ბრძანება N 18332
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18332
08 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------------)
(იურ. მის.: ----------------------------)
2024 წლის 22 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) 2024 წლის 22 ივლისის №90878/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის №081-157 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მისი გამოყენებით გაანგარიშებული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აუდიტორის მითითება თითქოს ვერ ხერხდება საბალანსო ანგარიშზე 7210-ზე ჩამოწერილი საქონლის გაშიფვრა არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ჩამოიწერა 7210-დან, პროგრამა ავტომატურად აღრიცხავს 6110-ზე და ეს ყოველივე აღრიცხულია დასახელებებისა და რაოდენობების ჭრილში. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული საქონლის დამუშავების შედეგად მიღებული დანაკარგი, რომელიც 25%-ზე მეტია (ძვალი, გამოუყენებელი ცხიმი და შრობადობა). ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით 203%- იანი მოგებით აქვს რეალიზებული ხორცი, რაც აცდენილია რეალობას. საჩივარზე დანართად წარმოდგენილი აქვს ბრუნვითი უწყისები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1644 და 26 ივნისის №14995 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 ივლისის №15510 ბრძანება და ამავე თარიღის №081–157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 239 124 ლარი, მათ შორის გადასახადი 141 825 ლარი, ჯარიმა 74 814 ლარი და საურავი 22 485 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს „---------ის“ საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცითა და ხორცის პროდუქტებით ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო ხორცის უდიდეს ნაწილს ყიდულობს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტის მეშვეობით. გადამხდელი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მეშვეობით, სადაც აღრიცხვა ნაწარმოებია შემდეგნაირად: შპს „---------ს“ აქვს როგორც დოკუმენტური, ასევე, დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება როგორც 6110 -ზე თუ რა საქონელი გაყიდა, ასევე, 7210-ზე, თუ რა საქონელი ჩამოწერა კონკრეტული დოკუმენტით რეალიზაციაზე. ხოლო საცალო რეალიზაციის ნაწილში პროგრამაში 7210 ანგარიშზე ფიქსირდება რა საქონელი ჩამოიწერა, მაგრამ შემოსავალი აღნიშნული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან 6110 ანგარიშზე არ იშიფრება საქონლის ჭრილში და აღრიცხულია მხოლოდ ღირებულებით ფორმაში. აღნიშნული აღრიცხვით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ სმფ-ების ნაშთები, ასევე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ასევე, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმებით გაანალიზდა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული ჩამოწერები და აღმოჩნდა რომ გადამხდელი მთელ შესამოწმებელ პერიოდში ზარალით ყიდდა საქონელს ამ ნაწილში. შემოწმებამ შეადგინა სასაქონლო ჯგუფები, მისივე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგინდა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელდა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილ საქონლის რაოდენობებზე თვის ჭრილში. აღნიშნული ანგარიშით დამატებით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 483 244 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის პირველ აგვისტოს 11:00 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რაზეც გადამხდელს ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ საცალო რეალიზაციის ნაწილში, 7210 ანგარიშზე, ფიქსირდება რა საქონელი ჩამოიწერა, მაგრამ შემოსავალი აღნიშნული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან 6110 ანგარიშზე არ იშიფრება საქონლის ჭრილში და აღრიცხულია მხოლოდ ღირებულებით ფორმაში შემდეგი ჩანაწერით - დ-6110 საცალო რეალიზაცია; კ-1490- სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები. თავის მხრივ, არც 1490 ანგარიშზე იშიფრება მოთხოვნა საქონლის დასახელებისა და ღირებულების ჭრილში. აღნიშნული აღრიცხვით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ სმფ-ების ნაშთები, ასევე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ანუ ბუღალტერიიდან შესაძლებელია პირობითად 7210 ანგარიშიდან გაანალიზდეს რა რაოდენობის ხორცი გაიყიდა, მაგრამ 6110-დან ვერ იმიჯნება ერთეულის სარეალიზაციო ღირებულება და ამ ანგარიშზე დასმულია შემოსავალი სრულად საცალო ღირებულებიდან. შესაბამისად, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმებით გაანალიზდა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული ჩამოწერები და აღმოჩნდა რომ გადამხდელი მთელ შესამოწმებელ პერიოდში ზარალით ყიდდა საქონელს ამ ნაწილში, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე ტერმინალით და სალაროთი გაყიდული ჰქონდა 673 123 ლარის ღირებულების საქონელი და 7210 ანგარიშზე აღნიშნული რეალიზაციისთვის ჩამოწერილი ჰქონდა 717 406 ლარის ღირებულების საქონელი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი საგადასახადო შემოწმებისას საქონლის დანაკარგის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელი თავადვე ახორციელებდა დანაკარგების ჩამოწერას ე.წ. „ატხოდების“ დასახელებით, რისთვისაც გახსნილი ჰქონდა 7292 ანგარიში და შემოწმება ამ ნაწილში დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ ჩამოწერებს.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საქონლის სარეალიზაციო ფასს. მიუთითებს, რომ დაუშვებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით „საქონლის სუკის“ ფასში გაიყიდოს მთელი საქონელი. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით 203%- იანი მოგებით აქვს რეალიზებული ხორცი, რაც სრულად აცდენილია რეალობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ასევე, მართლზომეირია არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გარდა „საქონლის სუკზე“ გამოანგარიშებული ფასნამატისა, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მისი გამოყენებით გაანგარიშებული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით 203%- იანი მოგებით აქვს რეალიზებული ხორცი, რაც აცდენილია რეალობას. საჩივარზე დანართად წარმოდგენილი აქვს ბრუნვითი უწყისები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1644 და №14995 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15510 ბრძანება და №081–157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 239 124 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მეშვეობით, სადაც აღრიცხვა ნაწარმოებია შემდეგნაირად: მომჩივანს აქვს როგორც დოკუმენტური, ასევე, დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია. დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ სმფ-ების ნაშთები, ასევე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ასევე, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმებით გაანალიზდა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული ჩამოწერები და აღმოჩნდა რომ გადამხდელი მთელ შესამოწმებელ პერიოდში ზარალით ყიდდა საქონელს ამ ნაწილში. შემოწმებამ შეადგინა სასაქონლო ჯგუფები, მისივე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგინდა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელდა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილ საქონლის რაოდენობებზე თვის ჭრილში. აღნიშნული ანგარიშით დამატებით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 483 244 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია.
ასევე, მართლზომეირია არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გარდა „საქონლის სუკზე“ გამოანგარიშებული ფასნამატისა, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“ );