გადაწყვეტილება №20696/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 20696/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20696/2/2023

21 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20696/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19631 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 115 496,45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 68 478

დღგ - 55 905

მოგების გადასახადი - 11 952

საშემოსავლო გადასახადი - 621

ჯარიმა - 31 449

საურავი - 15 569,45

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის საგანია მეორადი საბურავებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. არ ხდება რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით - საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 20.07.2023 წლის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19631 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მეორადი საბურავების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის მიზნით აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს, ვინაიდან მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი და რეალიზაციას ვერ ახდენს სკანერის გამოყენებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფასნამატი შეადგენს 27%- ს.

იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მომჩივანი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს ფასნამატით, განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი საბურავებით ვაჭრობა. საცალო რეალიზაციის აღრიცხვისთვის კომპანია აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს (დანართი 1), რომელიც მოიცავს სრული 1 დღის საცალო რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან კომპანიას ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომლის ასლიც წარდგენილია შემოწმებისთვის. ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით, ფასნამატმა შეადგინა 27%. გამოწერილი ზედნადებების მოცულობა შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 30%-ზე მეტს, ხოლო მასში დაფიქსირებული პროდუქცია იდენტიფიცირდება შესყიდვებთან მიმართებაში. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მიაჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით.

ამასთან დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, რომლის მიხედვითაც მისი არგუმენტების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო სადავო საკითხის განხილვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა. ასევე ითხოვს აღნიშნული საჩივრის მისი თანდასწრებით განხილვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც გამოვლენილია განსხვავებული ფასნამატები. მათ შორის, მომჩივნის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან შედარებით ნაკლები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შედეგად, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19631 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის საგანია მეორადი საბურავებით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. არ ხდება რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შედეგად, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").