გადაწყვეტილება №19573/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19573/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19573/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------“-ის 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19573/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დამატებით გამოვლენილი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №005-205 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7882 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 729.73 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო - 5 188

ჯარიმა - 2 581

საურავი - 1 960,73

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი სექტემბრის №22720 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთების, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისა და ასევე კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32927 ბრძანება და ამავე თარიღის №005-205 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7882 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მოითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და მიუთითებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა, რადგან საბუღალტრო პროგრამაში სრულიად გამჭვირვალედ და ნათლად არის ასახული დამფუძნებლის 23 119 ლარი, რომელიც არის ჩათვლილი როგორც დამფუძნებელზე გაცემული ხელფასი.

რეალურად არის დამფუძნებლის მიერ დროებით შეტანილი თანხა სალაროში, რომელიც მოხმარდა იჯარის თანხების გადახდას და შემდგომ პერიოდში დაუბრუნდა დამფუძნებელს, რაც გადახდის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება.

აღნიშნულ დაკავშირებით აუდიტორებს გადაეცა კომპანიის ხარჯების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები, მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით ხდებოდა იჯარის და სხვა ხარჯების გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს;

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაუდგინდა დამატებითი შემოსავლები, რაც ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი მოითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და მიუთითებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა, რადგან საბუღალტრო პროგრამაში სრულიად გამჭვირვალედ და ნათლად არის ასახული დამფუძნებლის 23 119 ლარი, რომელიც მოხმარდა იჯარის თანხების გადახდას და შემდგომ პერიოდში დაუბრუნდა დამფუძნებელს, რაც გადახდის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 05.05.2023 წლის №43020-21-14 წერილი, სადაც მითითებული შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა იყო არასრულყოფილი, ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა შესაბამისი სააღრიცხვო სტანდარტების მიხედვით, რის გამოც ვერ მოხერხდა დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და სალარო აპარატით რეალიზაციის გათვალისწინებით გაზარდა გადამხდელის შემოსავალი. ამასთან დამფუძნებლის მიერ კომპანიაში ფულადი შენატანის სახით განხორციელებული კაპიტალის ზრდა, შემოწმებისას დოკუმენტურად არ დადასტურდა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დამატებით გამოვლენილი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთების, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისა და ასევე კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7882 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").