ბრძანება N 12968
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12968
31 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ყოფ. შპს „-------”) (ს/ნ -------)
ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, ------- )
2024 წლის 22 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 და 23 მაისის სხდომებზე (ოქმები №51; №54) განიხილა შპს „-------“-ის (ყოფ. შპს „-------”) (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 22 აპრილის №67655/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №081-150 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიას არ ჰქონია არანაირი დავალიანება. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ მასთან კომუნიკაციის შედეგად არ გახდებოდა საჭირო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად 2024 წლის 28 მარტს შპს „-------“-ის (ყოფ. შპს „-------”) (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) მონაწილეობით განხორციელდა შპს „-------“- ის (ს/ნ -------) მიმართ შედგენილი 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის 2023 წლის 26 ივლისის N081-150 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 26 ივლისის N18168 ბრძანების დათვალიერება. ყოველივე აღნიშნულზე შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების გზით ------- (პ/ნ -------) სრულად იყო ინფორმირებული ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ, კერძოდ, 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 26 ივლისის N18168 ბრძანების და N081-150 საგადასახადო მოთხოვნის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.
საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, რა დროსაც საწარმოს ხელმძღვანელ პირს (დირექტორს) წარმოადგენდა ფ/პ ------- (პ/ნ -------), შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის №1872 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ყოფ. შპს „-------”) (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 ივლისის №18168 ბრძანება და ამავე თარიღის №081-150 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 462 938 ლარი, მათ შორის გადასახადი 241 995 ლარი, ჯარიმა 162 597 ლარი და საურავი 58 346 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2014 წლის 25 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2019 წლის 26 ნოემბერს. 2023 წლის 3 აპრილს მოხდა შპს „-------“-ის 100% წილის გადაფორმება ახალ მფლობელზე. შპს „-------“ ახორციელებდა ყიდვა-გაყიდვის საქმიანობას, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებას და მათ რეალიზაციას. საქონლის შეძენას ახდენს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს იჯარით ჰქონდა აღებული ფართი, სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ასლი ვერ იძლევა დაბეგვრის ობიექტის დადგენის საშუალებას, კონკრეტული პროდუქციის წარმოებაზე რა სახის და რაოდენობის მასალები გაიხარჯა. ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით ვერ მოხერხდა წარმოების დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, ამიტომ გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი. აქედან გამომდინარე ზედნადებებით შეძენილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობაზე, რომელსაც გადამხდელი იყენებს წარმოებაში, გავრცელდა 40 პროცენტიანი ფასნამატი, ხოლო იმ პროდუქციაზე რომლის დოკუმენტური შეძენა/რეალიზაციის დაკავშირება მოხდა გამოყენებულია დოკუმენტური ფასნამატი. დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვაში ასევე გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებები. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) შპს „-------“-ის (ს/ნ -------)-ის მიერ დეკლარირებული ბრუნვები, დაერიცხება დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
● შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. გადამხდელის განმარტებით დაქირავებული ჰყავდათ 6 თანამშრომელი, რომელთა შესახებ ინფორმაცია ან შრომითი ხელშეკრულება არ წარმოუდგენიათ, არც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებია წარდგენილი. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გადამხდელის განმარტებით ზედნადებების, ანგარიშ - ფაქტურებისა და იჯარის ხელშეკრულების გარდა სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. გამოვლენილი სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს (ს/ნ -------) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
● საწარმოს 2020 წლის ივნისში უფიქსირდება ძირითადი საშუალების შეძენა, შემოწმებით დადგენილი ქონების მიხედვით გაანგარიშებულია დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა,აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორსა და მფლობელთან ფ/პ ------- განხორციელდა სატელეფონო საუბარი, ასევე, მას მიეწოდა ინფორმაცია შემოწმებისთვის წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესახებ. ვინაიდან გადამხდელმა ვერ შეძლო შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული სადავო საკითხები, კერძოდ, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ყოფ. შპს „-------”) (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახორციელებდა ყიდვა-გაყიდვის საქმიანობას, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებას და მათ რეალიზაციას, იჯარით აღებულ ფართში. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნული ვერ იძლევა დაბეგვრის ობიექტის დადგენის საშუალებას, კონკრეტული პროდუქციის წარმოებაზე რა სახის და რაოდენობის მასალები გაიხარჯა. ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდით, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) დეკლარირებული ბრუნვები, დაერიცხება დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელს დაქირავებული ჰყავდა თანამშრომელები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ან შრომითი ხელშეკრულება არ წარმოუდგენიათ, არც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებია წარდგენილი. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს 2020 წლის ივნისში უფიქსირდება ძირითადი საშუალების შეძენა, შემოწმებით დადგენილი ქონების მიხედვით გაანგარიშებულია დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 201; 205; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;