გადაწყვეტილება №24753/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24753/2/2025
05 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24753/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №044-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23074 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 631 234,01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 307 838
დღგ - 145 624
საშემოსავლო გადასახადი - 162 214
ჯარიმა - 153 919
საურავი - 169 477,01
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 17.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მომჩივანს 23.10.2020 წლის რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი --------, . გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული. ინვოისების მიხედვით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 1 497 675 ლარი. ასევე, პირს 2020 წელს იმპორტირებული აქვს 700 ერთეული მანეკენი. ამასთან, პირის მიერ წარდგენილი 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის თანახმად, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 7 797 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №8520 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარების აღრიცხვა). პირის მიერ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, 17.04.2024 წლის მდგომარეობით, მეწარმეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი ან სასაწყობე მეურნეობა არ გააჩნია, ასევე არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ი/მ-ს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. მეწარმის მიერ 2021 წელს წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების თანახმად, 2021 წლის დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა
1 509 912 ლარი, რაც ასევე ასახულია 2021 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, პირი იმყოფებოდა ზარალზე. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, რამაც ქალის ტანსაცმელზე შეადგინა საშუალოდ 47%, მამაკაცის ტანსაცმელზე - 54%, ბავშვის ტანსაცმელზე - 64%. ი/მ-ს საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 54%, რაც გამოყენებულ იქნა არაიდენტიფიცირებად ტანსაცმელსა და თეთრეულზე. ყოველივე ზემოაღნიშნული გამომდინარე, შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 2 318 957 (დღ-ის გარეშე) ლარს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 105-ე, 159- ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №044-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23074 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა მათი საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარიხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ.
სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარატამენტში წარმოადგინეს ახსნა-განმარტება სადაც აღნიშნეს, რომ არ ეწეოდა საცალო რეალიზაციას, კერძოდ ციტირება: საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ------- საქონლის იმპორტი, ძირითად შემთხვევაში ე.წ ჩუსტების იმპორტი. რეალიზებული საქონლის ფასნამატი 2021 წელს შეადგენდა დაახლოებით 5-7%, თუმცა იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში საქონლის იმპორტისას საბაჟო ორგანოების მხრიდან ხდებოდა საქონლის ე.წ „აფასება“ იყო შემთხვევები, როცა უწევდა საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი რეალიზაცია (ვინაიდან მყიდველთან წინასწარ მქონდა შეთანხმებული სარეალიზაციო ფასი, რომელსაც მომჩივანი ვერ შეცვლიდა), ვინაიდან საქონელს არ ჰყიდდა საცალოდ, არ ჰქონდა სტაციონალური ობიექტი, ასევე ვინაიდან არ ჰქონდა საბრუნავი საშუალებები, საქონელს ყიდულობდა საბოლოო მყიდველების თანხებით, ანუ საქონლის შემოტანის მომენტში უკვე იცოდა, ვისზე მოახდენდა საქონლის რეალიზაციას და რა ფასად. სწორეს ამის გამო ჰქონდა პატარა ფასნამატი. ასევე ვინაიდან წინასწარ საქონლის შემოტანამდე იცოდა თუ ვინ იქნებოდა საქონლის მყიდველი საქონლის ნაშთი წლის ბოლოს არასდროს ჰქონია. ბუნებრივია არც საწყობი გააჩნდა, ვინაიდან მისი საჭიროება არ იყო. შესაბამისად კონკრეტულ წელს შემოტანილი საქონელი სრულად იყიდებოდა შემოტანის წელსვე. მომჩივანს წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება მიმდინარე საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით. დაზუსტების მიზნით, როგორც ახსნა-განმარტებაში აქვს აღნიშნული ეწეოდა მხოლოდ საქონლის საბითუმო რეალიზაციას, არ ჰქონდა სტაციონალური ობიექტი და საქონელი მყიდველზე ნაწილდებოდა პირდაპირ გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანიის, შპს --------- (ს.ნ ---------) კუთვნილი მანქანიდან. აღნიშნულს დაადასტურებს გადამზიდი სატრანსპორტო კომპანიის (იხ rs.ge ატვირთული ანგარიშ-ფაქტურები) შპს------------ს მძღოლი --------- (პ.ნ ---------), რომლის თვალწინ ხდებოდა მანქანიდან საქონლის დაცლა და გადაცემა მყიდველზე. შესაბამისად მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატამენტს იხელმძღვანელოს ანალოგიური პროფილის საწარმოების მიერ დადგენილი საბითუმო ფასნამატით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ
ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული. ინვოისების მიხედვით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 1 497 675 ლარი. ასევე, პირს 2020 წელს იმპორტირებული აქვს 700 ერთეული მანეკენები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიხედვით, ი/მ-ს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, რამაც ქალის ტანსაცმელზე შეადგინა საშუალოდ 47%, მამაკაცის ტანსაცმელზე - 54%, ბავშვის ტანსაცმელზე 64%. ი/მ-ს საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 54%, რაც გამოყენებულ იქნა არაიდენტიფიცირებად ტანსაცმელსა და თეთრეულზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 2 318 957 (დღგ-ის გარეშე) ლარს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 105-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მომჩივნის არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამგვარად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ტანსაცმელი და თეთრეული. ინვოისების მიხედვით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 1 497 675 ლარი. ასევე, პირს 2020 წელს იმპორტირებული აქვს 700 ერთეული მანეკენები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიხედვით, ი/მ-ს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);