გადაწყვეტილება №23299/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23299/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ ------- “-ს 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23299/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. განკარგვადი შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №006-186 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის №13624 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 325 686 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 197 486
დღგ - 74 835
საშემოსავლო გადასახადი - 122 651
ჯარიმა - 98 743
საურავი - 29 457
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა სოფელ "------"-ში , საფირმო სახელით „-------“.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29468 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 17 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9622 ბრძანება და №006-186 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 325 686 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 ივნისის №13624 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს ნედლეულის შეძენების დაახლოებით 50%-ზე გააჩნია სასაქონლო ზედნადები (დანარჩენ შეძენებზე შესყიდვის აქტები). მომჩივანმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომელშიც არ იშიფრება რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და ღირებულება (გაშიფრულია მხოლოდ კერძების მიხედვით და არა თითოეული შეკვეთის მიხედვით), რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩამოწერილია ფასნამატის საშუალებით (კომპანია ადეკლარირებს 60%- იან ფასნამატს). საწარმო 2023 წლის 13 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები (საშუალო შეწონილი 95%). შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები (საშუალო შეწონილი 95%), ხოლო დამატებით გაანგარიშებული შემოსავლები (გაწეული ხარჯების გათვალისწინებით) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
რაც შეეხება შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლის გაცემულ სესხად და დივიდენდად განხილვას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს რესტორან „--------“ სახელით. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა Oris-ში. ბუღალტრული პროგრამა ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბუღალტრული პროგრამა მიბმული არ იყო სარესტორნო პროგრამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში რეალიზაცია ასახული არ არის თითოეული შეკვეთის მიხედვით და ის ისახებოდა ჯამურად დღის ჭრილში. დღის ჭრილში ხდებოდა ასევე კერძების დამზადება და რეალიზაციის რეესტრის მიხედვით მათი ჩამოწერა. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელს სამეურნეო ოპერაციები არ ჰქონდა აღრიცხული იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. სწორედ ამიტომ საგადასახადო ორგანომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთ-ერთ საფუძვლად საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში უთითებს, რომ კომპანია 2023 წლის 13 ივლისს №CB1487823 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმებულია 200 ლარით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის. შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატებით (საშუალო შეწონილი - 95%). საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 60%-ს.
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შემდეგი გარემოებების გამო:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის საჭირო წინაპირობების არ არსებობა საგადასახადო კოდექსის 73.5 მუხლი ადგენს წინაპირობებს, რა შემთხვევაში შეუძლია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს შემთხვევა, როცა „პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა“;
- მოცემულ შემთხვევაში საწარმოს ზედმიწევნით აქვს დაცული ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: საწარმო დეტალურად (სრულად და დროულად) აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა - „ORIS“-ში საქონლის შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვას როგორც ფინანსური, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. პროგრამაში ხდება ყველა საბუღალტრო ანგარიშის (სალარო, ბანკი, დებიტორები, კრედიტორები, ძირითადი საშუალებები, შემოსავლები, ხარჯები და ა.შ.) სრულად და დროულად აღრიცხვა. შესაბამისად, საწარმოს გააჩნია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა სააღრიცხვო დოკუმენტი;
- ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში უთითებს ერთადერთ საკითხს, რომ კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში რეალიზაცია ასახული არ არის თითოეული შეკვეთის მიხედვით და ის აღირიცხებოდა ჯამურად დღის ჭრილში. (ბუღალტრულ აღრიცხვაში) დღის ჭრილში ხდებოდა ასევე კერძების დამზადება და რეალიზაციის რეესტრის მიხედვით მათი ჩამოწერა, რაც საგადასახადო ორგანოს შეფასებით, შეუძლებელს ხდის საგადასახადო ორგანოს მხრიდან კონტროლს მათ დაწყებაზე
- საგადასახადო ორგანოს შეფასება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან საქონლის (კერძების) რეალიზაციის აღრიცხვა დღის ჭრილში (და არა შეკვეთების მიხედვით) შეუძლებელს არ ხდის საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგვრის ობიექტის გაანგარიშებას არცერთი გადასახადის თვალსაზრისით.
- ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია დაჯარიმებულია ერთხელ და სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 73.5 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73.5 მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მოკლებულია როგორც ფორმალურ-სამართლებრივ, ასევე შინაარსობრივ საფუძველს და ითხოვს საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს საგადასახადო ვალდებულების დადგენა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე.
საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატების (საშუალო შეწონილი - 95%) მიხედვით, რითაც კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი გაიზარდა 35%-ით (=95%-60%), რაც იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:
- კომპანია რესტორნის ოპერირებას ახდენს "-------" მუნიციპალიტეტის გარეთ, სოფელ "-------"-ში, სადაც სარესტორნო მომსახურების (სასმელების, კერძების და სხვ.) ფასები განსხვავდება (არსებითად დაბალია) "-------"-ში მდებარე რესტორნებში არსებულ სარესტორნო მომსახურების (სასმელების, კერძების და სხვ.) ფასებისგან. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფასნამატი არსებითად (35%-ით) განსხვავდება საგადასახადო ორგანოების მიერ აუდირებული კომპანიების საშუალო შეწონილი ფასნამატისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აუდირებული კომპანიების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები (რომლიდანაც ხდება საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშება) შეადაროს კომპანიის სარეალიზაციო ფასებს და შესაბამისი სხვაობით მოახდინოს არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოსაყენებელი ფასნამატის კორექტირება. მაგალითად: თუ ერთმანეთთან შედარებით აღმოჩნდება, რომ კომპანიის სარეალიზაციო ფასები 20%-ით ნაკლებია აუდირებული კომპანიების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასებთან შედარებით, მაშინ საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოყენებული ფასნამატი (აუდირებული კომპანიების საშუალო შეწონილი ფასნამატი) შეამციროს 20%-ით და გამოიყენოს 76%-იანი (=95% * 0,8) ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, რომელშიც არ იშიფრება რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და ღირებულება (გაშიფრულია მხოლოდ კერძების მიხედვით და არა თითოეული შეკვეთის მიხედვით), რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩამოწერილია ფასნამატის საშუალებით (კომპანია ადეკლარირებს 60% ფასნამატს). საგადასახადო მონიტორინგი დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №CB1487823 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმებულია 200 ლარით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლოსალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. ვინაიდან შემოწმებისთვის არსებული მასალებით შეუძლებელია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების დადგენა, შემოწმების მიერ გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები (საშუალო შეწონილი 95%). საგადასახადო ორგანომ მართალია გამოიყენა ქ. "------"-ში ოპერირებადი (რესტორანი „--------“) რესტორნის აუდირებული ფასნამატი, მაგრამ შერჩეულ იქნა მსგავსი სეგმენტის მომსახურე რესტორანი და გაუგებარია გადასახადის გადამხდელის პოზიცია ფასებთან დაკავშირებით, როდესაც ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და თუ ფასები ნაკლებია ქ. "-------"-თან შედარებით, ნაკლები იქნება შემოწმებით გაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განკარგვადი შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
დამატებით მიღებული შემოსავლები (გაწეული ხარჯების გათვალისწინებით) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში დამატებით დადგენილი განკარგვადი შემოსავლიდან მოახდინა საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტის გაანგარიშება, კერძოდ: განკარგვადი შემოსავალი - 490 605 ლარი მიიჩნია კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ ნეტ-ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა - 613 256 ლარით.
კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალოს არა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასის თანხად, არამედ კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ დივიდენდად, გარდა იმ ნაწილისა, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც პარტნიორ(ებ)ს უჩნდებათ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების (ძირითადი გადასახადის თანხების) დაფარვის მიზნით, რომლებიც ჩაითვალოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ სესხად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი შემოსავლები მიიჩნიოს არა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასის თანხად, არამედ კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ დივიდენდად, გარდა იმ ნაწილისა, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც პარტნიორ(ებ)ს უჩნდებათ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების (ძირითადი გადასახადის თანხების) დაფარვის სახით, რომლებიც ჩაითვალოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ სესხად.
მაგალითად, როცა განკარგვადი შემოსავალი არის 490 605 ლარი, დარიცხული გადასახადი - 197 489 ლარი (დღგ - 74 838 ლარი, საშემოსავლო -122 651 ლარი), მაშინ განკარგვადი შემოსავლიდან 197 489 ლარი ჩაითვალოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ სესხის თანხად, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც უჩნდება პარტნიორებს და რომლის დაბრუნებისას კომპანია მოახდენს დარიცხული გადასახადების (მგების გადასახადის) ჩათვლას, ხოლო 293 116 ლარი ჩაითვალოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ დივიდენდად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დამატებით მიღებული შემოსავლები (გაწეული ხარჯების გათვალისწინებით) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №006-186 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 325 686 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 197 486 ლარი, ჯარიმა - 98 743 ლარი და საურავი - 29 457 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიიჩნევს, რომ დავების განმხილველმა ორგანომ უნდა ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებით და დაავალოს საგადასახადო ორგანოს დაკისრებული სანქციების კორექტირება (შემცირება).
მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელმაც საგადასახადო სამართალდარღვევა ჩაიდინა არა განზრახ, არამედ არცოდნით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავის სრულად შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აუდირებული კომპანიების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები შეადაროს კომპანიის სარეალიზაციო ფასებს და შესაბამისი სხვაობით მოახდინოს არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოსაყენებელი ფასნამატის კორექტირება.
2.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი შემოსავლები მიიჩნიოს არა 6 კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასის თანხად, არამედ კომპანიის პარტნიორ(ებ)ზე გაცემულ დივიდენდად.
3.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავის სრულად შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო 2023 წლის 13 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.დამატებით მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 325 686 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,159,163 164,269(7).