გადაწყვეტილება №22798/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.08.2024
№ დოკუმენტი 22798/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22798/2/2024

13 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22798/2/2024).

 

დავის საგანი:

მაინერების მიწოდებულად განხილვა საბაზრო ფასით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4099 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 672 756,03 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 368 684

დღგ - 203 622

საშემოსავლო გადასახადი - 165 062

ჯარიმა - 184 342

საურავი - 119 730,03

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 9.11.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში. 2021 წლის 23 დეკემბრის წერილით, რომლითაც ითხოვდა საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნებას, აუდიტის დეპარტამენტს განუმარტა შემდეგი (დირექტორი "------" პ/ნ "------"): „დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ოპერაციები (ჩათვლები) შეადგენს საქონლის იმპორტს, კერძოდ 30 ცალი მაინერის შეძენა - იმპორტს, საქ. კოდი: 8471, სატარიფო ღირებულება 1 123 445 ლარი.

ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა, ახლად წამოწყებულია და იგი შექმნის პროცესშია, ამ ეტაპზე საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ იმპორტით, საქონლის რეალიზაცია კი განხორციელდება ეტაპობრივად. კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს დღგ 202 220 ლარი, შესაბამისად, შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეს, როგორც დღგ-ის გადახდის, აგრეთვე დღგ-ის ჩათვლის და ზედმეტობის დაბრუნების უფლებაც.

2021 წლის 28 დეკემბერს დირექტორისა და დამფუძნებლის, "--------"-ს მიერ განხორციელდა წილის რეალიზაცია"------"-ზე (პ/ნ "------") 1 000 ლარად, ამ თარიღიდან დირექტორად და დამფუძნებლადაც გვევლინება "------" (პ/ნ "------").

2023 წლის 21 ივლისის №17781 ბრძანებით დაინიშნა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, ხოლო 2023 წლის 18 სექტემბრის №22820 ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. "-------"-მ სმფ-ის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ "-------"-ს დირექტორობის პერიოდში შემოტანილი მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია, გახდა მხოლოდ წილის 100%-იანი მესაკუთრე და დირექტორი. აუდიტის დეპარტამენტს "------"-მ წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის წარდგენილი სარჩელი, სადაც აღნიშნავს, რომ "------"-მ და მან 2021 წლის 28 დეკემბერს ფიქტიური 1 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც "--------" გახდა საწარმოს დირექტორი, ხოლო "------"-ს მისთვის მაინერები არ გადაუცია, აუდიტის დეპარტამენტს კი განუმარტა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, 2021 წლის 29 დეკემბერს, საბანკო ანგარიშიდან გატანილი 168 253 ლარიდან (ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული დღგ) "------"-ს გადაეცა მთლიანი თანხა, ხოლო მას თოდუასაგან უკან ეჩუქა დაახლოებით 30 000 ლარი.

საგადასახადო შემოწმებისათვის "------"-ს განმარტებით,"------"-მ პირადი ნაცნობობით და ნდობით გადააფორმებინა შპს „-------“-ის წილი და გადასცა მაინერები ქ. "------"-ში "------"-ის მიერ გაგზავნილ პირებს.

სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩამტარებელ პირებზე "------"-ის მიწოდებული ახსნაგანმარტების და დირექტორების საგადასახადო შემოწმებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არცერთი არ ფლობს ფიზიკურად მაინერებს, 1 123 445 ლარის ღირებულების მაინერები შემოწმებით დირექტორის ცვლილების მომენტში 2021 წლის დეკემბრის თვეში განხილულ იქნა მიწოდებად საბაზრო ფასით (დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების და გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადახდის თარიღი 17.01.2022 წელი).

ასევე, დღგ-ის მიზნებისთვის დაბეგვრას დაექვემდებარა "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშის მეშვეობით ჩარიცხული იურიდიული მომსახურების გაწევის საფუძველზე მიღებული შემოსავალი 2022 წლის საანგარიშო პერიოდში.

საგადასახადო შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს "------"-ს ხელმძღვანელობის ქვეშ განხორციელებული აქვს 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტი, რომლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა შემოწმებით მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე"------"-ზე (პ/ნ "------") გაცემულ ხელფასად 2021 წლის 27 დეკემბერს.

დირექტორ "------"-ის (პ/ნ "------") მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის 29 დეკემბერს გატანილი 167 900 ლარი (დანიშნულებით მაინერების შეძენა), რომლის დოკუმენტურად გახარჯვა არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, შემოწმებით განხილულ იქნა "------"-ის (პ/ნ "------") ხელფასად, 2021 წლის 29 დეკემბერს. ასევე, "------"-ეს ხელფასის სახით განაცემებად განეხილა 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხები. კომპანიას დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4099 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში, პირმა 2021 წლის 23 დეკემბერს საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ხოლო 2021 წლის 28 დეკემბერს დირექტორმა "------"-მ (პ/ნ "------") განხორციელა საწარმოს წილის (100%) რეალიზაცია მოქ. "------"-ზე (პ/ნ "------"). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისას "------"-მ მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ წილის შეძენის მიუხედავად მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია, ხოლო საგადასახადო შემოწმებისათვის "------"-ს განმარტებით მაინერები გადასცა სანადირაძის გაგზავნილ პირებს. საგადასახადო შემოწმებისთვის და მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არცერთი პირი არ ფლობს ფიზიკურად საქონელს (მაინერებს), შესაბამისად, დირექტორის ცვლილების მომენტში, 2021 წლის დეკემბრის თვეში, მაინერები განხილულ იქნა რეალიზებულად, საბაზრო ფასით, რომლიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელში იურიდიული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან შეძენილი მაინერების ღირებულების არარეზიდენტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი, საინვოისო ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა მაინერების რეალიზაციიდან მიღებულ თანხასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, შემოწმებით "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშიდან 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხები, რომლის დოკუმენტურად გახარჯვა არ ფიქსირდება, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირთან ჩატარებული ინვენტარიზაციით სასაქონლომატერიალური ფასეულობები ვერ იქნა მოძიებული, ხოლო შემოწმებისათვის/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციით არცერთი დირექტორი არ ფლობს საქონელს (მაინერებს), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით იმპორტირებული საქონლის (მაინერების) საბაზრო ფასით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია. ასევე, 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტისას ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ანაზღაურებულად ჩათვლა, ხოლო მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე "------"-ზე გაცემულ ხელფასად განხილვა (2021 წლის 27 დეკემბერს) შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხების მასზე გაცემულ სახელფასო განაცემად მიჩნევა კანონშესაბამისია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტ დეპარტამენტისთვის ცნობილია, რომ გადამხდელთან ვერ მოხერხდა ინვენტარიზაციის ჩატარება, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სხვის განკარგულებაშია და მასთან (შპს „-------“-ის ყოფილ დირექტორთან -„-------“-თან ) მიმდინარეობს სასამართლო დავა, რაზედაც წარმოადგენს დოკუმენტებს. მოსარჩელე მხარე ცნობს სარჩელს და 2024 წლის 19 თებერვალს ჩანიშნულია მთავარი სხდომა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში. 28.12.2021 წელს დირექტორისა და დამფუძნებლის, "------"-ს მიერ განხორციელდა წილის რეალიზაცია "------"-ზე (პ/ნ "------") 1 000 ლარად. "------"-მ სმფ-ის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ "------"-ს დირექტორობის პერიოდში შემოტანილი მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია. საგადასახადო შემოწმებისათვის"------"-ს განმარტებით, "------"-მ პირადი ნაცნობობით და ნდობით გადააფორმებინა შპს „-------“-ის წილი და გადასცა მაინერები ქ. "------"-ში "------"-ის მიერ გაგზავნილ პირებს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მაინერების საბაზრო ფასით მიწოდებულად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტის განხორციელებისას საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4099 ბრძანება;

3. იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4099 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,159.