ბრძანება N 20066

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.09.2025
№ დოკუმენტი 20066
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20066

11 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---)

2025 წლის 3 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს და 4 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №71 და №72) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 3 აგვისტოს №97306/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №081-38 საგადასახადო მოთხოვნასა და 2025 წლის 11 ივლისის №081-187 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის სრული ჩათვლა. ასევე, მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება მიღებული უფაქტურო სასაქონლო ზედნადებები, რომლებზეც შეუძლია წარმოადგინოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11150 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: „1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 4 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 9 884 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 ივლისის №081-187 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში წარმოდგენილი არ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც მომწოდებლების მიერ გამოწერილია საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიღებული თანხის შესაბამისი დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის №081-187 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 27 აგვისტოს 12:00 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 4 სექტემბერს 12:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული.

თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება.

ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს: ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, სადაც მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის სრული ჩათვლა, კერძოდ, არ არის ჩათვლილი დღგ 6 747 ლარის ოდენობით.

ასევე, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება მიღებული უფაქტურო სასაქონლო ზედნადებები, დაალოებით 12 000 ლარის ოდენობით, რომლებზეც შეუძლია მომწოდებლებს მოთხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩაითვალოს დღგის თანხა.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №081-38 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №081-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „----ის“ (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11150 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №081-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №081-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის №081-187 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის სრული ჩათვლა.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში წარმოდგენილი არ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც მომწოდებლების მიერ გამოწერილია საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიღებული თანხის შესაბამისი დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174 (1); 175 (1); 176 (1); 178 (დ); 301 (ზ).