ბრძანება N 11960

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.06.2025
№ დოკუმენტი 11960
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11960

10 ივნისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2025 წლის 2 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომზე (ოქმი №42) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 2 მაისის №95435/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №227-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთს და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას და ითხოვს განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1630 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 10 მარტიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 აპრილის №6256 ბრძანება და ამავე თარიღის №227-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 352 053 ლარი, მათ შორის, გადასახადი 216 586 ლარი, ჯარიმა 105 478 ლარი, საურავი 29 989 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი იმპორტირებული ხილის (ძირითადად ბანანის) რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ მიერ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია 25 662 682 ლარის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) იმპორტირებული ხილი. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 22 463 197 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. წარმოდგენილია ცნობა ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან, ასევე, წარმოდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები მისივე გაანგარიშებით და ინფორმაცია დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ოდენობის თაობაზე.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გათვალისიწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ს ნაშთების ოდენობა, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 0 ლარს, გათვალსწინებულია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და ჩამოწერილი სმფ-ს ოდენობები, ასევე, განსაზღვრულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი შპს „----------“ მიერ რეალიზაციის დოკუმენტების შესაბამისად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს-საშ. 3.9%, 2023 წელს საშ. 6% და 2024 წელს საშ. 6.5%. ნაცვლად დეკლარირებული 2,44%, 2,6% და 4.7%-ისა. აღნიშნულის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა მესამე პირებისაგან და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 500 000 ლარი (625 000 დარიცხული). შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებისაგან დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ინფორმაცია მოწოდებულია სრულად, რაც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას.

ზემოაღნიშნულის და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, 2024 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშდა და შედეგად დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის პერიოდი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ იგი ძირითადად ახორციელებს „Dole“-ს ფირმის ბანანის შეძენა/რეალიზაციას. „Dole“-ს ფირმის ბანანის ყუთებზე დატანილ სხვა სარეკლამო ინფორმაციასთან ერთად დატანილია ყუთში საქონლის ნეტო სარეალიზაციო წონა 19 კგ, ერთეული ბანანის ნომინალური სიგრძე 20 სმ და ასხმების რაოდენობა ყუთში 42 ერთეული. მიუხედავად არსებული საინფორმაციო ბაზისა შემმოწმებლის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სადისტრიბუციო კომპანიიდან ყუთებში წონის შესახებ. რატომღაც სადისტრიბუციო კომპანიისაგან მოწოდებულ განმარტებაში ერთ ყუთში ბანანის წონად ფიქსირდება უფრო მეტი ვიდრე მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ნეტო სარეალიზაციო რაოდენობაა. შემოწმების მიერ ერთი ყუთის ნეტო სარეალიზაციო რაოდენობა ნაცვლად მწარმოებლის მიერ განსაზღვრული 19 კგ.-ისა გაანგარიშებაში აღებულია 19,5 კგ. ე.ი 0,5 კგ მეტი. შესაბამისად, ფასნამატის გაანგარიშების დროს ერთი ყუთი „Dole“-ს ფირმის ბანანის რეალიზაციისას ფასნამატის გაანგარიშების დროს ამონაგები ერთ ყუთ ბანანზე ნაცვლად 19 კგ ბანანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა, აღებულია 19,50 კგ ბანანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, რამაც არსებითად გაზარდა ფასნამატის მაჩვენებელი. საწარმოსთვის უცნობია ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენი კილოგრამი ბანანია ყუთში მწარმოებლის საწყობიდან საქონლის მოწოდებისას, თუმცა ყურადსაღებია ის ფატობრივი გარემოება, რამდენად მეტად შედის ბანანი სიმწიფეში, იმდენად კლებულობს წონაში და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მწარმოებლის მიერ მოწოდებული საქონლის შეფუთვაზე (ყუთი) დატანილია მოწოდებული საქონლის რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელიც ექნება საქონელს მისი სარეალიზაციო ქსელში გაშვებისას და თუ სადისტრიბუციო კომპანიის მოწოდებისას საქონელი იყო მწვანე, ე.ი. იყო არასრულ სიმწიფეში. შესაბამისად, მას შეიძლებოდა ჰქონოდა უფრო მეტი წონა ვიდრე 19 კგ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქონლის წონა მისი რეალიზაციისას უპირობოდ უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე 19 კგ. რაც განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ. აღნიშნულმა, გამოიწვია ფასნამატის უსაფუძვლო ზრდა და შესაბამისად კუთვნილზე უფრო მეტი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის, რომ ბანანი არის პროდუქტი, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ განიცდის გადამწიფებას, ვიზუალურ ცვლილებას უარყოფითი მხრივ, შესაბამისად მათი მიღებიდან რამოდენიმე დღეში ის რადიკალურად განსხვავდება იმ მდგომარეობიდან რომელიც მას ქონდა თავდაპირველად, რაც რა თქმა უნდა ფასზეც აისახება და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებებლი ნებისმიერ სამარკეტო ქსელში, ბანანი როცა იწყებს გადამწიფებას უკლებლივ ყველა მარკეტში მისი ფასი თავდაპირველი ფასისგან განსხვავდება და ღირებულება კლებულობს. ამავეს ადასტურებს იდენტიფიცირებადი გაყიდვები, სადაც ხშირ შემთხვევაში ბანანის გაყიდვები რამოდენიმე დღის შემდეგ შედარებით მცირე ღირებულებით ხდება, შესაბამისად შემმოწმებელს ლოგიკურად უნდა განესაზღვრა ის რომ არაიდენტიფიცირებად გაყიდვებზეც პროდუქციის ნაწილის ღირებულება განესაზღვრა შედარებით იაფად, პროპორციულად იდენტიფიცირებადი გაყიდვების დროს არსებული სხვაობით და ზუსტი ღირებულება არ უნდა განესაზღვრა 19 კილოგრამზე ერთი და იმავე ფასით. ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული საქონელი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებით განსაზღვრულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი შპს „-------“ მიერ რეალიზაციის დოკუმენტების შესაბამისად. ამასთან, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს- საშ. 3.9%, 2023 წელს საშ. 6% და 2024 წელს საშ. 6.5%. ნაცვლად დეკლარირებული 2,44%, 2,6% და 4.7%-ისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს ყველა დოკუმენტური რეალიზაცია (მ.შ. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დოკუმენტით რეალიზებული) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთს და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. არგუმენტები წარმოდგენილი აქვს პირველი სადავო საკითხის განხილვისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დააკორექტიროს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებთ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს ყველა დოკუმენტური რეალიზაცია (მ.შ. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დოკუმენტით რეალიზებული) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დააკორექტიროს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთს და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. გადამხდელი ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას და ითხოვს განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის საქმიანობის სახეა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი იმპორტირებული ხილის რეალიზაცია.შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია 25 662 682 ლარის ღირებულების იმპორტირებული ხილი. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 22 463 197 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გათვალისიწინებულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ს ნაშთების ოდენობა, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 0 ლარს, გათვალსწინებულია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და ჩამოწერილი სმფ-ს ოდენობები, ასევე, განსაზღვრულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი გადამხდელის მიერ რეალიზაციის დოკუმენტების შესაბამისად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს-საშ. 3.9%, 2023 წელს საშ. 6% და 2024 წელს საშ. 6.5%. ნაცვლად დეკლარირებული 2,44%, 2,6% და 4.7%-ისა. აღნიშნულის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებისაგან დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ინფორმაცია მოწოდებულია სრულად, რაც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. ზემოაღნიშნულის და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, შემოწმებით,სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადამხდელს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, 2024 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. სსკ-ის 178-ე მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშდა და შედეგად დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის პერიოდი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს ყველა დოკუმენტური რეალიზაცია და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება .

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დააკორექტიროს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება

3.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164,269(7),275.