გადაწყვეტილება №27079/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 27079/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27079/2/2026

29 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 3.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27079/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №005-251 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6112 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 164 972,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 199,53

დღგ - 41 759,81

საშემოსავლო გადასახადი - 68 439,72

ჯარიმა - 53 878,90

საურავი - 893,64

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის ეკონომიკური საქმიანობაა ახალი და მეორადი ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 14.09.2022 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესყიდული საქონლის თვითღირებულებამ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 752 005 ლარი. დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 434 650 ლარს, დეკლარირებული ჩასათვლელი დღგის თანხა - 142 506 ლარს (25 431 ადგილობრივი, 117 074 საბაჟო). გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ORIS-ის პროგრამაში, წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ვინაიდან რიგ შემთხვევებში რეალიზებული საქონლის დასახელება მოცემულია ერთიანი ჩანაწერით "მეორადი ავტონაწილები" და ვერ ხერხდება აღნიშნული ოპერაციის იდენტიფიცირება კონკრეტული საქონლის დასახელების, ღირებულებისა და რაოდენობის მიხედვით. კომპანიის სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართია -----ი.----ის №-, ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 2025 წლის 2 სექტემბერს რეგისტრირებული შპს „----ს“ (ს/ნ -----) სალარო აპარატიც. შპს „------დან” ფიქსირდება სახელფასო და სამივლინებო ხარჯების განაცემები შპს „----ს“ დირექტორზე -----ზე (პ/ნ --------). 2025 წლის 5 ნოემბრის №---- ზედნადებით შპს „----მ“ შპს „-----ს“ ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი (სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები). ამასთან, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული იქნა მიმდინარე კონტროლის 2025 წლის 17 ნოემბრის სმფ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის ღირებულება.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს „----ზე“ საქონლის რეალიზაცია დაექვემდებარა გაუქმებას. ამასთან, „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი და შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 666 649 ლარი. სხვაობამ დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მონაცემებთან (434 650 ლარი) შედარებით შეადგინა 231 999 ლარი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სარგებლად.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №005-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აუდირებული ფასნამატით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, შპს „----თან“ დაკავშირებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით ადგილი ჰქონდა არარსებული ნაშთის გადაწერას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შპს „---ზე“ საქონლის რეალიზაციის ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა ჯეროვნად გამოკვლეული საქმის გარემოებები, რის გამოც წარმოდგენილი აქვთ დამატებითი არგუმენტაცია. შემოწმება ჩატარებულია ტენდენციურად, ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებითა და უფლებამოსილების გადამეტებით.

პოზიცია და არგუმენტაცია:

1. არაპირდაპირი მეთოდის უსაფუძვლო გამოყენება და მანიპულაცია. აუდიტორი მიზანმიმართულად არასწორად აღწერს სააღრიცხვო დოკუმენტაციას, რათა ხელოვნურად შექმნას „არაპირდაპირი მეთოდის“ გამოყენების წინაპირობა. სინამდვილეში, კომპანიის პროგრამაში (ORIS) გაშიფრულია რეალიზებული პროდუქციის 100%, იდენტიფიცირებულია თითოეული ჩეკი და ზედნადები. სასაქონლო ნომენკლატურის 901 პოზიციიდან მხოლოდ 3 პოზიციაა (0,33%) მითითებული ზოგადი დასახელებით („მეორადი ავტონაწილები“), რაც გამოწვეულია იმპორტის დოკუმენტაციაში (ინვოისი, დეკლარაცია) არსებული ჩანაწერებით. აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეკლარაციებსა და ინვოისებში საქონლის დასახელებები იდენტურია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებისა. ზოგადი დასახელების („მეორადი ავტონაწილები“) მქონე პოზიციების წილი მთლიან ნომენკლატურაში შეადგენს მხოლოდ 0,33%-ს.

ამასთანავე, რეალური სურათი ციფრებში შემდეგია:

შეძენა: მეორადი ნაწილების წილი მთლიან შეძენაში არის 12.98%;

რეალიზაცია: საერთო რეალიზაციიდან (433,379 ლარი), მეორადი ავტონაწილების წილად მოდის მხოლოდ 9.06% (39,267.45 ლარი);

თვითღირებულება: სულ ჩამოწერილია 351,476 ლარის პროდუქცია, საიდანაც მეორადი ნაწილები შეადგენს მხოლოდ 7.57%-ს (26,622 ლარი);

სასაქონლო ნაშთი: 5,751 დასახელების საქონლიდან, ზოგადი დასახელების მქონე მხოლოდ 623 ერთეულია, რაც საერთო რაოდენობის 10.83%-ია.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიის საქმიანობის დაახლოებით 100% სრულად იდენტიფიცირებადი და დოკუმენტურად გამართულია, რაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას სრულიად უსაფუძვლოს ხდის.

ამ მცირე ტექნიკური დეტალის გამოყენება მთლიანი საქმიანობის არაპირდაპირი მეთოდით შესაფასებლად არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

2. „მეთოდური მითითების“ იერარქიის დარღვევა:

აუდიტორმა უგულებელყო „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-20 მუხლი. მან პირდაპირ გამოიყენა „სხვა შემოწმების ფასნამატი“ (ქვეპუნქტი „გ“), მაშინ როცა ვალდებული იყო დაეცვა იერარქია და გამოეყენებინა „დოკუმენტური“ ან „მიმდინარე კონტროლის“ ფასნამატი, რადგან კომპანია ორივე პირობას აკმაყოფილებს. ეს მიუთითებს საგადასახადო ტვირთის განზრახ დამძიმებაზე.

3. შპს „-----თან“ დაკავშირებული ოპერაციების არასწორი კვალიფიკაცია:

აუდიტორი საგადასახადო შემოწმების აქტში შეგნებულად მანიპულირებს -----თან (პ/ნ -----) დაკავშირებული ინფორმაციით, რათა ხელოვნურად „შეფუთოს“ ოპერაციის არასწორი კვალიფიკაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

დასაქმების ისტორია: ------ძე ნამდვილად იყო შპს „-------ის“ თანამშრომელი, რაზეც კომპანიაში ფიქსირდება შესაბამისი სახელფასო და სამივლინებო ხარჯები. თუმცა, მან დატოვა დაკავებული პოზიცია და დააფუძნა საკუთარი საწარმო — შპს „------“. აღნიშნული გარემოება მარტივად იდენტიფიცირებადია დასაქმებულთა რეესტრში, რასაც აუდიტორი განზრახ უგულებელყოფს.

მიწოდების ფაქტი: 2025 წლის 5 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით (№----) შპს „-----მ“ შპს „-----ს“ მიაწოდა საქონელი საბაზრო ფასში. ტრანსპორტირების გარეშე მიწოდება განპირობებულია იმით, რომ ორივე სუბიექტი ფიზიკურად საქმიანობდა ერთ მისამართზე, რაც დასტურდება საიჯარო ხელშეკრულებებითა და ქირის გადახდის დოკუმენტაციით.

ინვენტარიზაციის მასალები: აუდიტორმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გააუქმა აღნიშნული ოპერაცია მაშინ, როცა მისთვის ცნობილი იყო უტყუარი ფაქტი: ზემოხსენებული საქონელი მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს „---ში“ ჩატარებული ინვენტარიზაციისას აღირიცხა, როგორც ამ კომპანიის სასაქონლო ნაშთი.

ინვენტარიზაციის შედეგები (დანართი №16): უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ საქონელი მართლაც გადაეცა მყიდველს, არის თავად საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცია. 2025 წლის 2 ნოემბრის (და შემდგომი პერიოდის) მდგომარეობით შედგენილ №1 ოქმში (დანართი №16) ფიქსირდება, რომ ზემოხსენებული საქონელი იმყოფება შპს „-----ს“ ნაშთებში. აღნიშნულ დოკუმენტებს თან ურთავს საჩივარს.

აუდიტორის არაჯეროვანი ქმედება: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინვენტარიზაციის მასალები ხელთ ჰქონდათ იმავე აუდიტორებს და მათ მიერაც არაერთხელ მიეთითათ ამაზე, მათ მაინც უგულებელყვეს დოკუმენტურად დადასტურებული ნაშთები.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აუდიტორმა ნაცვლად რეალური ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა, მიზანმიმართულად მოახდინა ოპერაციის დისკვალიფიკაცია გადამხდელისთვის საგადასახადო ტვირთის გასაზრდელად.

4. ადმინისტრაციული წარმოების დარღვევა:

შემოწმების პროცესში სრულად თანამშრომლობდნენ აუდიტორებთან. 26 იანვრის შეხვედრაზე წარადგინეს ყველა არგუმენტი, თუმცა მიიღეს ცინიკური პასუხი, რომ „აქტი უკვე ატვირთული იყო“ და არგუმენტებს დავის ეტაპზე განიხილავდნენ. ეს არის გადამხდელის უფლებების უხეში დარღვევა. ასევე, ბუღალტერიაში ასახული დირექტორის სესხი საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული.

5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება:

მოითხოვს, მოცემულ დავაში გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი. კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების განზრახვას. ყველა ოპერაცია ასახულია ბუღალტრულად და პროგრამულად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზს, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულები იქნან დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან (ჯარიმებისგან), რადგან გადამხდელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად.

ზემოაღნიშნული გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კანონმდებლობის ნორმების საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6112 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის № --- საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ყველა საგადასახადო ვალდებულება და მათზე დარიცხული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ამასთან შპს „-----ზე“ საქონლის რეალიზაცია დაექვემდებარა გაუქმებას.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა.

მომჩივანი განმარტავს, რომ ----ძე ნამდვილად იყო შპს „-----ის“ თანამშრომელი, რაზეც კომპანიაში ფიქსირდება შესაბამისი სახელფასო და სამივლინებო ხარჯები. თუმცა, მან დატოვა დაკავებული პოზიცია და დააფუძნა საკუთარი საწარმო - შპს „---“. აღნიშნული გარემოება მარტივად იდენტიფიცირებადია დასაქმებულთა რეესტრში, რასაც აუდიტორი განზრახ უგულებელყოფს. მიწოდების ფაქტი: 2025 წლის 5 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით (№------) შპს „----მა“ შპს „-----ს“ მიაწოდა საქონელი საბაზრო ფასში. ტრანსპორტირების გარეშე მიწოდება განპირობებულია იმით, რომ ორივე სუბიექტი ფიზიკურად საქმიანობდა ერთ მისამართზე, რაც დასტურდება საიჯარო ხელშეკრულებებითა და ქირის გადახდის დოკუმენტაციით. აუდიტორმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გააუქმა აღნიშნული ოპერაცია მაშინ, როცა მისთვის ცნობილი იყო უტყუარი ფაქტი: ზემოხსენებული საქონელი მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს „----ში“ ჩატარებული ინვენტარიზაციისას აღირიცხა, როგორც ამ კომპანიის სასაქონლო ნაშთი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და უნდა განხორციელდეს დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან (ჯარიმებისგან), რადგან გადამხდელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6112 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6112 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

2.გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან (ჯარიმებისგან).

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 14.09.2022 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ შესყიდული საქონლის თვითღირებულებამ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 752 005 ლარი. დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 434 650 ლარს, დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 142 506 ლარს (25 431 ლარი - ადგილობრივი, 117 074 ლარი - საბაჟო). გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ORIS-ის პროგრამაში, წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ვინაიდან რიგ შემთხვევებში რეალიზებული საქონლის დასახელება მოცემულია ერთიანი ჩანაწერით „მეორადი ავტონაწილები“ და ვერ ხერხდება აღნიშნული ოპერაციის იდენტიფიცირება კონკრეტული საქონლის დასახელების, ღირებულებისა და რაოდენობის მიხედვით. კომპანიის სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე რეგისტრირებულია სხვა კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სალარო აპარატიც.ასევე საქონლის მიმწოდბელი კომპანიის დირექტორის სახელზე ფიქსირდება მომჩივანის სახელფასო და სამივლინებო ხარჯების განაცემები. მომჩივანს საქონლის მომწოდებელმა კომპანიამ ზედნადებით ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი.შემოწმების მიერ ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით აღნიშული საქონლის რეალიზაცია დაექვემდებარა გაუქმებას.

ამასთან, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული იქნა მიმდინარე კონტროლის სმფ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის ღირებულება.შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ საფუძველზე შემოწმებამ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების მიზნით იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი და მომჩივანის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 666 649 ლარი. გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 434 650 ლარს, შემოწმებით სხვაობამ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მონაცემებთან შედარებით შეადგინა 231 999 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა დღგ, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახდი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №6112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და უნდა განხორციელდეს დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის №6112 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 269(7);