გადაწყვეტილება №17587/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17587/2/2022
25.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------ის 21.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17587/2/2022).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №007-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2022 წლის №21033 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 180 451 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 107 579
დღგ - 63 178
საშემოსავლო გადასახადი - 44 401
ჯარიმა - 53 779
საურავი - 19 093
პროცედურული გარემოებები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №8771 ბრძანება და №007-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2022 წლის №21033 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა - ორისში, არ ახორციელებს საქონლის ჩამოწერას რეალიზებული პროდუქციის მიხედვით, რის შედეგადაც არ ირკვევა წარმოებული პროდუქცია და რაოდენობა. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საშუალო შეწონილი დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 95%-ს. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა რესტორნის მენიუ და კალკულაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 159%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საწესდებო კაპიტალში შეტანილი აქვს 236 565 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საწესდებო კაპიტალის შემცირება.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება. შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე განხორციელდა საწესდებო კაპიტალის შემცირება, ხოლო დარჩენილი განკარგვადი ფულის ნაშთი დაექვემდებარა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოსავლების
სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მტკიცებულებები გაფუჭებული/განადგურებული საქონლის შესახებ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის გაფუჭებული/განადგურებული საქონლის ჩამოწერის შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები/დოკუმენტები განხორციელებული ფასდაკლების/აქციების შესახებ. წარდგენილი იქნა აქციის ფარგლებში დაბეჭდილი ბროშურის ფოტო, რომლითაც ვერ დგინდება რა რაოდენობის მომხმარებელმა ისარგებლა აღნიშნული აქციის ფარგლებში განხორციელებული შეთავაზებით. შემოწმებამ არ გამოიყენა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების აუდირებული ფასნამატი, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით/ინფორმაციით შესაძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილ საქონლის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის მიერვე წარდგენილი დოკუმენტაციით/ინფორმაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის კომპანიის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა. გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამოყენებულია არასწორი გაანგარიშების მეთოდი და მიდგომები. დადგენილი ფასნამატი არის ძალიან მაღალი და არარეალური, არ შეესაბამება საბაზრო ფასებს. გამოყენებული გაანგარიშების მეთოდი არ ასახავს რეალურ ფასნამატს. შემმოწმებელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაბამისად, იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, კომპანიის საქმიანობის ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება, ვინაიდან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულად განსაზღვრა და დადგენა. გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით თვლის შემმოწმებელი, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის შესაბამისი თანხა მიღებულია და გაცემულია ხელფასად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავლის ნაღდი ფულის სახით სრულად მიღება, გაუგებარია, რატომ არის ასეთი სახით „მიღებული თანხა“ ხელფასი და არა დივიდენდი.
კომპანიას, საქმიანობის პროცესში ჰქონდა დანაკლისები, ფასდაკლებები და საქონლის გარკვეულ ნაწილზე სხვადასხვა მარკეტინგული აქციების დროს ფასდაკლებები. შემმოწმებელს პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა პირველადი დოკუმენტაციის ანალიზი, რაც არ მომხდარა. დოკუმენტების სრულყოფილი შესწავლით, რომელიც გააჩია კომპანიას, დადგინდებოდა რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ ორისის პროგრამაზე დაყრდნობა. კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში წარადგინა რესტორნის მენიუ და კალკულაცია, კალკულაციაში გაიპარა ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული იქნებოდა არაპირდაპირი მეთოდი, დაფიქსირებული ფასნამატი არარეალურია. ვინაიდან, რიგ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასებს და შესაბამისად ფასნამატს განსაზღვრავდა თავად მომწოდებელი, რაც გამყარებულია ინვოისებით, სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით, რაც ყველა შემთხვევაში დაბალია შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილებში დაფიქსირებულ ფასნამატთან შედარებით.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მიუხედავად საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 73-ე მუხლის მე5 ნაწილით დადგენილი ნორმის შინაარსისა, რომლის გამოყენების საჭიროება მათ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, რადგანაც მზად არის წარადგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად.
შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 95%-ს და თითქოს ფასნამატის სიმცირის გამოც ცდილობს გამოიყენოს დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი. ფასნამატის ოდენობა არ წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს, ხოლო სხვა რაიმე სამართალდარღვევა, ან უზუსტობა ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოვლენილი არ ყოფილა. კომპანიას გააჩნია 2 სამართალდარღვევის აქტი, რაც პერსონალის აღრიცხვას უკავშირდება და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულება დადებული აქვს საბუღალტრო კომპანიასთან, სადაც კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონულად და კვირაში 4 დღის გამავლობაში, ე.წ. დასვენების დღეების გამო, ვერ მოხდა დროულად ახალი თანამშრომლის შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდზე ასახვა და ამის გამო დაჯარიმდა, სხვა რაიმე უზუსტობა, როგორიცაა ჩეკის არ ამორტყმა ან რაიმე სხვა საფუძველით დაჯარიმება არ მომხდარა.
კეთილსინდისიერად მუშაობს ამდენი წლის მანძილზე. გაუგებარია 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი პუნქტით ადგენს შემმოწმებელი, რომ საჭირო იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, არ არის განმარტებული კონკრეტულად რა მონაცემების დადგენაში შეეშალა ხელი და რა მონაცემის მოპოვების შემთხვევაში არ გაჩნდებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. კომპანიას სრულად და ყველა ნორმის დაცვით აქვს დეკლარაციები წარდგენილი, ხოლო დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაა (ფასნამატის ცვლილება) გამოწვეული. როგორც ზემოთაც აღნიშნა, კომპანია ეწევა რესტორნების და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობას, რაც თავის თავში გულისხმობს მალფუჭებადი საქონლის შეძენა-რეალიზაციას, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ხშირი იყო ლოქდაუნები და სხვადასხვა შეზღუდვები, რაც ძალიან მძიმედ დააწვა და აისახა სარესტორნე ბიზნესზე, არ არსებობდა გრძელვადიანი პროგნოზები, მუდმივად მერყეობდა ლარის კურსიც. კომპანიას უწევდა ერთის მხრივ, მარაგების აღება რათა დაეჭირა ფასები მაგრამ, მეორეს მხრივ თავს იჩენდა პრობლემა, კერძოდ საქონლის გაფუჭება-განადგურება, რასაც ფაქტიურად ყოველდღიური ხასიათი თუ არა, ყოველკვირეული ხასიათი ქონდა. ყოველდღიური იმიტომ, რომ მოლოდინი კლიენტის მეტი იყო, ხოლო ვინაიდან რესტორანის საფირმო სახელწოდებაა „-------------“, შესაბამისად რესტორანის სტუმრებიც არიან -------ები, პანდემიის დროს კი ფრენები, პირველ ეტაპზე შეზღუდული იყო, ხოლო მოგვიანებით გაიხსნა მაგრამ, ტურისტი ძალიან მცირე იყო მაინც. სწორედა ამიტომ, ვერ ხდებოდა წინასწარი განსაზღვრა რა რაოდენობის პროდუქტი შეიძლებოდა შეეძინა, რომ არ ქონოდა ნარჩენი და არ გაფუჭებოდა. აღნიშნულის გამოც, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე საუბარი ყოველდღიურად. თუმცა ამის აღწერას აწარმოებდა.
გაფუჭებული საქონელი დაუყოვნებლივ გაიტანება ნაგავსაყრელზე, საქონლის ეს ნაწილი ფაქტიურად არ იღებს მონაწილეობას რეალიზაციაში, რის გამოც რეალიზებული საქონლის მთლიანი ღირებულება თუ გადანაწილდება მთლიანად შეძენილი საქონლის რაოდენობაზე, ფასნამატი იქნება დაბალი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას, როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს. მოცემულ შემთხვევაში შეუსაბამო და ფაქტიურად არ არსებული ფასნამატია დადგენილი.
საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპი არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც სადავო ფასნამატის გამოყენება კანონშეუსაბამოდ უნდა ჩაითვალოს და არ უნდა იქნეს გაზიარებული. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შედეგი არ უნდა იქნეს განხილული ისე, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ აღრიცხავდა შემოსავლებს და თავს არიდებად გადასახადებს. საქმიანობის ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ბაზარზე დამკვიდრებისათვის, კონკურენტუნარიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქონლის გასაყიდ ფასს. სწორედ ამიტომ, მიმართავდა სხვადასხვა აქციებს და ფასდაკლების შეთავაზებებს, რათა შეემცირებინა ზარალი. შესანარჩუნებელი იყო პირველ რიგში ბაზარზე არსებობა, ხელფასების და იჯარისთვის საჭირო ფინანსების დროული მოძიება. ყოველივე ეს განაპირობებდა სხვადსხვა აქტივობების დაგეგმვას, რაც სარეკლამო ხარჯის გაწევაშიც კარგად ჩანს და რაც შემმოწმებელს სადაო არ გაუხდია. ფიქრობს, საკითხი ექსპერტიზის დასკვნითაც შეიძლება გაირკვეს. რომ ჩატარდეს ექსპერიმენტი ან მიმართვა ექსპერტიზის სამსახურისთვის, დადგინდებოდა ფაქტიური (საშუალო) ფასნამატი რეალიზებულ საქონელზე, შესაძლებელი იქნებოდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტება, შესაბამისად, დარიცხული სადავო თანხები გაცილებით ნაკლები, მეტიც უმნიშვნელო იქნებოდა, ვიდრე მოცემულ შემთხვევაშია. შემმოწმებელს შეეძლო წასულიყო ანალოგიის მეთოდითაც, თუმცა არ გამოიყენა და გამოვიდა გაუმართლებლად დიდი ფასნამატი. მნიშვნელოვანია ფაქტზე დადგინდეს ჭეშმარიტება, სრულად იქნეს გამოკვლეული და დაკორექტირებული შეცდომით დარიცხული თანხები.
მომჩივანი ითხოვს ჩატარებული შემოწმების შედეგების, 2022 წლის 7 აპრილის №007-67 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და 31.03.2022 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ხელახლა გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოზიციები წარმოდგენილია საჩივარში, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, თუ საბჭო ჩათვლის და გადასახადის გადამხდელს მისცემს დარიცხული თანხების გადაანგარიშების შანს, წარადგენს ყველა დოკუმენტს რაც არ იყო წარდგენილი შემოწმების პერიოდში გარკვეულ მიზეზთა გამო და საჭიროა ხელახლა გადაანგარიშებისათვის, არ ეთანხმება გაუმართლებლად დიდ ფასნამატს, რომელიც რეალურთან ოდნავადაც ახლოს არ არის და ყოველივე გამოწვეულა წარდგენილ კალკულაციებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზებიდან გამომდინარე. შემმოწმებელი აპელირებს 95%-ის ოდენობით ფასნამატზე და ცდილობს გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, მაგრამ ფასნამატის ოდენობა არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა, არ არის განმარტებული რა მონაცემების დადგენაში შეეშალა ხელი შემმოწმებელს და რა მონაცემის მოპოვების შემთხვევაში არ გაჩნდებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. შემოწმებას წარედგინა დოკუმენტები, ზოგი გაზიარებული, ზოგი კი უგულებელყოფილი იქნა. როგორც აღნიშნა კალკულაციებში გაიპარა ტექნიკური ხასიათის შეცდომები, ამდენად ითხოვს დარიცხული თანხების ხელახლა გაანგარიშებას, რაც საშუალებას მისცემს მოხდეს დაბეგვრის ობიექტის დაზუსტება და შედეგად, სადავო თანხები გაცილებით ნაკლები იქნება. არ იქნა გათვალისწინებული ფასდაკლებები, მიტანის სერვისი იყო, თუ აქციები გარკვეული სარეკლამო ხარჯებია გაწეული. მაგალითად იყო ფლაერები, სარეკლამო ინფორმაცია, შეთავაზება, რომ კერძის შეძენის შემთხვევაში, გაიცემოდა დამატებით გამაგრილებელი სასმელი. საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი არ აქვთ დოკუმენტაცია, კალკულაცია, მაგრამ აღნიშნული გააჩნია მეილზე და შეუძლია წარუდგინოს შემმოწმებელს. ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ხელახალ გადაანგარიშებას.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ჯამურად ჩამოწერდა მასალებს და შეუძლებელი გახდა დადგენა რომელი საქონელი იწარმოებოდა, გადასახადის გადამხდელის მიერ 3-ჯერ მოხდა კალკულაციის დაზუსტება და მისი კალკულაციით მოხდა ფასნამატის გამოთვლა, ამ ეტაპზე სხვა ახალი კალკულაცია წარმოდგენილი არ არის. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები/დოკუმენტები განხორციელებული ფასდაკლების აქციების შესახებ. წარდგენილი იქნა აქციის ფარგლებში დაბეჭდილი ბროშურის ფოტო, რომლითაც ვერ დგინდებოდა ვინმემ ისარგებლა თუ არა აღნიშნულით, ანდა რა რაოდენობის მომხმარებელმა ისარგებლა აღნიშნული აქციის ფარგლებში განხორციელებული შეთავაზებით.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, წარმოადგენს არგუმენტებს, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი არარეალურად მიაჩნია, მაგრამ როგორც ირკვევა, არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს, გაანგარიშებებს, რაც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, გაამყარებდა მის არგუმენტებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები ზოგადი და დაუსაბუთებელია.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია, ასევე მართებულია გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილ საქონლის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატის გავრცელება და არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახადების დარიცხვასთან ერთად ასევე, დაეკისრა ჯარიმა 53 779 ლარი და განესაზღვრა საურავი 19 093 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ, მე-2 და 21 ნაწილზე, და აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.