ბრძანება N 3050

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2024
№ დოკუმენტი 3050
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3050

13 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველ თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86923/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №063-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ პანდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახდენდა გადასახადების სწორად დეკლარირებას, რის რისკსაც აცნობიერებდა და 2022-2023 წლებში დაიწყო საკითხის გასწორება, რასაც მოწმობს დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციები. 2023 წლის აგვისტოში დაზუსტებული დეკლარაციების საფუძველზე ბიუჯეტში გადახდილი იქნა 40 000 ლარზე მეტი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიას სურდა წლის ბოლომდე დღგ-ის ნაწილში აღმოეფხვრა ყველა ნაკლოვანება.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანია ახდენდა გაცემული ხელფასების დეკლარირებას. ამასთან, სამუშაოებს ასრულებდა ქვეკონტრაქტორების საშუალებით რისი ხელშეკრულებებიც გააჩნია.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებისას შესაძლებელია დაშვებული იყოს გარკვეული ტექნიკური უზუსტობები და ითხოვს სადავო საკითხების დამატებით გავლას აუდიტორებთან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23114 და 6 დეკემბრის №30522 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 დეკემბერს გამოსცა №32134 ბრძანება და №063-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 246 208 ლარით მათ შორის: გადასახადი 146 243 ლარი, ჯარიმა 80 577 ლარი და საურავი 19 388 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) რეგისტრირებულია 2012 წლის 18 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის თარიღია 2014 წლის 25 ივლისი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ტენდერებში მონაწილეობის გაზით დამკვეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების მომსახურების გაწევა. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი „----------“, ახსნაგანმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის (ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის), დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვენის სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით. საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები არიან ---------- გამგეობა, ---------- გამგეობა, ---------- მუნიციპალიტეტი, ---------- მუნიციპალიტეტი, ----------, ---------- მუნიციპალიტეტი, სსიპ ----------, სსიპ ----------, შპს,,----------“, შპს „----------“ და შპს „----------“, მათ შორის, სსიპ „----------“. შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია პროექტის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ UN ჭომენის გრანტის ფარგლებში და გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 1 116 314 ლარს, მათ შორის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 94 7282 ლარს, ხოლო ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა 169 031 ლარს. აღნიშნული შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემეს, სადაც აღმოჩნდა რომ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი, ფულის ნაშთის არ არსებობას ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტროინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადამხდელის დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი „----------“, ახსნაგანმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის (ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის), პირი დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც დადგენილი იქნა კომპანიის მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები და გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემეს და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტროინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადამხდელის დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერიდან, ახსნაგანმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის (ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის), პირი დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც დადგენილი იქნა კომპანიის მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები და გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემეს და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული.

2. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტროინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადამხდელის დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275; 279(1).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)