გადაწყვეტილება №22013/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 22013/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22013/2/2024

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22013/2/2024).

 

დავის საგანი: შემოწმებისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №081-266 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 63 664 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 40 328

დღგ - (-1 816)

საშემოსავლო გადასახადი - 42 144

ჯარიმა - 21 201

საურავი - 2 135

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს.

2023 წლის 8 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად დს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.10.2023 წლის №25595 ბრძანება და №081-266 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტორებს წარუდგინა კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების დოკუმენტები, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და სხვა ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული პროცედურის შედეგად გადამხდელს არ გააჩნდა სალაროს ნაშთი.

მის მიერ გაანგარიშებული იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობა. ამ გაანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიას 2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 119 700 ლარს, ხოლო 2023 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ არის. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისის შესაბამისად კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი უძრავი არ არის, მაგალითად 29.12.2021 წელს, 30.01.2022 წელს, 28.02.2022 წელს და 13.08.2023 წელს სალაროში ნაღდი ფული საერთოდ არ არის, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორს საკუთარი თანხა აქვს გადახდილი მომწოდებლებზე, რომელიც შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლებით აქვს დაბალანსებული. სიტუაციური სახელმძღვანელოს (სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა №1817) შესაბამისად თუ კომპანიას გააჩნია სესხი, ბანკიდან შემოსული თანხები გაიცემა მიზნობრივად, ხოლო სალაროში აქვს უძრავი ფულადი ნაშთი ამ შემთხვევაში სალაროს უძრავი ფულადი ნაშთი უნდა იქნას განხილული საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალად.

მის მიერ წარდგენილი სალაროში თანხების მოძრაობის უწყისის შესაბამისად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი არ არის, ასევე კომპანიას არ გააჩნია სესხი. 1.07.2023 წლის მდგომარეობით კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 119 700 ლარს, ხოლო სიტუაციური სახელმძღვანელოს (სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა №1817) თანახმად კომპანიის სალაროს ნაშთი არ უნდა იქნას განხილული, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და არ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის სახით

შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კომპანიაში 2023 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაც არ არის სწორი. შემოსავლების სამსახურში სალაროს ნაშთის დადგენის მიზნით გამოძახებული იქნა საწარმოს დირექტორი. დირექტორის ნაცვლად შემოსავლების სამსახურში გამოცხადდა დირექტორის ------- მინდობილი პირი -------, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის სალაროში არ არის ნაღდი ფული. ------- შემოსავლების სამსახურში მოსთხოვეს მინდობილობა, რომელიც ------- შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, რომლის ტელეფონის ნომერია -------, „ვოცაფის“ საშუალებით გადაუგზავნა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ წარუდგენიათ 2023 წლის 8 აგვისტოს სალაროს ინვენტარიზაციის აქტი. კომპანია თანხების მოძრაობას ძირითადად ახდენდა საბანკო ოპერაციებით, რაც წარდგენილია ცხრილის სახით და მითითებულია ტრანზაქციის რეკვიზიტები. ასევეა ის ოპერაციებიც ასახული, რაც ნაღდი ფულის სალაროდან ან/და ანგარიშვალდებული პირის მიერ იყო გაცემული.

2023 წლის 13 აგვისტოს შპს ------- სალაროდან მომწოდებელის ------- წარმომადგენელს ------- (პ/ნ -------) გადაუხადა 66 129.00 ლარი, რაზეც გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი. ამ ოპერაციამ გამოიწვია სალაროს ნაშთის განულება, როგორც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, ისე ფაქტიურადაც. (საჩივარს თან ერთვის კომპანიის მინდობილობა, სალაროს გასავლის ორდერი და მინდობილი პირის პირადობის ფოტოასლი).

ამ გარემოების გამო ------- (დირექტორის მინდობილი პირი) განუცხადა კიდეც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს 2023 წლის 14 აგვისტოს „ვოცაფის“ საშუალებით გადაუგზავნა მინდობილობა. თუმცა რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

მოითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. 2023 წლის 8 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი სალაროში თანხების მოძრაობის უწყისის შესაბამისად 1.07.2023 წლის მდგომარეობით კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 119 700 ლარს, ხოლო სიტუაციური სახელმძღვანელოს (სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა №1817) თანახმად, კომპანიის სალაროს ნაშთი არ უნდა იქნას განხილული, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და არ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის სახით. 2023 წლის 13 აგვისტოს შპს ------- სალაროდან მომწოდებელის -------ის წარმომადგენელს ------- (პ/ნ -------) გადაუხადა 66 129.00 ლარი, რაზეც გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი. ამ ოპერაციამ გამოიწვია სალაროს ნაშთის განულება, როგორც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, ისე ფაქტიურადაც (საჩივარს თან ერთვის კომპანიის მინდობილობა, სალაროს გასავლის ორდერი და მინდობილი პირის პირადობის ფოტოასლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და სწორად განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოწმებისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;