გადაწყვეტილება №24050/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.12.2024
№ დოკუმენტი 24050/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24050/2/2024

12 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 3.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24050/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;

2. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №006-312 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 487,63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 125 093

დღგ - 90 307

საშემოსავლო გადასახადი - 34 786

ჯარიმა - 61 908

საურავი - 8 486,63

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივი და იმპორტირებული საკვებით (ფქვილი, ზეთი, კარაქი, რძის ფხვნილი) ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 3 ივნისს, ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2022 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 3.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 18.06.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14279 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 19.06.2024 წლის №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლომატერიალური მარაგები არ გააჩნდა. ამავე თარიღში გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. შემოწმების პროცესში პირმა წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სხვადასხვა ხელშეკრულებები, შედარების აქტები კრედიტორებთან). პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრეს არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფასნამატები თითოეული შესამოწმებელი წლისთვის, სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული იქნა დოკუმენტური რეალიზაციიდან და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შედეგად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. გადამხდელთან 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ გააჩნია. ამავე თარიღში გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. ფასნამატები თითოეული შესამოწმებელი წლისთვის, სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული იქნა დოკუმენტური რეალიზაციიდან და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შედეგად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებისას შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩება განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, ფქვილის ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადამხდელთან გაგზავნილ გაანგარიშებებში ფქვილის ფასნამატად მითითებულია 12% და ასევე, გავრცელებულია 12%.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური რეალიზაციიდან სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვლის თვეში, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს ,,-------მა’’ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით. აღნიშნული რეალიზაციის დეკლარირება განხორციელდა შესაბამის თვეშივე. ასევე 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, აუდიტორებმა იგნორირება გაუკეთეს ამ რეალიზაციას, საზოგადოების მიერ დეკლარირებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და იგივე ბრუნვა მეორედ დაბეგრეს, რასაც საზოგადოება არ ეთანხმება.

აუდიტორების გაანგარიშების ცხრიდან ირკვევა რომ 2022 წელს ფქვილის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 11 %, თუმცა მათ მიერ გამოყენებულ იქნა 12%. შეიძლება აღნიშნული გამოწვეული იყოს ტექნიკური შეცდომით, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

მომჩივნის განმარტებით ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს „-------ა“ განახორციელა 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია.

2024 წლის თებერვლის თვეში, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს ,,-------ა’’ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით. აღნიშნული რეალიზაციის დეკლარირება განხორციელდა შესაბამის თვეშივე. ასევე 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, აუდიტორებმა იგნორირება გაუკეთეს ამ რეალიზაციას, საზოგადოების მიერ დეკლარირებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და იგივე ბრუნვა მეორედ დაბეგრეს, რასაც საზოგადოება არ ეთანხმება.

აუდიტის გაანგარიშების ცხრილიდან ირკვევა რომ 2022 წელს ფქვილის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 11 %, თუმცა მათ მიერ გამოყენებულ იქნა 12%. შეიძლება აღნიშნული გამოწვეული იყოს ტექნიკური შეცდომით, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხის კორექტირებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შეფასებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს, მათ შორის ინვენტარიზაციის ჩატარებამდე პირის მიერ მითითებული საქონლის რეალიზაციის ფაქტი.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩებოდა განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დადგინდა. აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვლის თვეში, შპს ,,------მა’’ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით ასევე 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი, თუმცა როგორც დღგ-ის ნაწილში აქაც ეს დეკლარაცია იგნორირებულ იქნა და იგივე თანხა მეორედ დაბეგრეს, რისი არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონმდებლობით, გარდა პირადი აღქმებისა. ასევე არასწორადაა გაზრდილი ბრუნვა ფქვილის რეალიზაციისას. საზოგადოება იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურეობას სხვადასხვა საქმიანობაში, საქონლის დატვირთვისთვის და გადმოტვირთვისთვის, მძღოლის მომსახურებისთვის.

მომჩივანი ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა რათა შეძლოს იმპორტირებული საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასევე მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების დამადასტურებელ დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

საჩივარში მითითებულია, რომ საზოგადოებას კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შეფასებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს ინვენტარიზაციის ჩატარებამდე პირის მიერ მითითებული საქონლის რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით დამატებით შესწავლას საჭიროებს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17532 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;

2. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2022 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14279 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);