გადაწყვეტილება №20622/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20622/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“–ის 20.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20622/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №021-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14475 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 546 464.61 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 329 179
დღგ - 40 267
საშემოსავლო გადასახადი - 288 912
ჯარიმა - 189 861
საურავი - 27 424.61
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო და საცალო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7410 ბრძანება და ამავე თარიღის №021-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14475 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
საწარმოს რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელსაც არ იყენებს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, სადაც საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ ზედნადებების და ნაწილობრივ თვეების მიხედვით ჯამური თანხებით.
გადამხდელი სრულად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ:
ვერ დგინდება დღის ჭრილში გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. საწარმოს დარღვეული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. ვინაიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირი მეთოდით რეალური შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების და 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 294 928 ლარს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 238 668 ლარს. სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი 170 068 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა 1 143 700 ლარის ოდენობით (გროსი 1 429 625 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 285 925 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი 2020-2023 წლებში ახორციელებდა ძირითადად ხახვისა და კარტოფილის შემოტანას. მიუხედავად ფასისა ადგილზე დატვირთვა რისკებთან არის დაკავშირებული, კერძოდ რამდენად ხარისხიანი პროდუქტი იქნება მოწოდებული, ეს მთლიანად იმპორტიორის კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული. ამ ორი პროდუქტის განბაჟება ხდება არა ინვოისით, არამდე შედგენილი ფასით (ფასი კორექტირდება). ასევე შემოტანის დროს შერჩევის პრინციპით ხდება პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება. აღნიშნული პროცესი მოიცავს 3(სამ) სამუშაო დღეს, გააჩნია კიდევ რა დროს შემოვიდა მანქანა, კერძოდ თუ სამუშაო საათები დამთავრებულია სინჯის აღება ხდება დილით, რაც ზაფხულის პერიოდში რისკებთან არის დაკავშირებული, კერძოდ ახალი კარტოფილის და ხახვის შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტზე შენახვის პირობები არ არის დაცული და ტენტის ქვეშ მოქცეული პროდუქტის ხარისხი კლებულობს, ასევე პრაქტიკაში იყო შემთხვევა როცა შემოიღეს ახალი წესი და დღგ-ს გადახდა არ გაითვალისწინეს ელექტრონული ქვითრით და მოითხოვეს თანხის ასახვამდე სველ-ბეჭდიანი გადახდის ქვითარი და რის გამოც ახალი ხახვი მანქანაში დაზიანდა.
ჩვენი მომხმარებლის 80% არის საკოლმეურნეო ბაზარში ღია დახლზე მოვაჭრენი, რომელთა ინტერესში არ შედის სასაქონლო ზედნადებით საქონლის შეძენა. ასევე ისინი დაინტერესებულები არიან, მეტი მოგების მიზნით, შეიძინონ რაც შიძლება დაბალ ფასში ხარისხიანი პროდუქტი, ასევე მომჩივნისთვისაც პროდუქტის ხანმოკლე ვარგისიანობიდან გამომდინარე, ხელსაყრელია სწრაფი რეალიზაცია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შემოტანილი საქონლის პირველი ნაწილი რაც შეიძლება მაღალ ფასში გაიყიდოს. თუ ადგილი არ ჰქონდა ზემოთხსენებულ ფაქტორებს, ხოლო დარჩენილი ნაწილი (შენახვის ხარჯებისა და ხარისხის კლების გათვალისწინებით) რეალიზირდეს თითქმის თვითღირებულების ფასში. სასაქონლო ზედნადებით შეძენა შედის იმ მომხმარებელთა ინტერესში რომელიც ძირითადად არის შპს და თან ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი. თითქმის ყველა მანქანის შემოტანის შემდეგ ხდება საქონლის გადარჩევა და გაფუჭების პირზე არსებული პროდუქტების თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზება.
მომჩივნის მიერ 2021 წლის 21 აგვისტოს ერთჯერადად შემოტანილი იქნა ნიორი, რომლის ხარისხი არ შეიქნა ისეთი როგორსაც ელოდა, გადარჩევის შედეგად საუკეთესო ხარისხი რეალიზებული იქნა 200% ფასნამატით, ხოლო დანარჩენი ნაწილი საშუალოდ 10-30% ფარგლებში.
2021 წლის ივლისის ბოლოს ბაზარზე გაჩნდა ბადრიჯანის მოთხოვნა და მის მიერ 28 ივლისს შემოტანილი იქნა 23,5 ტონა. აღნიშნული პროდუქტის თვითღირებულება იყო 0,7923 ლარი. შეკვეთიდან ჩამოტანას შორის ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტი შემოვიდა და ზარალი რომ არ ყოფილიყო 1-3% მოხდა რეალიზაცია. 2022 წლის იანვარ-თებერვლის თვეში მოხდა კარტოფილის რეალიზაცია, რომელიც მის მიერ 2021 წლის 14 დეკემბერს იყო იმპორტირებული. იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში სასაქონლო ზედნადებში რეალიზაცია ფიქსირდება 102% ფასნამატით, რაც ნამდვილად არ არის მთელი არსებული მარაგის ფასნამატი, რადგანაც ეს იყო გადარჩეული და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები პლუს კიდევ გაუთვალისწინებელი გარე ფაქტორები ძირეულ გავლენას ახდენს მის გასაყიდ ფასზე და საერთო ჯამში მოგება ვერანაირად ვერ იქნება 40-100%, რაც დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდით გაავრცელეთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები პლუს კიდევ გაუთვალისწინებელი გარე ფაქტორები ძირეულ გავლენას ახდენს მის გასაყიდ ფასზე და საერთო ჯამში მისი მოგება ვერანაირად ვერ იქნება 40- 100%, რაც დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდით გაავრცელეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2023 წლის №89008-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და გაწერილი ზედნადებები/ანგარიშ-ფაქტურები. გაწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის დასახელება და ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდა რეალიზებული საქონლის ფასნამატი და აღნიშნული საქონლის სახეობებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (გადამხდელს მთელ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის ბითუმად მიწოდება სულ ოთხჯერ, თვითღირებულებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული ფასნამატის გაანგარიშებაში).
აღნიშნული მონაცემებით ფასნამატები საშუალოდ შეადგენს: 2020 წელს - ხახვი 88%, კარტოფილი 60%, საზამთრო 73%; 2021 წელს - ხახვი 114%, კარტოფილი 83%, საზამთრო 73%. ბადრიჯნის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე ბადრიჯანზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 10%.
აღნიშნული გარემოებების შედეგად, განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 294 928 ლარს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 238 668 ლარს. სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი 170 068 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა 1 143 700 ლარის ოდენობით (გროსი 1 429 625 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი 153 859 ლარის 75%-ის ოდენობით ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, თანხით 11 949 ლარის ოდენობით (გროსი 14 937 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში აღნიშნულია, რომ წარმოადგენს შედარების აქტს არარეზიდენტ მომწოდებლებთან, რაც მომჩივნის მოსაზრებით ადასტურებს იმპორტირებულ საქონელზე გადახდას და 153 859 ამცირებს 106059,83+28493,19=134553,02 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 6.09.2023 წლის №89008-21-14 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი 153 859 ლარის 75%-ის ოდენობით ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, თანხით 11 949 ლარის ოდენობით (გროსი 14 937 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7410 ბრძანება და ამავე თარიღის №021-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14475 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8; 73 (4, 5, 9); 159; 163; 164; 101; 154; 43; 49.