ბრძანება N 13481

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.06.2024
№ დოკუმენტი 13481
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13481

07 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: -----------------------)

2024 წლის 27 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) 2024 წლის 27 მაისის №89881/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აპრილის №007-81 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საწარმოს დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. განმარტავს, რომ ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაცია სრულად კონტროლირებულია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე არსებული ხეტყის აღრიცხვის მოდულის მეშვეობით, საიდანაც სრულადაა შესაძლებელი შესაბამისი რაოდენობის ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაციის მონაცემების იდენტიფიცირება. აღნიშნავს, რომ მონაცემები ასახულია წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების წარდგენს შესაძლებლობას და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის №28122, 16 ნოემბრის №28267, 21 ნოემბრის №28693, 6 დეკემბრის №30605 და 22 დეკემბრის №32547 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 26 აპრილის №9779 ბრძანება და ამავე თარიღის №007-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 683 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 341 ლარი, ჯარიმა 5 303 ლარი, საურავი 2 039 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე დახერხილი ხის მასალის შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ------, ------. №--.

შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 317 255 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმების მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა 341 165 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის თანხები ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ასახული არ არის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამის მონაცემებში. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლებიდან გამომდინარე, შემოწმების მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 23 909 ლარით. ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში და როგორც არსებული მონაცემებით, ასევე, გადამხდელის მიერ დამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ რეალიზაციებთან დაკავშირებით დებიტორული დავალიანება არ ფიქსირდება, შემოწმების მონაცემებით მიღებული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, დაკვალიფიცრდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან. შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ პირის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 317 255 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმების მონაცემებით კი დადგინდა 341 165 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი თანხების საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად ასახვით. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისგან. შედეგად,ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში და ამასთან, პირს არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ხოლო მიღებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საწარმოს დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.ითხოვს შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების წარდგენს შესაძლებლობას და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №28122, №28267, №28693, №30605 და №32547 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №9779 ბრძანება და №007-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 683 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის თანხები ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ასახული არ არის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამის მონაცემებში. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლებიდან გამომდინარე, შემოწმების მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა . ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში და როგორც არსებული მონაცემებით, ასევე, გადამხდელის მიერ დამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ რეალიზაციებთან დაკავშირებით დებიტორული დავალიანება არ ფიქსირდება, შემოწმების მონაცემებით მიღებული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, დაკვალიფიცრდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან. შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);