ბრძანება N12044

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2023
№ დოკუმენტი 12044
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N12044

31 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: „------“)

2023 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „------“) №78001/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ნოემბრის №086-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში საშუალო სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2019 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი მოიცავდა ინვენტარიზაციის პერიოდსაც, აღნიშნული საკითხი შესწავლილი იქნა და დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. მიუთითებს, რომ ასევე არასწორად არის დაკვალიფიცირებული აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოსთვის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ დებიტორული დავალიანების ნაწილი ჩარიცხულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, ხოლო ნაწილი დავალიანება დაზუსტებულია დებიტორებთან შედარების აქტებით. მიუთითებს, რომ შეუძლია აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა შემმოწმებლებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის №16134 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი ივნისიდან 2022 წლის 18 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 ნოემბრის №29172 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ: 172 558 ლარი, მათ შორის გადასახადი 104 455 ლარი, ჯარიმა 48 713 ლარი და საურავი 19 390 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები. კერძოდ, კომპანიას საბუღალტრო მონაცემებით ფიცრის ნაშთი უფიქსირდებოდა 202.3 მ 3 , ხოლო ფაქტობრივმა ნაშთმა ინვენტარიზაციის მომენტში შეადგინა 407.77 მ 3 . წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ჩანაწერებით დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი აღურიცხველი საქონელი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტერიაში და არ იყო გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა. შესაბამისად, საწყისი ნაშთი შემოწმებისთვის არასწორად იყო წარდგენილი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სმფ-ების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო ზემოაღნიშნული აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იყო ასახული. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ აღურიცხველი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელ პერიოდში, საშუალო სარეალიზაციო ფასით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დარიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დარიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანიას საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით უფიქსირდებოდა რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები (დებიტორული დავალიანებები). შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შედარების აქტები არსებული დავალიანებების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და არც ბუღალტრულად აღრიცხული. შემოწმებით, დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელთან 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ და არ ჰქონდა გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა. შესაბამისად, საწყისი ნაშთი შემოწმებისთვის არასწორად იყო წარდგენილი. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო ზემოაღნიშნული აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ჰქონდა ასახული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აღურიცხველი საქონლის რეალიზებულად მიჩნევა და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 5 დეკემბერს გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რისთვისაც პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით უფიქსირდებოდა რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები. გადასახადის გადამხდელისგან და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და ბუღალტრულად აღრიცხული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფულის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად განხილვა მართლზომიერია და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში საშუალო სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე არასწორად არის დაკვალიფიცირებული აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოსთვის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.ჩატარებული ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხველი საქონელი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტერიაში და არ იყო გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სმფ-ების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო ზემოაღნიშნული აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იყო ასახული.

აღურიცხველი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელ პერიოდში, საშუალო სარეალიზაციო ფასით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.პირს დარიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2. კომპანიას უფიქსირდებოდა რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები (დებიტორული დავალიანებები).

აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და არც ბუღალტრულად აღრიცხული.დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

61(3),160(1„ა“ ),161(1 „ა“ ),158(1),163(1,2),73(9 „ბ“ ),101(1),154(1"ა")