გადაწყვეტილება №25262/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2025
№ დოკუმენტი 25262/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25262/2/2025

24 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 5.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25262/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №001-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10387 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 247 882,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 140 468,31

დღგ - 86 142,13

საშემოსავლო გადასახადი - 54 326,18

ჯარიმა - 67 059,10

საურავი - 40 354,93

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ველოსიპედების, ველოსიპედების ნაწილების და სხვადასხვა სათამაშოების იმპორტი ------- და მისი ადგილობრივი რეალიზაცია. მცირე მეწარმის სტატუსი გაუქმებული აქვს 1.01.2022 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.09.2017 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და დოკუმენტური რეალიზაციის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით აღრიცხული სასაქონლომატერილური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშდა საცალოდ სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც დოკუმენტური ფასებით სახეობების მიხედვით, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით, ასევე გაიზარდა ინდივიდუალური მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება დღგ და წლიური საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №001-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10387 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, მაგრამ ფასნამატთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება დოკუმენტური ფასები, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაავრცელოს საშუალო და არა უმაღლესი ფასები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაავრცელოს საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით და ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ხარჯის ოდენობას. მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს საქონლის შესყიდვის აქტები და ითხოვს მის გათვალისწინებას, ხოლო მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწყისი ნაშთის ოდენობას. მომჩივნის გაანგარიშებით, საწყისი ნაშთის რაოდენობები არის გაცილებით მცირე. გადამხდელის მოსაზრებით გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ 2021 წელს უცხოელ მომწოდებელზე თანხები გადახდილია უცხოური ვალუტის მაღალი და შესაბამისად, ლარის დაბალი კურსით, ხოლო საქონლის შემოსვლის მომენტში უკვე გვხდება განსხვავებული კურსი. მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ ნაწილში წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, საქონლის ფასის გაანგარიშებისას, გამოყენებულია შესამოწმებელ პერიოდში (2022-2025) წლებში დაფიქსირებული უმაღლესი ფასები და არა საშუალო. ეს ყოველივე არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობიდან.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით: არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაავრცელოს საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით და ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით (თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა იქნეს გამოყენებული), ასევე მისი (არაპირდაპირი მეთოდის) გამოყენების შემთხვევაშიც კი შემოსავლის დასადგენად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ინვენტარიზაციის ფასნამატი და არა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი.

მართალია, შემოსავლების სამსახურმა მისი პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და აუდიტს დაავალა საშუალო ფასის გამოყენება, თუმცა დაუსაბუთებლად მისცა უფლებამოსილება თვითონ აუდიტორმა განსაზღვროს საშუალო შეწონილი ფასისგან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასები და დართო ნება აღნიშნული გადახრილი ფასების გაუთვალისწინებლობისათვის, ისიც მხოლოდ დაბალი ფასის პირობებში, რაზეც მომჩივანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია გახდეს ინტერპრეტაციის საფუძველი. მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის ფასის გამოყენებას, რისი პრაქტიკაც მომჩივნის გამოცდილებით გააჩნიათ, როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს. თუმცა აღნიშნულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფიქრობს, რომ საშუალო შეწონილის ფასის გავრცელება დავალებული უნდა ყოფილიყო დამატებითი ინტერპრეტაციების გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა იქნეს გამოყენებული, ასევე მისი გამოყენების შემთხვევაშიც კი შემოსავლის დასადგენად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ინვენტარიზაციის ფასნამატი და არა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი.

საბჭოს აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10387 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაავრცელოს საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით და ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო მე-2 (ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ხარჯის ოდენობა) და მე-3 (საწყისი ნაშთის ოდენობა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა მათი პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და აუდიტს დაავალა საშუალო ფასის გამოყენება, თუმცა დაუსაბუთებლად მისცა უფლებამოსილება თვითონ აუდიტორმა განსაზღვროს საშუალო შეწონილი ფასისგან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასები და დართო ნება აღნიშნული გადახრილი ფასების გაუთვალისწინებლობისათვის, ისიც მხოლოდ დაბალი ფასის პირობებში, რაზეც მომჩივანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია გახდეს ინტერპრეტაციის საფუძველი. მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის ფასის გამოყენებას.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის დაფიქსირებულ პოზიციაზე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10387 ბრძანება მოიცავს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ იქნეს მიღებული საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი, როგორც მინუსიანი ასევე პლიუსიანი ფასნამატის მაჩვენებლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ი/მ-ის საქმიანობაა ველოსიპედების, ველოსიპედების ნაწილებისა და სხვადასხვა სათამაშოების იმპორტი და მისი ადგილობრივი რეალიზაცია. მცირე მეწარმის სტატუსი გაუქმებული აქვს 01.01.2022 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.09.2017 წლიდან. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა ნაწარმოები კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების, დოკუმენტური რეალიზაციისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით აღრიცხული სასაქონლო-მატერილური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშდა საცალოდ სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც დოკუმენტური ფასებით სახეობების მიხედვით, ჩაერთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით, ასევე, გაიზარდა ინდივიდუალური მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);