გადაწყვეტილება №23093/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 23093/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23093/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23093/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №031-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6304 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

316 748,86 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 181 054

ჯარიმა - 90 510

საურავი - 45 184,86

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურება. კერძოდ, --- რესტორანი, სადაც ხდება ---ის სამზარეულოს კერძების დამზადება. რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილზე, ასევე მიწოდებით. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება და შესაბამისად შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. საწარმო დაჯარიმდა ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაცია გამოთხოვილია სასამართლო შუამდგომლობით. ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად განისაზღვრა კომპანიის შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები (ძირითადად ქათამი და ბრინჯი). მოძიებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში --- რესტორნის მენიუ, სადაც მითითებულია კერძები და სარეალიზაციო ფასები პერიოდების მიხედვით. ასევე მოძიებულ იქნა აღნიშნული კერძების რეცეპტები და შესაბამისად გაანგარიშდა შეძენილი სმფ-ებიდან შესაძლო დამზადებული/რეალიზებული კერძების ოდენობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, უალკოჰოლო სასმელები რეალიზებულ იქნა აუდირებული ფასნამატით 50%, ხოლო კერძებისთვის გამოყენებულ იქნა შეძენილი სმფ-ებიდან (ინგრედიენტები). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №031-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6304 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ითხოვს დაშვებულ იქნას გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რადგანაც ძირითადად არ იმყოფება საქართველოში და ქართული ენის სათანადოდ არ ცოდნის გამო ვერ გაიგო რა ინფორმაციას ითხოვდა აუდიტის დეპარტამენტი. კომპანიის ბუღალტერი არის ონკოპაციენტი, ზუსტად აუდიტის ბრძანების დროს იყო ავად და ვერც მან იმოქმედა. გაზრდილია დღგ-ს დასაბეგრი ბაზა, ვინაიდან რეალიზაციაში გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი 50%. ასევე, სხვა პროდუქტებზე გამოყენებულ იქნა დღგ-ს დასაბეგრი ბაზის გაზრდა არაპირდაპირი მეთოდით. თუმცა არც 50% ფასნამატი და არც გაზრდილი დღგ-ს ბრუნვა არ შეესაბამება სიმართლეს. აუდიტს არ ჰქონდა მიწოდებული დოკუმენტები და იმოქმედა საქართვლოში არსებული კანონმდებლობით, საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ განახორციელა აუდიტორებთან კონტაქტი. მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება ხელახალი გადაანგარიშების. გაუქმებული იქნეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადები და აუდიტორთან ერთად მიეცეს შესაძლებლობა გადაანგარიშების, რათა რეალური ციფრი დადგინდეს თუ რა შეცდომა აქვს დაშვებული ბიუჯეტის წინაშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად განისაზღვრა კომპანიის შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები (ძირითადად ქათამი და ბრინჯი). მოძიებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში --- რესტორნის მენიუ, სადაც მითითებულია კერძები და სარეალიზაციო ფასები პერიოდების მიხედვით. ასევე მოძიებულ იქნა აღნიშნული კერძების რეცეპტები და შესაბამისად გაანგარიშდა შეძენილი სმფ-ებიდან შესაძლო დამზადებული/რეალიზებული კერძები.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, უალკოჰოლო სასმელები რეალიზებულ იქნა აუდირებული ფასნამატით 50%, ხოლო, შეძენილი სმფ-ები (ინგრედიენტები) ჩაითვალა რეალიზებულად დამზადებული/რეალიზებული კერძების შესაბამისი რაოდენობითა და ღირებულებით, რომელიც გამოანგარიშდა შეძენილი სმფ-ების რაოდენობიდან გამომდინარე.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება და შესაბამისად შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. საწარმო დაჯარიმდა ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაცია გამოთხოვილია სასამართლო შუამდგომლობით. ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად განისაზღვრა კომპანიის შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები (ძირითადად ქათამი და ბრინჯი). მოძიებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში რესტორნის მენიუ, სადაც მითითებულია კერძები და სარეალიზაციო ფასები პერიოდების მიხედვით. ასევე მოძიებულ იქნა აღნიშნული კერძების რეცეპტები და შესაბამისად გაანგარიშდა შეძენილი სმფ-ებიდან შესაძლო დამზადებული/რეალიზებული კერძების ოდენობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, უალკოჰოლო სასმელები რეალიზებულ იქნა აუდირებული ფასნამატით 50%, ხოლო კერძებისთვის გამოყენებულ იქნა შეძენილი სმფ-ებიდან (ინგრედიენტები). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი..

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).