ბრძანება N 15634
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15634
03 ივლისი 2023
------------- (ს/ნ ------------)
( მის.: -------------)
2023 წლის 7 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ---------- (ს/ნ ----------; პას/ნ ----------) №96887/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №EL211161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ უკრაინიდან საომარი მდგომარეობის გამო ოჯახთან ერთად წამოვიდა და საქართველოში. ოჯახი და ავტოსატრანსპორტო საშუალება აქ დატოვა, თვითონ მეზღვაურია და გაემგზავრა შორეულ ნაოსნობაში. არასწორად იყო ინფორმირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში ყოფნის ვადებთან დაკავშირებით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 მაისს იგორ ვოიტენკომ მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოში შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რეგისტრაციის ნომერი №---------- VIN: ----------) დროებით შემოტანის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით.
მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე (№----------) დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 7 სექტემბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2022 წლის 6 დეკემბერი, რისი შესრულებაც არ ფიქსირდება.
ვინაიდან, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ იყო განხორციელებული ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: ----------) საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე 2023 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა №EL211161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზ
დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.
გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ---------- (ს/ნ ----------; პას/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 29 მაისის №EL211161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ იყო განხორციელებული მომჩივანის ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული. გამოვლენილ ფაქტზე პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2023 წლის 29 მაისის №EL211161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1,15);165;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი.