ბრძანება N 21527
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21527
02 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2024 წლის 15 აგვისტოს №91463/1/2024 და №91462/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №041-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სარეალიზაციო ობიექტი და ახორციელებს მხოლოდ დისტრიბუციას, რომლითაც ამარაგებს სხვადასხვა იურიდიულ პირს. განმარტავს, რომ მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე შემოსავლის 100% მიღებულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. აცხადებს, რომ თანხების დარიცხვა განაპირობა ბუღალტრის არაკვალიფიციურობამ, კერძოდ, ბუღალტერმა შეცდომით ზედმეტი რაოდენობის ჩეკი გამოწერა, რის გამოც არასწორად წარადგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ შესყიდვის აქტებზე და ითხოვს მეწარმის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე ერთობლივი შემოსავლის გადაანგარიშებას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცდოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13183 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 14 იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 ივლისის №17265 ბრძანება და ამავე თარიღის №041-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 588 975 ლარი, მათ შორის, გადასახადი 391 145 ლარი, ჯარიმა 148 077 ლარი, საურავი 49 753 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საქონლის და მცირე რაოდენობით ცხვრის ხორცის შესყიდვა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს გააჩნია ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ მეწარმეს რეალიზაციები უფიქსირდება 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდიდან, ასევე, შესყიდვის აქტებიც ამავე პერიოდიდან არის წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ობიექტი პროდუქციის რეალიზაციისთვის, ახორციელებს მხოლოდ დისტრიბუციას, კერძოდ, საქონელი შეაქვს სხვადასხვა მაღაზიასა და ბაზარში. გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტით ყიდულობს ადგილობრივი საქონლის და ცხვრის ხორცს, ხოლო ე.წ. „ბოინის“ (სასაკლაო) მომსახურებას თავად იხდის. მეწარმის ახსნა-განმარტებით საქონლისა და ცხვრის მხოლოდ ტან-ხორცის შესყიდვა ხორციელდება, ხოლო ნარჩენები (თავ-ფეხი, ტყავი და ა.შ.) უბრუნდება საქონლის მეპატრონეს, შესაბამისად, შესყიდვის აქტებში მითითებულია მხოლოდ ტან-ხორცის საფასური, რომელიც განსხვავდება ხორცის ხარისხის, ცხიმის შემცველობის, საქონლის ასაკის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 3%-ს, ხოლო 2023 წელს 2%-ს. მეწარმეს 2022-2023 წლებში საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთები არ გააჩნია, ასევე, მისივე ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 და 2023 წლების ფასნამატები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან (2022 წელს გამოვლინდა 9.8%, ხოლო 2023 წელს 160%-მდე).
გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით 2023 წლის შესყიდვის აქტებში ტან-ხორცის ჯამურ წონაზე შეცდომით არის დამატებული შიდა გადაზიდვებში არსებული წონა, ასევე, გამოგზავნილია 2023 წელს შესყიდული საქონლის ექსელის ცხრილი, სადაც შეცვლილია ერთეულების ფასები, კერძოდ, ნაცვლად 5-10 ლარისა, დაფიქსირებულია 13-19 ლარი, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლების შესყიდვის აქტებში არ არის დაფიქსირებული ფიზიკური პირების პირადი ნომრები.
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს (არ არის მითითებული პირადი ნომრები, ასევე, მეწარმის ახსნა-განმარტებით შესყიდვის აქტებში შეცდომით არის მითითებული საქონლის რაოდენობები და ღირებულებები), შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ობიექტი პროდუქციის რეალიზაციისთვის და ახორციელებს მხოლოდ დისტრიბუციას. გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტით ყიდულობს საქონლის და ცხვრის მხოლოდ ტან-ხორცს, ხოლო ნარჩენები (თავ-ფეხი, ტყავი და ა.შ.) უბრუნდება საქონლის მეპატრონეს, შესაბამისად, შესყიდვის აქტებში მითითებულია მხოლოდ ტან-ხორცის საფასური. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 3%-ს, 2023 წელს 2%-ს, ხოლო შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 და 2023 წლების ფასნამატები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან (2022 წელს გამოვლინდა 9.8%, ხოლო 2023 წელს 160%-მდე).
გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, 2023 წლის შესყიდვის აქტებში ტანხორცის ჯამურ წონაზე შეცდომით არის დამატებული შიდა გადაზიდვებში არსებული წონა, ასევე, შემოწმებისთვის მიწოდებულია 2023 წელს შესყიდული საქონლის ექსელის ცხრილი, სადაც შეცვლილია ერთეულების ფასები, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლების შესყიდვის აქტებში არ არის დაფიქსირებული ფიზიკური პირების პირადი ნომრები.
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ამასთან, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს, შემოწმებამ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ შესყიდვის აქტებსა და საჩივარზე თანდართული შესყიდვის აქტები განსხვავდება, კერძოდ, აღნიშნულ აქტებში მითითებულია სხვადასხვა ფიზიკური პირები. ასევე, დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები ნოტარიულად არ არის დამოწმებული, ხოლო შემოწმების პროცესში წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში არ არის დაფიქსირებული ფიზიკური პირების პირადი ნომრები. ამასთან, შეცვლილია (ნაკლებია) შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება შემოწმების პროცესში წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან მიმართებაში (საჩივარზე თანდართულ შესყიდვის აქტებში საქონლის დაახლოებით იგივე რაოდენობა ფიქსირდება რაც რეალიზაციის ზედნადებებში, ხოლო დეკლარირებული საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები ნულის ტოლია).
შესაბამისად, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული შესყიდვის აქტები არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველს. ამასთან, შემოწმების მიერ შესყიდული სმფ-ის ხარჯებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს (არ იყო მითითებული პირადი ნომრები, ასევე, გადასახადის გადამხდელის ახსნა - განმარტებითაც შეცდომით არის მითითებული შესყიდვის აქტებში საქონლის რაოდენობები და ღირებულებები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დეკლარირებული შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 75%.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ხარჯებში დეკლარირებული შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 75%-ის გათვალისწინება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცდოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს (არ არის მითითებული პირადი ნომრები, ასევე, მეწარმის ახსნა-განმარტებით შესყიდვის აქტებში შეცდომით არის მითითებული საქონლის რაოდენობები და ღირებულებები), შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 80; 102; 105; 72; 269 (7).