გადაწყვეტილება №18332/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2022
№ დოკუმენტი 18332/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18332/2/2022

16.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 30.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18332/2/2022).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №074-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27383 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 851 724 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 523 569

დღგ - 200 358

საშემოსავლო გადასახადი - 323 211

ჯარიმა - 267 453

საურავი - 60 702

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 24.11.2020 წლიდან 1.12.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული პროგრამა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, რაზეც 25.02.2022 წლის №185245 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით უფიქსირდება შემოსავლები, თუმცა მიღებული შემოსავლების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს საქმიანობა.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში და დარჩენილი თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორებზე --------ზე (პ/ნ ----------, დირექტორი და დამფუძნებელი 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბერამდე) და -----------ზე (პ/ნ -----------, დირექტორი და დამფუძნებელი - 2021 წლის ნოემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ: 2021 წლის მაისში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე - შპს -------ზე (ს/ნ --------), შპს ---------ზე (ს/ნ -------) და შპს „-------“-ზე (ს/ნ --------) მიწოდებული აქვს ხის საძირე მასალა 2 019 724 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაც დასტურდება 2021 წლის ნოემბერში და ოქტომბერში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შპს ---------ს (ს/ნ -------) და შპს „--------“-ს (ს/ნ ---------) გადამხდელმა გაუწია მრგვალი ხე-ტყის მორების დახერხვის და სატრანსპორტო მომსახურება 100 993 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაც ასევე დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. ასევე, 2021 წლის თებერვალში გადასახადის გადამხდელმა შპს „------“-ს (ს/ნ --------) და შპს „--------“-ს (ს/ნ ---------) გაუწია მრგვალი ხე-ტყის მორების დახერხვის მომსახურება 813 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, რაც ასევე დასტურდება გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

დღგ-ის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელს მიღებული შემოსავლების მხოლოდ ნაწილი აქვს დეკლარირებული.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანხმად დღგ-ით დაბეგრილ იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული შემოსავლები სრულად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №074-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27383 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო შემოწმებასთან, არ იქნა წარდგენილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არც საგადასახადო დავის ეტაპზეა წარმოდგენილი საჩივარში.

მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას გაწეულ მომსახურებაზე და მიწოდებულ პროდუქციაზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით სალაროში თანხა არ მიუღია. შესაბამისად, რაც არ მიუღია მისი დაბეგვრა შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე უნდა გამოეთხოვათ ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და განესაზღვრათ სწორად საგადასახადო ვალდებულებები. უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით უფიქსირდება შემოსავლები. მიღებული შემოსავლების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ფიქსირდება. დადგენილ შემოსავალზე და ხარჯების გამოკლებით მიღებულია თანხა, რომელიც მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორებზე (პერიოდების მიხედვით) ხელფასის სახით განაცემად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა მომჩივნის მიერ გამოწერილი პირველადი საგადსახადო დოკუმენტაციის საფუძველზე და ამასთან, გათვალისწინებულია შემოწმებით იდენტიფიცირებული ყველა ხარჯი, გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართლზომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა, მომჩივნის მიერ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.