელი, ტრაქტორი, მიკროავტობუსი) საზღვარგარეთ შეძენა და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ან თავისუფალ ზონაში რეალიზაცია. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 9 სექტემბრიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13203 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანიას აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად (პროგრამაში არ არის ასახული ყველა ოპერაცია). შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. შედეგად, დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები არ არის აღრიცხული სრულყოფილად. შემოწმებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისების, საბანკო გადარიცხვების და საბაჟო დოკუმენტაციის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია ხდება სამი მეთოდით - ადგილობრივ ბაზარზე (გამბაჟებული), რეექსპორტის რეჟიმით და საქართველოს გარეთ მიწოდებით (თავისუფალ ზონაში რეალიზაცია). ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სატვირთოების ნაწილის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. შემოწმებით გაანალიზდა დოკუმენტურად რეალიზებული სატვირთოების ფასნამატი, რაც შეადგენს 11,7%-ს. აღნიშნული ფასანამატი გავრცელდა ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე და გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო რეალიზაციის დოკუმენტის წარდგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი/რეექსპორტის და საქართველოს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლების ოდენობა (გათავისუფლებული ბრუნვა). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28653 ბრძანება და №028-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 136 346.79 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 25 მარტის №6555 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6555 ბრძანება 17.04.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.05.2026 წლის №27164/2/2026 (11.05.2026 წელი; №-/-----) გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენილის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6555 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2026 წლის დასკვნა, 26.06.2026 წლის №14115 ბრძანება და №028-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 14 აგვისტოს №18470 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მივლინების ბრძანებები. შედეგად, დგინდება, რომ კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელი -------ი შესამოწმებელ პერიოდში იმყოფებოდა მივლინებით ------ში, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და ტრანსპორტირება. თუმცა, რიგ შემთხვევებში, წარდგენილი მივლინების ბრძანებები შეიცავს ხარვეზებს. კერძოდ, საზღვრის კვეთის მონაცემები არ ემთხვევა მივლინების ბრძანების მონაცემებს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელი -----ი, ასევე, საქმიანობს ------ში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხოლო შპს „----“ ამ კომპანიისგან ახდენს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს საზღვარგარეთ მყოფი ------ის მიერ გაწეული მივლინების ხარჯები რამდენად კავშირშია შპს „----“-ის საქმიანობასთან. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. 2013-2014 წლის რეალიზაციის შედეგად ორგანიზაციამ მიიღო ზარალი, რის გამოც 2014-2018 წლამდე თითქმის აღარ ახორციელებდა საქმიანობას. 2018-2021 წლამდე შემოტანას ანხორციელებდა კონსიგნაციით და ნელ-ნელა შეძლო 2022-2024 წლებში აღნიშნული დავალიანების დაფარვა. საწარმოს საქმიანობაზე ასევე გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ.
აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გამორჩენილი ჩასათვლელი საბაჟო დეკლარაციები, რის გამოც არ მოხდა როგორც ჩათვლის, ასევე ჯარიმის შემცირება. არგუმენტი, რომ მომჩივანს მომდევნო თვეში შეუძლია ჩათვლა განახორციელოს არასწორია, რადგან ჯარიმა რჩება უცვლელი.
სამივლინებო ხარჯების არ ჩათვლის არგუმენტი არის ის, რომ -------ს -------შიც აქვს კომპანია და იქაც ახორცილებს საქმიანობას. ეს არგუმენტი უსაფუძვლო და არასწორია. კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ------ი არის საქართველოს მოქალაქე, ოჯახი ჰყავს საქართველოში და --------ში არ აქვს საცხოვრებელი სახლი ან ფართი, მას ქირით აქვს აღებული საცხოვრებელი ფართი,რომლის ხარჯის გამოქვითვა არ ხდება იქაური კანონმდებლობით. გარდა ამისა, შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების 50% არის სხვა კომპანიებიდან შეძენილი, სამივლინებო ხარჯები პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან, რემონტებთან და ტრანსპორტირებასთან. გაუგებარია ზემოთ მოყვანილი არგუმენტი რა კავშირშია, როცა შეძენა და რემონტი ხდება სხვა კომპანიებიდან, ასევე ტრანსპორტირების ორგანიზებაც ხომ სხვა კომპანიებთან ურთიერთობით ხდება.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, ითხოვს გამოიქვითოს სამივლინებო ხარჯები. ასევე, გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6555 ბრძანებით, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2026 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მივლინების ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელი ------ი შესამოწმებელ პერიოდში იმყოფებოდა მივლინებით -------ში. მივლინების მიზნობრიობას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და ტრანსპორტირება. რიგ შემთხვევებში წარდგენილი მივლინების ბრძანებები შეიცავს ხარვეზებს. კერძოდ, საზღვრის კვეთის მონაცემები არ ემთხვევა მივლინების ბრძანების მონაცემებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელი ----ი, ასევე, საქმიანობს ------ში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხოლო შპს „-----“ ამ კომპანიისგან ახდენს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს საზღვარგარეთ მყოფი -----ის მიერ გაწეული მივლინების ხარჯები რამდენად კავშირშია შპს „----“-ის საქმიანობასთან. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ----ი დაახლოებით 300 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ მოცემული საკითხი გადასახადის გადამხდელს არ გაუხდია სადავოდ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი თავდაპირველი საჩივრით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საკითხის შესწავლა/გადაანგარიშება არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6555 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6555 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №6555 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13203 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. შედეგად, დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები არ არის აღრიცხული სრულყოფილად. შემოწმებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისების, საბანკო გადარიცხვების და საბაჟო დოკუმენტაციის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია ხდება სამი მეთოდით - ადგილობრივ ბაზარზე (გამბაჟებული), რეექსპორტის რეჟიმით და საქართველოს გარეთ მიწოდებით (თავისუფალ ზონაში რეალიზაცია). ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სატვირთოების ნაწილის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. შემოწმებით გაანალიზდა დოკუმენტურად რეალიზებული სატვირთოების ფასნამატი, რაც შეადგენს 11,7%-ს. აღნიშნული ფასანამატი გავრცელდა ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე და გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო რეალიზაციის დოკუმენტის წარდგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი/რეექსპორტის და საქართველოს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლების ოდენობა (გათავისუფლებული ბრუნვა). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №28653 ბრძანება და №028-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 136 346.79 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №6555 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №6555 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №27164/2/2026 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენილის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის №6555 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №14115 ბრძანება და №028-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18470 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №6555 სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);