გადაწყვეტილება №22907/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22907/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“-ის (ს/ნ ---)
ყოფილი დირექტორი --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორი ---- 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №№22907/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №007-242 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6052 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
646 936,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 382 880
დღგ - 185 084
საშემოსავლო გადასახადი - 197 796
ჯარიმა - 191 440
საურავი - 72 616,76
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს „---“-ის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ტექსტილით და თეთრეულით. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს „---“-ის საქმიანობის 12.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს ჩინეთიდან და შემდგომ რეალიზაციას, როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი (იმპორტირებული) საქონლის ღირებულება შეადგენს 1 035 179 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 370 437 ლარს.
საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოში სმფ-ების ნაშთი ნულის ტოლია. კომპანიას შემოწმების ჯგუფისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების- ჯგუფზე, წლის ჭრილში, დადგენილი იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი.
გაანგარიშებული ფასნამატი (2022 წელს საშუალო შეწონილი 35%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავალი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის (იმპორტირებულის) შეძენის ხარჯად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, ---ზე (პ/ნ ---), ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1601 მუხლის პირველი ნაწილის, 163-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შპს „----“-ს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №007-242 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანმა 22.11.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და გაასაჩივრა შპს „---“-ის მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №007-242 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6052 ბრძანებით შპს „---“-ის ყოფილი დირექტორის ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შპს „---“-ის (ს/ნ ---) ყოფილ დირექტორს ფ/პ ---ს (პ/ნ ---) შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ გამოცემული 25.09.2023 წლის №007-242 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შემოწმების მასალები გადაეცა 30.10.2023 წელს, ხოლო პირველადი საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 22.11.2023 წელს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხვა განხორციელებულია 12.01.2022 - 1.10.2022 საანგარიშო პერიოდებზე. 12.01.2022 წლიდან 22.09.2022 წლამდე საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ---- (პ/ნ ---). ამ პერიოდზე დარიცხული გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი (იმპორტირებული) საქონლის ღირებულება შეადგენს 1 035 179 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა - 370 437 ლარს. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოში სმფ-ის ნაშთი ნულის ტოლია. ამასთან, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმებას შეეძლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, აღნიშნული განხორციელდა შემდეგნაირად:
შემოწმებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, რის შედეგადაც, სასაქონლომატერიალური ფასეულობების 9 ჯგუფზე წლის ჭრილში დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებულ სმფ-ებზე, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (2022 წელს საშუალო შეწონილი 35%), რაც გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.
შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავალი და განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, ანაზღაურებულად ჩაითვალა იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%, ხოლო შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულადი შემოსავალი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „----“-ს უსაფუძვლოდ დაერიცხა 646 936,76 ლარის გადახდა. კომპანია დარეგისტრირდა 12.01.2022 წელს და დირექტორად დაინიშნა მომჩივანი, ხოლო 22.09.2022 წელს კომპანიის დირექტორად დაინიშნა აზერბაიჯანის მოქალაქე ---, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს. 22.09.2023 წლის შემოწმების აქტში მითითებულია შემოწმებული პერიოდი 12.01.2022 წლიდან, ანუ იურიდიული პირის რეგისტრაციის დღიდან 1.07.2023 წლამდე, თუმცა არ არის დაზუსტებული, რომელ პერიოდზე არის დარიცხული თანხები, მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი თუ ---ის პერიოდს ედავება შემოსავლების სამსახური. თუ სადავო თანხა დარიცხულია მისი დირექტორობის პერიოდში დაკისრებულ თანხებს ვერ დაეთანხმება, ვინაიდან საგადასახადო ორგანოსთან აწარმოებდა ანგარიშსწორებას და მოქმედებდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. მის მიერ მითითებული დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში. 20.03.2024 წლის უკანონო და დაუსაბუთებელი №6052 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. შემოსავლების სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მომჩივნის პრეტენზიები და არგუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნას ცნობილი 22.09.2023 წლის შპს „---“-ის საგადასახადო შემოწმების აქტი, 25.09.2023 წლის აუდიტის დეპარტამენტის №23452 ბრძანება, ამავე თარიღის №007-242 საგადასახადო მოთხოვნა და 20.03.2024 წლის შემოსავლების სამსახურის №6052 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შპს „---“-ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს ჩინეთიდან და შემდგომ რეალიზაციას, როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი (იმპორტირებული) საქონლის ღირებულება შეადგენს 1 035 179 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 370 437 ლარს. საწარმოში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი ნული ლარი.
საწარმოს მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციების, შეძენების და ინვენტარიზაციის მასალების დამუშავების შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 9 ჯგუფი, რომელზეც წლის ჭრილში, დადგენილი იქნა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნული გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე.
დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. იმპორტირებული საქონლის შეძენისას ანაზღაურებულ თანხად ჩაითვალა არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%.
შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, ---ზე (პ/ნ ---), ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური 20.03.2024 წლის №6052 ბრძანებაში მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხვა განხორციელებულია 12.01.2022 - 1.10.2022 საანგარიშო პერიოდებზე. 12.01.2022 წლიდან 22.09.2022 წლამდე საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო --- (პ/ნ ---). ამ პერიოდზე დარიცხული გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავალი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის (იმპორტირებულის) შეძენის ხარჯად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 73 (5,9).