ბრძანება N 20121

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 20121
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20121

15 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----------ს (პ/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა --------ს (პ/ნ -------) №132171/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №EL218621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არასწორად იყო ინფორმირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადასთან დაკავშირებით.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე --------, რომელიც მართავდა -------ში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით: -------- (VIN – -------).

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2023 წლის 8 მაისს საქართველოს მოქალაქე ---------ს მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 7 ივლისი.

გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოსაავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL218621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ფიზიკურ პირ ---------ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7– მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ს (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №EL218621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2023 წლის 8 მაისს მომჩივანი საქართველოს მოქალაქის მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 7 ივლისი. გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL218621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1), 165.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.