გადაწყვეტილება №26649/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26649/2/2026
02 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 17.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26649/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14616 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №002-175 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №1547 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 513 888.29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 307 721.63
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 90
საშემოსავლო გადასახადი - 306 011.63
ქონების გადასახადი - 1 620
ჯარიმა - 105 037.25
საურავი - 101 129.41
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8626 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. მომჩივნის მიერ არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ანალიზი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სსა-ს მონაცემები, ასევე მეწარმის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები. ანალიზის შედეგად, სსა-სა და ბანკის ამონაწერში არსებული მონაცემები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სხვაობამ 2021 წელს შეადგინა 69 436 ლარი, 2022 წელს - 487 966 ლარი, ხოლო 2023 წელს - 531 351 ლარი. ასევე, 2023 წლის 29 მაისის №11700 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 131 396 ლარის დანაკლისი ასახულ იქნა 2023 წლის ერთობლივ შემოსავალში. 2021 წლის დეკლარირებული ფასნამატია 6.7%, 2022 წლის - 1.9%, 2023 წლის - 4.8%, ხოლო შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი ფასნამატები წლების მიხედვით: 2021 წელს - 16.2%, 2022 წელს - 30.9%, ხოლო 2023 წელს - 24.8%. 2024 წლის 15 აპრილის №8469 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 26 715 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ - 22 005 ლარი. 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი გაანგარიშდა ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით (21.4%). აღნიშნულ სხვაობაში გათვალისწინებულია 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში (მეწარმის მიერ ვერ იქნა გაშიფრული დეკლარირებული სხვა გამოქვითვები). მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და ზეპირსიტყვიერად ითხოვა აღნიშნულის სრულად გამოქვითვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ხარჯები გაზრდილია 55 352 ლარით. ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის. კერძოდ, დეკლარირებულთან შედარებით 1 637 ლარით ნაკლები სმფ-ებია შესყიდული, რის საფუძველზეც მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმის მიერ 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია, რის მიხედვითაც გამოუვლინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს და მის მეუღლეს "-------"-ს საკუთრებაში უფიქსირდებათ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონებები. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, მეწარმის დასაბეგრი უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით. შემოწმების აქტით, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, მარნის მშენებლობის დროს მეწარმეს მომსახურება გაუწია ორმა ფიზიკურმა პირმა (დღგ-ის გადამხდელად არ არიან რეგისტრირებული), ჯამში 30 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირების მომსახურებები მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16480 ბრძანება და 16 ივლისის №002-148 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 421 940.10 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 9 ოქტომბრის №22034 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.11.2024 წლის №24212/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22034 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
-მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება 25.01.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.02.2025 წლის №24648/2/2025 (რეგ. 20.02.2025 წელი; №03/11627) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის დასკვნა, 10.04.2025 წლის №6835 ბრძანება და №002-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 10 817 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 7 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2.07.2025 წლის №14616 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14616 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის დასკვნა, 4.12.2025 წლის №26699 ბრძანება და №002-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 2 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 29 იანვრის №1547 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა,რადგან მისივე ზეპირი ახსნა-განმარტებით, ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებით ანალიზი გაკეთდა/შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით და ასევე პირდაპირი მეთოდითაც. ვინაიდან აღნიშნული მეთოდებით არ გამოვლინდა შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა, შემოწმების მიერ შემოსავლები დათვლილ იქნა შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები, ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული, თუმცა გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფვრა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ასევე, 2023 წლის შემოსავალში ასახულ იქნა 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა შემოსავალში ასახული.
გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დამატებით შესყიდვის აქტები და ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია წარდგენილი დოკუმენტები და ასევე ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა. გადაანგარიშების ფარგლებში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები (შესაბამისად გაზრდილ იქნა შესყიდული საქონლის ღირებულება და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება), გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. ანალიზის შედეგად მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (გაიზარდა). ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №002- 148 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით მომჩივანს გადასახადი დაერიცხა სულ 268 177.11 ლარი, აქედან მიწის გადასახადი - 90 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 266 467.11 ლარი, ქონების გადასახადი - 1 620 ლარი. ჯარიმა - 108 642.60 ლარი, საურავი 45 120 ლარი. ასევე, დარიცხული გადასახადები, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა: საშემოსავლო გადასახადი 16.09.2024 წ. - 25 439.18 ლარი, 16.12.2024 წ. -25 439.18 ლარი. ჯამში - 50 878.36 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №002-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადამხდელს გადასახადი განესაზღვრა სულ 307 721.63 ლარი, აქედან მიწის გადასახადი - 90 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 306 011.63 ლარი, ქონების გადასახადი - 1 620 ლარი, ჯარიმა 105 037.25 ლარი, საურავი - 79 987.29 ლარი. აღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადის თანხის გაზრდა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: პირველად საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ საშემოსავლო გადასახადის თანხას - 268 177.11 ლარს დაემატა 50 878.36 ლარი (პირველად საგადასახადო მოთხოვნაში ასახული არდამდგარი საავანსოები, რომლებიც გადამხდელის ბარათზე ასახვას დაექვემდებარა 16.09.2024 წ. და 16.12.2024 წ.) და გამოაკლდა 2025 წლის 7 აპრილს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ შედგენილი დასკვნის საფუძველზე შემცირებული გადასახადის თანხა 7 212 ლარი და გამოაკლდა ამავე დასკვნით შემცირებული 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები ჯამში 4 122 ლარი (ჯამი 307 721 ლარი).
აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 1 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. შესაბამისად, 2025 წლის 4 დეკემბრის №002-175 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადის თანხა შეადგენს 307 721 ლარს. ამდენად, პირველადი და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები შესაბამისობაშია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების ეტაპებზე შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა როგორც საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14616 ბრძანების მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში:
შემმოწმებლის მიერ საერთოდ არ ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და შესყიდვის აქტები შესწავლა, ისევ პირველადი საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებს ეყრდნობა და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ ქონდა 2023 წლის შემოსავალში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. ასევე, უთითებს არასწორ ინფორმაციას, რომ მომჩივნის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წარდგენილი არ ყოფილა, რადგან მისივე ზეპირი ახსნაგანმარტებით ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. პირიქით, საჩივარი სწორედ მაგაზე არის აგებული, რომ სრულყოფილად აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და არ მიუცია რაიმე სახის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელსაც შემმოწმებელი მიუთითებს. აღნიშნული სრულად არის ასახული, 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების აღსრულების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტს დეპარტამენტში 15 დღის ვადაში წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისის სრული ბაზა, სადაც ასახული იყო 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი და ასევე წარდგენილი იქნა დამატებითი მტკიცებულებები (შესყიდვის აქტები). თუმცა, ისევე როგორც წინა დასკვნით, ახალ დასკვნაშიც შემმოწმებელი უთითებს არასწორ ინფორმაციას. საჩივრის განხილვისას შემმოწმებელმა დააფიქსირა პოზიცია, რომ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და შესყიდვის აქტები იმიტომ არ გაითვალისწინა, რომ არ იყო თავის დროზე წარდგენილი, რაც დავის განმხილველმა ორგანომ არ გაითვალისწინა და დაადგინა, რომ შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 31 მარტს შემმოწმებელთან დამატებით გააგზავნა საბუღალტრო ბაზის განახლებული, სრულად შესწორებული ვერსია, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. მათ შორის, სრულად არის ასახული სრული პერიოდის შესყიდვის აქტები. გარდა იმ შესყიდვის აქტებისა, რომლებიც უკვე იყო წარდგენილი შემოწმების საწყის ეტაპზე, შემმოწმებლისთვის დამატებით იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები. შემოსავლების სამსახურის 20255 წლის 2 ივლისის №14616 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემმოწმებელს და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც შემმოწმებელმა განაცხადა, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ შემოწმების ჩატარების შემდგომ წარდგენილი არის დამატებითი დოკუმენტაცია და სრულყოფილი საბუღალტრო ბაზა, აქვთ უფლება გადასახადის დარიცხვა განახორციელონ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ან არ გაითვალისწინონ და არ მოხდება დარიცხვის შემცირება. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2025 წლის 7 აპრილის დასკვნაში, რომელიც მომჩივნის მიერ იქნა გასაჩივრებული, ზუსტად ანალოგიური დასაბუთება იყო მითითებული, ვინაიდან დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების შედეგად გაზრდიდა რპთ-ს და შესაბამისად შემოსავალს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა და მიუთითა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 31 მარტს შემმოწმებელთან დამატებით გააგზავნა საბუღალტრო ბაზის განახლებული, სრულად შესწორებული ვერსია, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. მათ შორის, სრულად არის ასახული სრული პერიოდის შესყიდვის აქტები. იმ შესყიდვის აქტების ჩათვლით, რომლებიც უკვე იყო წარდგენილი შემოწმების საწყის ეტაპზე და შემმოწმებლისთვის დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნული დავალება შემმოწმებლის მიერ საერთოდ არ იქნა შესრულებული. მომჩივნის მიერ წარდგენილი არის სრულყოფილი ბუღალტრული ელექტრონული ბაზა და ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც უკვე გამორიცხავს, როგორც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ასევე მის არ გათვალისწინებას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და დოკუმენტალურად დადასტურებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს (მათ შორის, სასაქონლო ზედნადების ფასნამატი).
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე, 267-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ ერთერთ საქმეზე აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით ახდენენ საგადასახადო კონტროლს გადასახადის გამოანგარიშების სისწორეზე, დეკლარაციათა დროულ წარდგენაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის სრულ და დროულ შედგენაზე და სხვ. საგადასახადო შემოწმება არის გადამხდელის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი საშუალება, რომლის შედეგები ფორმდება სათანადო აქტით. შემოწმების აქტის საფუძველზე განისაზღვრება გადასახადების აღრიცხვისა და დეკლარირების განხორციელების შესაბამისობა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მიეთითება გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებისთვის აუცილებელი მოთხოვნები (სუსგ 25.09.2014წ. Nბს-798- 782(კ-12)). საგადასახადო შემოწმების მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების შედარება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან, დეკლარირებული მონაცემების ფაქტობრივი სისწორის შემოწმება. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული აღრიცხვის ხარვეზიანობის დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ახდენს მეწარმისთვის გადასახადის შესაბამისი თანხების დარიცხვას, რომელიც გადასახადის ძირითად თანხასთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს ჯარიმებსაც, უკეთუ შემოწმების შედეგად მეწარმე სუბიექტის მიერ ცალკეული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურდა. შემმოწმებელი ვალდებული იყო მოეხდინა წარდგენილ საბუღალტრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება სააღრიცხვო დოკუმენტაციების (შესყიდვის აქტები და სხვა) საფუძველზე, დაედგინა მისი ზუსტი ოდენობა და დასკვნაში მიეთითებინა შესწავლის შედეგად შესაბამისი ფაქტები და დამადასტურებელი მტკიცებულებები. კანონის ამ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შემმოწმებელი ისე რომ არც კი ამოწმებს რამდენად სწორად და სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით არის წარდგენილი საბუღალტრო ბაზა და ბუღალტრული აღრიცხვა, აპრიორი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიჩნევს, რომ აღნიშნულს არ იზიარებს.
რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არავითარი კანონიერი საფუძველი. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, რომლითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ბუღალტრული ბაზა ნაწარმოებია ბასს-ის სტანდარტის შესაბამისად, დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. ასევე, შემმოწმებლის მიერ დარღვეული არის საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 2024 წლის 16 ივლისის №002-148 პირველადი საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ძირითადი თანხა იყო 268 177.11 ლარი, ხოლო გასაჩივრებული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ძირითადი თანხა შეადგენს 307 721.63 ლარს. შესაბამისად, მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დამძიმება.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
- რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა (სხვა ანგარიშები ასახულია როგორც პირადი). საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლები დათვლილია შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები. ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფვრა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავალში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის მეწარმის წარმომადგენელთან გავლის შედეგად, ასევე ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია დამატებით შესყიდვის აქტები, აღნიშნულ აქტებში მითითებულია „საქონლის რბილი“, „საქონლის ძვლიანი“ და ა.შ. და არა მთლიანი პირუტყვის შესყიდვა. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული შესწავლილ იქნა, ვინაიდან დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების შედეგად გაზრდიდა რპთ-ს და შესაბამისად შემოსავალს, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე, გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვა გამოქვითვებთან დაკავშირებული დოკუმენტები შესწავლილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხარჯები უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
- ვინაიდან გადაანგარიშების ფარგლებში, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი არ დაექვემდებარა კორექტირებას, შესაბამისად, ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14616 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის დასკვნის მიხედვით:
- რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლები დათვლილია შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები. ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფვრა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავალში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან გავლის შედეგად და გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი ყველა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებით შესყიდვის აქტები და ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია წარდგენილი დოკუმენტები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მომჩივნის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა, რადგან მისივე ზეპირი ახსნა-განმარტებით, ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა ანალიზი და შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა პირდაპირი მეთოდითაც. შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან არ გამოვლინდა აღნიშნული მეთოდებით გამოვლენილ შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლები დათვლილ იქნა შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები. ასევე, ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფვრა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავალში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები (შესაბამისად გაზრდილ იქნა შესყიდული საქონლის ღირებულება და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება), გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და ანალიზის შედეგად მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (გაიზარდა). საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
ამასთან, სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2026 წლის №"-------" წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის 29 მაისის №11700 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მომჩივანის სმფ-ის ინვენტარიზაცია. მიწოდებული მასალების მიხედვით, სმფ-ის ფასნამატი შეადგენს 24.9%-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ფასნამატი საშუალოდ 25%-ია. 2024 წლის 15 აპრილის №8469 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის კუთვნილი სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ფასით 26 715 ლარი შეადგინა, ხოლო თვითღირებულებამ - 22 005 ლარი. ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 21,4%-ს. გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრულ პროგრამა ორისის მიხედვით, მეწარმის სმფ-ის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 11%-ს. შემოწმების ფარგლებში წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით, შეძენილი სმფ-ის ღირებულება შეადგენს 5 121 138 ლარს, ხოლო გადაანგარიშების ფარგლებში წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით (სადაც ასახულია დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტებიც), შესყიდული სმფ-ის ღირებულება შეადგენს 5 767 668 ლარს, სხვაობა შეადგენს 646 530 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა რპთ 646 530 ლარით. შესაბამისად, ფასნამატების დამატებით თითოეული პერიოდების მიხედვით (საშუალოდ 25%) გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14616 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
ანალიზის შედეგად, სსა-სა და ბანკის ამონაწერში არსებული მონაცემები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს.
2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი გაანგარიშდა ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით.სხვაობაში გათვალისწინებულია 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი.შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში.შედეგად, სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ხარჯები გაზრდილია 55 352 ლარით. ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის. კერძოდ, დეკლარირებულთან შედარებით 1 637 ლარით ნაკლები სმფ-ებია შესყიდული, რის საფუძველზეც მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების შედეგად, მეწარმის მიერ 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია, რის მიხედვითაც გამოუვლინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება.
შემოწმების აქტით, სსკ-ის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, მარნის მშენებლობის დროს მეწარმეს მომსახურება გაუწია ორმა ფიზიკურმა პირმა.აღნიშნული ფიზიკური პირების მომსახურებები მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14616 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73,298(2).