გადაწყვეტილება №20175/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20175/2/2023
09 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 5.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20175/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №081-122 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 297 364 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 133
დღგ - 94 474
საშემოსავლო გადასახადი - 90 659
ჯარიმა - 86 130
საურავი - 26 101
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების შეძენა-რეალიზაცია, როგორც საცალო, ასევე საბითუმო.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6368 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი საბურავების იმპორტს ახორციელდებს ------დან. შეძენის დოკუმენტებში (ინვოისები) საბურავები ასახულია რაოდენობრივად. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული საბურავების ზომები და ხარისხები. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ცხრილები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბურავების ფაქტობრივი ნაშთების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საბურავების რაოდენობრივი ნაშთი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძელზე დასაბეგრი შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საბურავების საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივად არსებული საბურავების სარეალიზაციო ფასების საფუძველზე. შედეგად, საშუალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 41 ლარი, დღგ-ის გარეშე (ფასნამატის კუთხით აღნიშნული ფასები მერყეობს 100%-ის ფარგლებში). გარდა ამისა შესწავლილია:
1) ის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია მომჩივნის მიერ „საცალო“ რეალიზაციაზე მცირე რაოდენობით (აღნიშნული ანალიზით საცალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 66 ლარი);
2) სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატები და საბურავების საშუალო სარეალიზაციო ფასები, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სარეალიზაციო ფასები აღემატება ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ ფასებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასის (41 ლარი) საშუალებით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18417 ბრძანება და №081-122 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 297 364 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება 7.09.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.02.2023 წლის №17718/2/2022 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საჩივარი. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-80, მე-100, 102-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მეორადი საბურავების ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ხდება იმპორტირებული საქონლიდან რეალიზება - საშუალო ხარისხის დაბალი სარეალიზაციო ფასიანი მეორადი საბურავების, საქონლის ნაშთად კი რჩება უკვე უკეთესი ხარისხის და შესაბამისად მაღალ ფასიანი საქონელი. ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული მაღალი ფასნამატის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც ზუსტად ამით არის განპირობებული. ამასთან, არასამართლიანია ინვენტარიზაციის ფასნამატის (ფასის) გავრცელება წინა 3 საანგარიშო პერიოდებზეც, ვინაიდან არ იძლევა რეალურ სურათს, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის დასაწყისში, როდესაც ინვენტარიზაცია ჩატარდა მკვეთრად იყო უკვე გაზრდილი საქართველოში ყველა საქონელსა, თუ მომსახურებაზე ფასები, რამაც შესაბამისად იძულებული გახადა გაეზარდა სარეალიზაციო ფასები მეორად საბურავებზეც საშუალოდ 20%-30%-ით იმის გამოც, რომ გაიზარდა თავად -----ში მეორადი საბურავების ფასები, ასევე გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვის ხარჯებიც. გარდა ამისა, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 43%-ს და უფრო რეალური იქნება თუკი გავრცელდება დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც შეადგენს 30,32 ლარს (ერთეული საქონლის სარეალიზაციო ფასები მერყეობს 20 ლარიდან 309 ლარის ჩათვლით), ნაცვლად ინვენტარიზაციით დადგენილი 41 ლარისა. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რაოდენობაზე) გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი (ფასი), ნაცვლად ინვენტარიზაციის ფასნამატისა (ფასისა) და გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაასწოროს ტექნიკური შეცდომები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს გადასახადების გამოანგარიშების ცხრილები, დანართები. აუდიტის დეპარტამენტს არ გადაუგზავნია შემოწმების აქტის დანართები გადასახადების გაანგარიშებაზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმების მასალების გადაგზავნასთან დაკავშირებით, რომელიც დასტურდება აუდიტორთან ელექტრონულ ფოსტაზე მიწერით, კომუნიკატორისა და კანცელარიაში წარდგენილი განცხადებებით, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტისგან არ მიუღიათ საქმის მასალები და გაანგარიშების ცხრილები, თუ როგორ იქნა შემოწმების შედეგები გამოყვანილი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანებას და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში შემოსავლების სამსახურს დეტალურად უნდა ემსჯელა თუ რამდენად სწორად და სრულყოფილად იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რათა სწორად განესაზღვრა გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდებისთვის. კერძოდ:
1) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებზე/თვითღირებულებებზე ფასების/ფასნამატის გავრცელებისას აუდიტორს რა გარემოებების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელა: ფასნამატი უნდა გაეანგარიშებინა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასებიდან (რომლის წილი მთლიან გაყიდვებში აღემატება 43 პროცენტს), უნდა აეღო თუ არა ფასები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან თუ უნდა ეხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, კერძოდ, გასაყიდი ფასების/ფასნამატის დასადგენად, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე. დამატებით საგადასახადო შემოწმების აქტის №1 საკითხში შემმოწმებელმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ და დამუშავებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები, რომლის თანახმადაც აუდირებული ფასები/ფასნამატი აღემატება ინვენტარიზაციით დადგენილ ფასებს/ფასნამატებს. აღნიშნულ გარემოებაზე შემოსავლების სამსახურს ყურადღება არ გაუმახვილებია მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 20 აპრილის №80455/1/2023 საჩივარში და ამ საჩივრის განხილვისას წარმომადგენლების მიერ დასაბუთებულ იქნა შემოწმების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელიც გამყარებულ იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციით. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალებინა აუდიტის დეპარტამენტისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას ეხელმძღვანელა დოკუმენტური ფასების/ფასნამატების მიხედვით, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2) შემოსავლების სამსახურს უნდა ემსჯელა აუდიტორის მიერ შესაძლო დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებზე (რომელმაც არსებითად მოახდინა გავლენა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე) და გადასახადის გადამხდელისთვის უნდა მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო ამ მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გაესწორებინა ყველა შეცდომა და მოეხდინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტორის მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომები გაანგარიშებებში. არ არის გათვალისწინებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და ფასნამატი გავრცელებულია მთლიან შეძენაზე. ამასთან, ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი იყო 0 ერთეული. სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობამ შეადგინა 25 696 ცალი საბურავი, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 7 886 ერთეული საბურავი. 2022 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილმა საბოლოო ნაშთმა რაოდენობრივად შეადგინა 7 436 ცალი საბურავი. აქედან გამომდინარე, რეალიზებულმა პროდუქციის რაოდენობამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 18 260 ცალი საბურავი, საიდანაც სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულია 7 886 ცალი მეორადი საბურავი (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან გაყიდვებში აღემატება 43%-ს).
იმის დასადასტურებლად და გამოსავლენად, რომ აუდიტორს გაანგარიშების ცხრილებში დაშვებული აქვს შეცდომები, გავიანგარიშოთ აქტში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები: შემოწმების აქტში მოყვანილი საკითხიდან გამომდინარე, როგორც უნდა გაეკეთებინა აუდიტორს - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ინვენტარიზაციის საშუალო შეწონილი ფასი 41 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) შემმოწმებლის მიერ მიყენებულ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელზე და აღნიშნულ შინაარს თუ მივყვებით, ლოგიკურად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა გაეანგარიშებინა აუდიტორს 18 260 ცალ საბურავზე, შედეგად უნდა მიეღო 748 660 ლარი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახდელი დღგის თანხა - 134 759 ლარი (აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აუდიტორი უგულვებელყოფს დოკუმენტურ რეალიზაციას და მასზეც ავრცელებს ფასნამატს, რაც შეცდომაა და კატეგორიულად არ ეთანხმება), ხოლო გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების თანახმად უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 382 260 ლარის ოდენობით, გადასახდელი დღგ-ის თანხა კი 68 807 ლარის ოდენობით. დეკლარირებული და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების შეპირისპირების შედეგად მეწარმეს შემოწმების აქტით უნდა დარიცხვოდა დღგ-ის ძირითადი გადასახადის თანხა არაუმეტეს 65 952 ლარის ოდენობით, ნაცვლად 94 474 ლარისა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორს ტექნიკური შეცდომები აქვს დაშვებული გადასახადების გაანგარიშებისას (სავარაუდოდ აუდიტორს არ აქვს რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის გაანგარიშებისას გათვალისწინებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი).
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის (ფასის) გავრცელებას დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რაოდენობაზე) და ითხოვს გავრცელდეს მომჩივნის დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი (ფასი), შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე:
1. მეორადი საბურავების ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ხდება იმპორტირებული საქონლიდან რეალიზება - საშუალო ხარისხის დაბალი სარეალიზაციო ფასიანი მეორადი საბურავების, საქონლის ნაშთად კი რჩება უკვე უკეთესი ხარისხის და შესაბამისად, მაღალ ფასიანი საქონელი. ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული მაღალი ფასნამატის გამომწვევი ერთერთი მიზეზიც ზუსტად ამით არის განპირობებული.
2. არასამართლიანია ინვენტარიზაციის ფასნამატის (ფასის) გავრცელება წინა საანგარიშო პერიოდებზეც, ვინაიდან არ იძლევა რეალურ სურათს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის დასაწყისში, როდესაც ინვენტარიზაცია ჩატარდა, მკვეთრად იყო უკვე გაზრდილი საქართველოში ყველა საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასები, რამაც შესაბამისად იძულებული გახადა მომჩივანი გაეზარდა სარეალიზაციო ფასები მეორად საბურავებზეც საშუალოდ 20%-30%-ით იმის გამოც, რომ გაიზარდა თავად ------ში მეორადი საბურავების ფასები, ასევე გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვის ხარჯებიც.
3. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 43%-ს და უფრო რეალურ სურათს მივიღებთ, თუკი გავრცელებული იქნება დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც შეადგენს 30,32 ლარს (ერთეული საქონლის სარეალიზაციო ფასები მერყეობს 20 ლარიდან 309 ლარის ჩათვლით), ნაცვლად ინვენტარიზაციით დადგენილი 41 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ხელახალი გადაწყვეტილება, რის თანახმადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებები და გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი (ფასი) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რაოდენობაზე), ნაცვლად ინვენტარიზაციის ან სხვა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული აუდირებული მონაცემებიდან ფასნამატისა (ფასისა). გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაასწოროს ტექნიკური შეცდომები და უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასის საშუალებით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები.
მომჩივანი სადავოდ ხდის გავრცელებულ ფასნამატს.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეორადი საბურავების რეალიზატორების აუდირებული მონაცემები. კერძოდ, გამოკვლეულ იქნა რამდენიმე კომპანიის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოძიებულ იქნა მეორადი საბურავების სარეალიზაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემების შესწავლისა და დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასები საცალო მიწოდებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა დასკვნა გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას (საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი აუდირებული საშუალო (საცალო) სარეალიზაციო ფასმა მეორად საბურავზე შეადგინა 61 ლარი).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც გამოვლენილია განსხვავებული ფასნამატები. მათ შორის, მომჩივნის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან შედარებით ნაკლები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების შეძენა-რეალიზაცია, როგორც საცალო, ასევე საბითუმო. შეძენის დოკუმენტებში (ინვოისები) საბურავები ასახულია რაოდენობრივად. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული საბურავების ზომები და ხარისხები. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ცხრილები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბურავების ფაქტობრივი ნაშთების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საბურავების რაოდენობრივი ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძელზე დასაბეგრი შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საბურავების საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივად არსებული საბურავების სარეალიზაციო ფასების საფუძველზე. შედეგად, საშუალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 41 ლარი, დღგ-ის გარეშე (ფასნამატის კუთხით აღნიშნული ფასები მერყეობს 100%-ის ფარგლებში). გარდა ამისა შესწავლილია: 1) ის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია მომჩივნის მიერ „საცალო“ რეალიზაციაზე მცირე რაოდენობით (აღნიშნული ანალიზით საცალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 66 ლარი); 2) სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატები და საბურავების საშუალო სარეალიზაციო ფასები, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სარეალიზაციო ფასები აღემატება ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ ფასებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასის (41 ლარი) საშუალებით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 102(1"ა"), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").