ბრძანება № 242
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 242
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 21 დეკემბრის №86207/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა ყოველთვის სასაქონლო ზედნადების მეშვეობით იურიდიულ პირებზე (კლინიკებზე) და შესაბამისი საქონლის ღირებულების ანაზღაურება კლიენტების მიერ ხორციელდებოდა საბანკო ანგარიშსწორების გზით. კომპანიას არც ერთხელ არ განუხორციელებია საცალო ვაჭრობა. განმარტავს, რომ შპს „--------“ ბოლო რეალიზაცია უფიქსირდება 2021 წლის მაისში, ამავე თვეში კომპანიამ სხვადასხვა მომწოდებლებს უკან დაუბრუნა პროდუქცია, ხოლო ნაშთად არსებული პროდუქცია დროთა განმავლობაში ან დაზიანდა ან ვადა გაუვიდა, რის შედეგადაც 2022 წლის 26 დეკემბერს მოხდა აღნიშნული პროდუქციის გადაყრა/განადგურება. აღნიშნავს, რომ კომპანიის ბუღალტერმა გვიან გაიგო ნაშთების გადაყრა/განადგურების ფაქტის შესახებ, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საგადასახადო ორგანოს მოწვევა ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ გადაყრილი/განადგურებული საქონლის რეალიზებულად ჩათვლას და საქონლის ღირებულების დირექტორის ხელფასად განხილვას, მისი პოზიციით ოპერაცია წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯს და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23206 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 დეკემბრის №30423 ბრძანება და 6 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 31 645 ლარი, მათ შორის, გადასახადი 20 239 ლარი, ჯარიმა 10 113 ლარი და საურავი 1 293 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული საქონლით ვაჭრობა, კერძოდ - სამედიცინო ტესტებით (მაგ. COVID-19 და ა.შ.). შპს „---------“, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და ფული საბანკო ანგარიშებზე. ასევე, საწარმოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მაისის თვის შემდგომ საქონლის რეალიზაცია არ აქვს განხორციელებული. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22431 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ --------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არ გამოვლენილა ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის ჩამოწერის აქტის საფუძველზე, საწარმოს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, საწარმოს აღნიშნულის თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შეცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია, რომლის შემდეგაც ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ასევე, საწარმოს 2021 წლის მაისის თვის შემდგომ არ განუხორციელებია საქონლის რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სააღრიცხვო პროგრამა, რომლის მიხედვით, საწარმოს, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, 2022 წლის 26 დეკემბერს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებამ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩათვალა რეალიზებულად, თანხა მიღებულად და აღნიშნული თანხა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბუღალტრულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად ჩათვლა, ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული საქონლით ვაჭრობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ასევე, საწარმოს 2021 წლის მაისის თვის შემდგომ არ განუხორციელებია საქონლის რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სააღრიცხვო პროგრამა, რომლის მიხედვით, საწარმოს, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, 2022 წლის 26 დეკემბერს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებამ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩათვალა რეალიზებულად, თანხა მიღებულად და აღნიშნული თანხა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);145(6);