გადაწყვეტილება №27774/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27774/2/2026
15 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 03.09.2026 წელს, განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 13.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27774/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის N 125 -12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2026 წლის N 13980 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 334 572.08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 190 689 ლარი;
დღგ - 159 651 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 31 038 ლარი;
ჯარიმა - 95 344 ლარი;
საურავი - 48 539.08 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის მომსახურებას უწევს ----- ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია ----- საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით.
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის N 1603 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის პირველი აგვისტოდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 19 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია 01.01.2020 - 01.08.2023 საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზე გადამხდელს გაუუქმდა ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 27 აგვისტო. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 21 ტენდერში გამარჯვება, ჯამური ღირებულებით 1 067 719 ლარზე, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში მიღება - ჩაბარებები ფიქსირდება მხოლოდ 901 840 ლარზე. ამასთან, გადამხდელს აქვს გამარტივებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა არასატენდერო შემოსავლები. ტენდერები ძირითადად დადებულია ----- და ----- -----, -----, ----- ცენტრთან და სხვა. სატენდერო ხელშეკრულებებში შესყიდვის საგანს წარმოადგენს ავტოტექმომსახურება, თუმცა მიღება - ჩაბარებებში გამიჯნულია მომსახურებისა და საქონლის ღირებულებები, ასევე გარკვეული ტენდერები დადებულია მხოლოდ საქონლის მიწოდებაზე. როგორც ტენდერების გზით, ასევე კერძო პირებზე მიწოდებული მომსახურების/საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლები, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. 2023 და 2024 წლებში მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, გადამხდელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც იბეგრება საერთო წესით. ამასთან, ხარჯების ნაწილში, ვინაიდან გადამხდელს 2023 და 2024 წელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც დასტურდება დოკუმენტურად, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით დადგინდა სმფ-ების თვითღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესაბამის წელში გაწეულ ხარჯად. შედეგად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80, 81-ე, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N 11314 ბრძანება და N 125 -12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2026 წლის N 13980 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, 80-ე, 81-ე, 100-ე, 102-ე, 105-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული საქმიანობის სახე, კერძოდ, 2019 წლის 29 მარტიდან მეწარმეს მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე „ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია“. განმარტავს, რომ ევროკავშირის კომისიის რეგულაცია N 213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას და ყველა შესყიდვას ახლავს CPV-ს შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგება. ამდენად, მეწარმის მიერ სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ - ცალკე ლოტი რომ ყოფილიყო, ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს თან დაურთო მტკიცებულებად ხელშეკრულებები, სადაც ნათლად არის მითითებული შესყიდვის საგნის CPV კოდი 50100000 და ხელშეკრულების ღირებულება, რაც აღიარებული უნდა იყოს მეწარმის შემოსავლად და არა სათადარიგო ნაწილების ღირებულება, რომელიც პრეისკურანტის სახით თან ახლავს ყველა ხელშეკრულებას. აღნიშნულ ფასებს ადმინისტრაციული ორგანოები ბაზრის შესწავლის შედეგად განსაზღვრავენ და სათადარიგო ნაწილის ღირებულება მეწარმისთვის არის ხელშეკრულებით და არა თავისუფალი ფასით განსაზღვრული.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ერთადერთ არგუმენტად შემოსავლების სამსახურიდან დასახელდა მეწარმის მიერ პორტალზე შეცდომით ატვირთული სასაქონლო ზედნადებები. აცხადებს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ ევალება ბუღალტერიის წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოები ხელშეკრულებას ასრულებენ მიღება - ჩაბარების აქტებით. მეწარმე საკუთარი ინიციატივით წერდა სასაქონლო ზედნადებებს, საკითხში გაუცნობიერებლობა ჩანს იქიდანაც, რომ მომსახურების მიწოდებაც სასაქონლო ზედნადებით არის დაფიქსირებული. აუდიტორმა მიმდინარე შემოწმების დროს გაითვალისწინა წინა შემოწმებისას სამსახურის მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მხედველობაში არ მიიღო ზემოაღნიშნული არგუმენტები.
ამასთან, წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისას ანალოგიურად იქნა მცდარი მიდგომა გამოყენებული და ნაცვლად ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, ხელოვნურად გაზრდილ თანხებს დაერიცხა გადასახადი. ითხოვს დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას რეალური მონაცემების საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული 01.01.2020 - 01.08.2023 წლების საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გაუუქმდა ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 27 აგვისტო. სატენდერო ხელშეკრულებების მიხედვით შესყიდვის საგანს წარმოადგენს ავტოტექმომსახურება, თუმცა მიღება - ჩაბარებებში გამიჯნულია მომსახურებისა და საქონლის ღირებულებები, ასევე გარკვეული ტენდერების ფარგლებში განხორციელებულია მხოლოდ საქონლის მიწოდება. როგორც ტენდერების გზით, ასევე კერძო პირებზე მიწოდებული მომსახურების/საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლები, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს, 2023 და 2024 წლებში მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც დაიბეგრა საერთო წესით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არასწორად იქნა შეფასებული საქმიანობის სახე, კერძოდ, 2019 წლის 29 მარტიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. უთითებს ევროკავშირის კომისიის რეგულაციაზე N 213/2008 CPV, რომელიც განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი, მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა. ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ - ცალკე ლოტი რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს ხელშეკრულებები, სადაც ნათლად არის მითითებული შესყიდვის საგნის CPV კოდი 50100000 და ხელშეკრულების ღირებულება, რაც აღიარებული უნდა იყოს შემოსავლად და არა სათადარიგო ნაწილების ღირებულება, რომელიც პრეისკურანტის სახით თან ახლავს ყველა ხელშეკრულებას. აღნიშნავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ ევალება ბუღალტერიის წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოები ხელშეკრულებას ასრულებენ მიღება - ჩაბარების აქტებით. მეწარმე საკუთარი ინიციატივით წერდა სასაქონლო ზედნადებებს, საკითხში გაუცნობიერებლობა ჩანს იქიდანაც, რომ მომსახურების მიწოდებაც სასაქონლო ზედნადებით არის დაფიქსირებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო ხელშეკრულებების შესრულებაზე შედგენილ მიღება - ჩაბარებებში გამიჯნულია მომსახურებისა და საქონლის ღირებულებები, ასევე გარკვეული ტენდერების ფარგლებში განხორციელებულია მხოლოდ საქონლის მიწოდება. ამდენად, მომჩივნის მიერ ტენდერების ფარგლებში მიწოდებული მომსახურების/საქონლის ღირებულების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა და ერთობლივ შემოსავალში გათვალისწინება განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანის საქმიანობის შემოწმების შედეგად დადგინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის და საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადავიდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასაახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 275;.